logo_geo
eng_logo
სოსო ცინცაძე: ბურჭულაძის გარემოცვისთვის მთავარია, პარლამენტარობა და მინისტრობა გაინაღდონ!
- +

12 მაისი. 2016. 16:53


„პაატა ბურჭულაძის მიერ ამ ასაკში პოლიტიკის ათვისება და გაპოლიტიკოსება ძალიან რთულია", - ამის შესახებ „რეპორტიორს" პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განუცხადა. მისი თქმით, ბურჭულაძეს შესაძლოა, გააჩნდეს ქვეყნის დახმარების სურვილი, მაგრამ მას ამისთვის არ გააჩნია არც საჭირო პოლიტიკური გამოცდილება და არც ის გარემოცვა ჰყავს, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობის საკითხს პრიორიტეტად მიიჩნევს.



„კლასიკური დემოკრატიის პოლიტიკური ცხოვრების სიმწიფეში შესული სახელმწიფოსთვის უცხოა ცნობილი სპორტსმენების, მწერლების, მეცნიერების, მსახიობების, შემოქმედებითი მუშაკების გაპოლიტიკოსება. ასეთი რამ არ არის დამახასიათებელი მწიფე დემოკრატიული ქვეყნებისთვის. ეს ეგზოტიკაა, ლირიკული გადახვევაა კლასიკური პოლიტიკური ცხოვრების ნორმებიდან. გარდამავალ ვითარებაში მყოფი საქართველოსთვის, სადაც, უხეშად რომ ვთქვათ, პოლიტიკაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ასეთი გადაწყვეტილებები არ არის უცხო. პაატა ბურჭულაძეს არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება და მდგრადი პოლიტიკური პროგრამა. მას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ კეთილშობილი სურვილი, დაეხმაროს თავის ქვეყანას", - განაცხადა პოლიტოლოგმა.



ცინცაძის თქმით, ბურჭულაძის გარემოცვის მთავარი მიზანი თანამდებობები, კარიერა და პირადი კეთილდღეობაა.



„საინტერესოა მისი გარემოცვა. ისე, არა მგონია, ბურჭულაძემ თავი დაანებოს თავის მთავარ პროფესიას და მთლიანად გადაეშვას პოლიტიკაში და დღეში 24 საათი მხოლოდ პოლიტიკით იყოს დაკავებული. ის თავად კი არის ახალი სახე პოლიტიკაში, მაგრამ მის გარემოცვაში ვერ ვხედავ ახალ სახეებს, კრეტიულ ადამიანებს. ყველამ კარგად ვიცით, რასაც წარმოადგენენ ეგენი, 3-3 პარტია და „პატრონი" ჰყავთ უკვე გამოცვლილი და ამიტომ მათგან ახალი ხედვები, კრეატიული მიდგომები ძნელი წარმოსადგენია. ლიდერს შესაძლოა კეთილშობილური სურვილები ამოძრავებდეს, მაგრამ მის გარემოცვას - მხოლოდ კარიერა,  მხოლოდ პარლამენტის წევრობა.  ბურჭულაძე 3-4 წლის წინ ალბათ არც იცნობდა თავის პოლიტიკურ „მარჯვენა ხელებს", დღეს კი უკვე მისი თანამოაზრენი არიან! გარემოცვაში ვერ ვხედავ ადამიანს, რომელსაც შეუძლია რაღაც ახალი იდეების გენერირება. მათთვის მთავარია, პარლამენტარობა, მინისტრობა გაინაღდონ", - განაცხადა ცინცაძემ.



პოლიტოლოგის აზრით, საჭიროა, ქართველი ხალხი გათავისუფლდეს ბელადომანიის ტყვეობიდან და ერთი ადამიანის გადარჩენის იმედზე აღარ იყოს.



„ჩვენი ხალხი ვერადავერ გამოვიდა ამ ბელადომანიის ტყვეობიდან.  დღეს ზოგს პაატა მესიად წარმოუდგენიათ, რომელიც გვიშველის. ჩემთვის ეს მძიმედ ასატანია! ასეთი მიდგომა შუასაუკუნეებს მაგონებს. რელიგიური პოსტულტი, რომ ვიღაც მხსნელი მოვა, ეს ტრაგედიაა პოლიტიკაში. მერამდენე მესიის იმედზე უნდა ვიყოთ?! ნაცვლად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება გააქტიურდეს, ისევ პიროვნებების იმედად რჩება. მოკლედ, ჩვენი საზოგადოება იღებს იმას, რაც მან დაიმსახურა!", - განაცხადა ცინცაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner