logo_geo
eng_logo
აშშ-ში ქარიშხალ ფლორენსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა
- +

16 სექტემბერი. 2018. 02:06

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ ფლორენსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. „Washington Post“-ის ინფორმაციით, ყველა დაღუპული ჩრდილოეთ კაროლინის მცხოვრები იყო. მათ შორის არიან დედა და ახალშობილი. მათ ავტომობილს ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხე დაეცა. ადგილზე მისულმა ექიმებმა დედისა და შვილის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

 

ტროპიკულმა შტორმმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმა, ქარი და წყალდიდობა გამოიწვია. ჩრდილოეთ კაროლინის შტატში წყლის დონე ამ დრომდე მატულობს. იგივე მდგომარეობაა მეზობელ სამხრეთ კაროლინაშიც.

 

ამ მომენტისთვის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინების შტატებში მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ბოლო ერთ დღეში მაშველებმა 400-მდე ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა ამ დრომდე რჩება 300-ზე მეტი პირი, რომლებსაც დაუყოვნებელი ევაკუაცია ესაჭიროებათ.

 

ქარიშხალი ფლორენსის სიმძლავრეს ახლა ყველაზე დაბალ, პირველ კატეგორიას მიაკუთვნებენ. უახლოეს მომავალში, სინოპტიკოსები მის კიდევ უფრო შესუსტებას პროგნოზირებენ, თუმცა სტიქიის ეპიცენტრში ძლიერი წვიმა ამ დრომდე მოდის, რაც გარკვეულ ადგილებში წყალმოვარდნას იწვევს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner