„ანტიკორუფციული სამიტი არის კარგი შესაძლებლობა, საქართველო წარმოვაჩინოთ, როგორც რეგიონში მოწინავე ქვეყანა, მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტების დამკვიდრების კუთხით და ვისაუბროთ ჩვენს მიღწევებსა და კორუფციის დაძლევის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია და საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი, საერთაშორისო პლატფორმაზე განმტკიცდეს.
„ანტიკორუფციული სამიტის ფარგლებში განიხილება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, რათა მიღწეულ იქნას მსოფლიოში სამი ძირითადი პრინციპი - გამჭვირვალობა, საერთაშორისო ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულება და ამ კუთხით ახალი ინიციატივები და კულტურული ცვლილება იქ, სადაც კორუფციის საკმაოდ ძლიერი კულტურაა. ჩვენ გვექნება საშუალება, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზეა წარმოდგენილი, გავაცნოთ საქართველოს პრაქტიკა ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა, სადაც არ არის ასეთი მაღალი სტანდარტები, ვეღარ შეძლონ გამოიყენონ მოკლევადიან კონკურენტულ უპირატესობად მათთან ამ კუთხით არსებული გაუმჭვირვალობა. სამიტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ოფშორული ანგარიშები ხშირად გამოიყენება ნარკოტიკებისა და იარაღით უკანონო ვაჭრობისა და სხვადასხვა უკანონო გზებით მიღებული ფულის აკუმულაციისთვის, რაც შემდგომში ხშირად ტერორისტულ აქტივობას ხმარდება. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გარეშე, შეუძლებელი იქნება ერთიანი სტანდარტის მიღწევა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ დევიდ ქემერონის ინიციატივა, ჩაეტარებინა პირველი ასეთი სამიტი, ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამას ექნება ძალიან კონკრეტული შედეგები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კარგი იქნება, თუ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, საერთაშორისო მასშტაბით უფრო მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტები დამკვიდრდება. უკვე არსებობს განცხადების პროექტი, რომელსაც სამიტის მონაწილეები მიიღებენ. დოკუმენტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ იმუშავა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა ორმხრივ შეხვედრებზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის და საგარეო მდივანთან არსებული თანამშრომლობის ფორმატების განხილვას გეგმავს.
„გაერთიანებული სამეფოს მხრიდან გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით და ვფიქრობთ, ამ ფორმატების შემდგომი გაფართოება საქართველოს ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს კანონის უზენაესობა, განამტკიცოს ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობა, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოში ცხოვრების ხარისხს თვისობრივად შეცვლის", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.