„სააკაშვილის განცხადებები აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. გაუგებარია, რა მტკიცებულებებს ემყარება, როცა კორუფციაში ჩემს მონაწილეობაზე მიანიშნებს. ბოლო დროს ოდესის გუბერნატორი ყველას მისამართით უცნაურ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს... უკრაინაში სააკაშვილისთვის ოპოზიციაში გადასვლა და ამ გზით პრემიერად მოსვლა ძნელი იქნება. მოგეხსენებათ, უკრაინაში კოალიციური ხელისუფლებაა, სადაც, ძირითადად, ორი პოლიტიკური ძალის ინტერესებია გაერთიანებული. არარეალურია, რომ სიდიდით მეორე ფრაქციამ საკუთარ კვოტაზე უარი თქვას და იაცენიუკის თანამდებობაზე სააკაშვილი დაინიშნოს"- აცხადებს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ბოლო დროს სააკაშვილი უცნაურ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს".
„ამ ვითარებას სააკაშვილიც საღად აფასებს. ვერ ვიტყვი, რომ ოდესაში წარუმატებელი აღმოჩნდა, მან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ოდესელებისთვის უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად. უკრაინაში კორუფციულ კლანებთან ბრძოლა არც ისე იოლია. სააკაშვილთან დაკავშირება არასდროს გამჭირვებია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ახლა არაფრის გარკვევა არ მიცდია. ვერც ვიკადრებდი მისთვის კითხვების დასმას. არ ვიცი, იაცენიუკის გუნდის წევრად რომ მომიხსენია. ეს პოლიტიკური ეჭვიანობის გამო ხდება, თუ სააკაშვილს მცდარ ინფორმაციას აწვდიან... მე პროცესებს ასე ვუყურებ: უკრაინას რეფორმები სჭირდება, ამიტომ ფლანგებად დაყოფა საქმეს არ არგებს. იაცენიუკი უკრაინის პრემიერია, მე კი - მთავრობის წევრი. როგორ ფიქრობთ, სხვების საამებლად უკრაინისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს მივიღებ? ვიცი, ამას არც სააკაშვილი ელოდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე კვიტაშვილი.
„ადრე მე ვაპირებდი თანამდებობიდან გადადგომას, განცხადება პარლამენტშიც შევიტანე, მაგრამ მხარდაჭერა ვერ მივიღე. მერე კი ისეთი პოლიტიკური ვითარება შეიქმნა, პრემიერის თხოვნით განაცხადი უკან გამოვიტანე. უკრაინაში კარიერის შექმნას არ ვგეგმავ, უბრალოდ, დღეს უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავარ, რომ პრობლემების გადალახვაში დავეხმარო. თუ ჩათვლიან, რომ ვჭირდები, დავრჩები", განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავთ?" - პასუხობს:
„პროცესებს თვალს ვადევნებ, თუმცა, რა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", არ დავინტერესებულვარ. საქართველოში დედა და მეგობრები მყავს, ასე რომ, სამშობლოსთან კონტაქტი არც ერთი წამით არ გამიწყვეტია".