„ბატონო პაატა, რომ არა ის „არაფორმალური ბატონი" დღეს საქართველოში დაკანონებული ის დიქტატურა იქნებოდა, რომლის პერიოდში ხმაც არ ამოგიღიათ."- განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმიანება.
აბესაძე ბურჭულაძეს „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მანკიერებებს ახსენებს.
„ძალიან ცნობილი საოპერო არტისტი ბრძანდებით და გილოცავთ ახალ ოპერისა და ბალეტის თეატრს, რომელიც იმ „არაფორმალურმა ბატონმა" აჩუქა საქართველოს. შეგიძლიათ ბევრი იმღეროთ იქ და გააოცოთ თქვენი ვოკალური შესაძლებლობებით აუდიტორია.
თქვენ, როდესაც მსოფლიოს აოცებდით თქვენი არაჩვეულებრივი ხმით მაგ პერიოდში ის "ის არაფორმალური ბატონი" აშენებდა სამებას, 500 ზე მეტ სკოლას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რესტავრაცია ჩაუტარა საქართველოში ყველა თეატრს, რამოდენიმე ასეულ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს, ეკლესიებს, გადაგვირჩინა ვარძია და ა.შ.
თქვენ როდესაც მსოფლიო საოპერო სცენებს თქვენი არაჩვეულებრივი ბანით იპყრობდით იმ "არაფორმალურმა ბატონმა" რამოდენიმე ასეული დამსახურებული კულტურის მოღვაწე თქვენი კოლეგა შიმშილისგან იხსნა. სანამ თქვენ ანცვიფრებდით თქვენი ხმით მსოფლიოს ის "არაფორმალური ბატონი" 13 ივნისის სტიქიის აღმოფხვრისათვის რამოდენიმე ათეულ მილიონს რიცხავდა და გვიშენებს ახალ ზოოპარკს.
სანამ თქვენ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან მუსაიფობდით ის "არაფორმალური ბატონი" აფინანსებდა პატრულის და ჯარის რეფორმას და ა.შ. დაუსრულებლად შეიძლება ამაზე საუბარი... უბრალოდ ერთს გირჩევთ...
ჯობს მსოფლიო გაოცებული დარჩეს თქვენი ვოკალით, ვიდრე თქვენი პოლიტიკური აღქმით, ვინაიდან ყველამ კარგად იცის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რა გაუკეთებია მას და ნუ დაუშვებთ ჩანასახშივე დიდ შეცდომას და ნუ ააგებთ საკუთარ პოლიტიკურ კარიერას ერთი ადამიანის დისკრედიტაციის მცელობით. ეს მაინც არ გამოგივათ და ნუ ჩააყენებთ თქვენს გუნდს უხერხულ მდგომარეობაში. ერთი რამ კარგად გახსოვდეთ- თქვენ ხართ პაატა ბურჭულაძე და ბიძინა ივანიშვილი არის ბიძინა ივანიშვილი.
პატივისცემით..."
„საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოდის. ამის შესახებ ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, 25 წელი გავიდა. 25 წლის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა იშრომა და იბრძოლა ამ ქვეყნისთვის, მისი დამოუკიდებლობისათვის, და პირველი, რაც მინდა გითხრათ, რის ვალდებულებასაც ვგრძნობ, არის ჩემი განუსაზღვრელი პატივისცემა ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ქვეყანა შეინარჩუნა, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევაში, მისი განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ჩემი უდიდესი მადლობა და პატივისცემა ყველა ამ ადამიანს, გმადლობთ!
იმავდროულად, 25 წელი ჩვენ ვყოფდით ქვეყანას, პატრიოტებად და მოღალატებად; 25 წელი ვეძებთ და ვპოულობთ მტრებს ჩვენს შორის; 25 წელი ვომობთ, ვაშენებთ, ვშრომობთ, ვღალატობთ, ვგმობთ, გვიყვარს, გვძულს; 25 წელი, მუდმივად, ჩვენს შორის ჩნდებიან პატრიოტები და მტრები. პატრიოტები მოდიან ხელისუფლებაში და იბრძვიან არა ქვეყნის გამთლიანებისთვის, გაძლიერებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, არამედ მტრების დასჯისთვის, მათზე უპირატესობის მოპოვებისათვის, მათზე გამარჯვებისათვის. 25 წელი პატრიოტები სჯიან მტრებს, რომლებიც მანამდე თავად იყვნენ პატრიოტები და თავის მტრებს სჯიდნენ, აპატიმრებდნენ, მათზე გამარჯვებას ზეიმობდნენ."- ეს არის ნაწყვეტი განცხადებიდან, რომელიც პაატა ბურჭულაძემ გაავრცელა.