logo_geo
eng_logo
„ეს მოთხრობა, დაწერილია ჯერ კიდე 9️0️-იან წლებში...“
- +

16 სექტემბერი. 2018. 21:42

 

 

 

„გიო“

 

- განა ქალაქში კი არ არის წესივრობა, ქალო. აგე, ენაცვალოს ბებო ჩემს გიოსა - ჭკვიანი, ჭკვიანი, რომ მეტი არ იქნება! ნეტა ვისა ჰგავს, ქა? ჩემები, ხო იცი, რანაირებიც არიან ― უნორმოები. სულ ერთავად გაშლილ სუფრას უსხედან, სულ ერთავად ვართალალოს გაიძახიან, ნახადი ჯერ არ გაციებულა და არყის ჟღინთი აღარსად უდგათ.

 

ეს არა, ეს კარგია, გიოი. ენაცვალოს ბებო

 

პატარაც ეგეთი იყო, ქა?! რო დაგესვა სკამზე და გეთქვა, აქედან ფეხი არ მოიცვალოო, საღამომდე ეგრე იჯდებოდა.

 

ამ გაზაფხულით შემეხვეწა ― ბებოო, ერთი კვალის ალაგი დამიტოვე ბოსტანში, რაღაც უნდა დავთესოო.

 

დავუტოვე, ქა, ოღონდაც მაგათ მოიწადინონ რამე და!

 

დაბარა, დაამასმასა, დათესა.

 

ამოვიდა რაღაცნაირი ბალახი, გაიზარდა, გამშვენიერდა, იმსიმაღლე გახდა, კაცი დაიმალება შიგა.

 

უვლის, უვლის, რომ სულ ზედ დაჰფათფათებს. ქალაქიდან მოსული ჯერ იქ უნდა მოვიდეს, მიუგურგუროს, ზედმეტი ფოთოლი შეაცალოს, ძირები გამოუთოხნოს. ახლა სრისავს იმ ფოთლებს, სუნავს, ილაგებს ჯიბე-ჯიბეში. მერეღა ჩამოდის პურის საჭმელად შინა. სჭამს, უიმეე, ჩიტივით იკიკნება, ქალო. იმიტომაც არის გამხდარი.

 

მაგისი ხნისები რომ იყვნენ ჩენი შვილები, მარტის კატებივით დადიოდნენ, მთელი ღამე იმათი მოსვენება არ იყო. მოვიდოდნენ დილით ნაჩხუბარები, თავპირდასისხლიანებულები.

 

ეს არა, გიოი. ენაცვალოს ბებო!

 

სასმელს ხომ სულ ახლოს არ ეკარება. მოდი, ბიჭო, მოდიო, ერთი ჭიქა მაინც დაგვილიეო! ― ეძახიან პაპა-ბიძები. არაა, არ ერევა იმათ მარაქაში, ზის ფეჩთან წყნარად, დაშლის პაპიროსს ― ააწყობს, დაშლის ― ააწყობს.

 

ეგღა არის ჩემი იმედი, ჩემი დამტირებელი, გულზე მიწის დამყრელი, ენაცვალოს მაგას ბებო.

 

ეს მოთხრობა, დაწერილია ჯერ კიდე  9️0️-იან წლებში...

 

 მწერალი ნუგზარ შატაიძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner