საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
2018 წლის 12 სექტემბერს აფრიკის რესპუბლიკაში, ქ. იოჰანესბურგში გამართულ ასოციაციის 23-ე ყოველწლიური კონფერენციისა და გენერალური შეხვედრის ფარგლებში, კომიტეტის წევრად გიორგი გოგაძის კანდიდატურა ერთხმად დაამტკიცეს.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია მსოფლიოს 177 ქვეყნის საპროკურორო უწყებას და 3000-ზე მეტ ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ორგანიზაციის ადმინისტრაციული და მართვის ორგანოა აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც ასოციაციის საქმიანობის ზოგად კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებს, ასოციაციის ყოველწლიურ ბიუჯეტს, ასევე ყოველწლიურ სამუშაო პროგრამის/სამოქმედო გეგმას ამტკიცებს, ასოციაციის წევრობის მსურველთა განცხადებებს განიხილავს და სხვ.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია და გენერალური შეხვედრა ასოციაციის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი შინაარსის მქონე ღონისძიებაა. შეხვედრაში მონაწილეობენ საპროკურორო უწყებების ხელმძღვანელი პირები, რიგითი პროკურორები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც სისხლის სამართლის პოლიტიკის მიდგომების შემუშავებისა და სხვა საკითხების შეჯერების მიზნით კონფერენციის თემატიკასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.