ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შევიდა.
გულორდავას თქმით, ის ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას იცნობს, თუმცა მისგან რაიმე თანხა არ მიუღია.
„რაც არის რეალობა იმ ინფორმაციის მიწოდებას ვაპირებს სუს-სთვის. გამოძიებასთან ვითანამშრომლებ. ზურაბ კვირკვიას ვიცნობ, მასთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა, რამდენჯერმე შევხვდი კიდეც. ბოლოს დაახლოებით სამი თვის წინ შევხვდი“, - განაცხადა გულორდავამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. დღეს კი უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს უკვე ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა.
ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი კვირკვია მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. გია გულორდავას საგამოძიებო უწყებაში შეკითხვებს, სავარაუდოდ, ფარული ჩანაწერების შესახებ დაუსვამენ.