სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული პირი სავარაუდოდ ბიზნესმენ კვირკვიას დაცვის უფროსი და „ტყის ძმების“ მეთაურის დაცვის ყოფილი უფროსია. ამ წუთებში ზუგდიდში, სუს-ის შენობაში გამოკითხვაზე დაკავებულის მეუღლე ხათუნა ფიფია შევიდა. შენობაში შესვლამდე, ჟურნალისტების კითხვაზე - არის თუ არა მისი მეუღლე დაკავებული, მან უპასუხა, რომ არაფერი არ იცის.
„არაფერი ვიცი. დამიბარეს დღეს და მოვედი“, - აღნიშნა ფიფიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული დაკავება უკავშირდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და მისი მოადგილის გია გულორდავას მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას.