ავტორი მარიამ წიგნაძე
„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე „რეპორტიორთან" საუბრობს და აცხადებს, რომ პატარ-პატარა პოლიტიკური პარტიები შეივსება „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებით და ამ გზით შეეცდებიან, დაამარცხონ „ქართული ოცნება".
„მე ადრეც განვაცხადე, რომ უამრავი ახალი პოლიტიკური პარტია შეიქმნება, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" იქნება კავშირში. ყველა ეს პარტია, მაგალითად, „გირჩი", პაატა ბურჭულაძის, ვაშაძის (როგორც ცნობილია, აპირებენ პარტიების ჩამოყალიბებას) დაკავშირებულები არიან ოდესასთან. გაბაშვილიც ალბათ გავა „ნაციონალური მოძრაობიდან". შეიქმნება პარტიები და ეს ყველაფერი გამიზნულია იმისთვის, რომ შემდგომში ეს პარტიები გაივსოს „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებით. ისეთ სურათს წარმოადგენენ, თითქოს ყველა „ქართული ოცნების" წინააღმდეგ არის.
დაპირისპირება ყოველთვის იყო „ნაციონალურ მოძრაობაში", ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს არსებობდა პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ. თუმცა, ყველაფერი გამიზნულია არა იმისთვის, რომ დაიშალონ, არამედ გაიშალონ. ისინი მიხვდნენ, რომ 2003 წელში მხოლოდ „კმარათი" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობით" შესაძლებელი იყო ხელისუფლების მოცილება, დღეს კი ერთი-ორი პარტიით და არასამთავრობოებით შეუძლებელია „ქართული ოცნების" დამარცხება, ამიტომ ცდილობენ, რომ მეტნი იყვნენ და მეტად გამრავლდნენ", - განაცხადა მჟავანაძემ.