logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: დღეს დათო ყიფიანის გარდაცვალების დღეა! დიდი დათო! დიდებული „ათიანი“!
- +

17 სექტემბერი. 2018. 17:31

 

 

დღეს დათო ყიფიანის გარდაცვალების დღეა!

49 წლისა განერიდა ამ სამყაროს!

დიდი დათო!

დიდებული „ათიანი“!

 

ქართული ფეხბურთის ლეგენდა, რომელმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მის ისტორიაში!

ფეხბურთი მარტო სპორტული თამაში არ ყოფილა საქართველოსთვის.

არც დათო ყიფიანი ყოფილა მარტო ფეხბურთელი.

დათო სიმბოლო იყო!

სიმბოლო შეუპოვრობის, გამარჯვებისადმი სწრაფვის, დაუმარცხებლობის და...

სილამაზის, ესთეტიკის და ინტელექტის, რითაც გამოირჩეოდა კიდეც მისი ფეხბურთი.

კერპი იყო. ბევრისთვის. და საოცრად თავმდაბალი, კაცთმოყვარე, თბილი, უღალატო, ნაღდი!..

 

ის საყოველთაო სიყვარული, რითაც გარემოსილი გახლდათ დათო, მხოლოდ და მხოლოდ უნიკალური ერთეულების ხვედრია, ისეთების, როგორც ბორის პაიჭაძე იყო, ანდა მიხეილ მესხი... და ამ გულწრფელ სიყვარულს ვერ მოიპოვებ ჰარიჰარად, ვერც მილიონ-მილიარდებით, ვერც სიგარეტის თუ ბიტკოინების ბიზნესით, ვერც მარიხუანას პლანტაციებით შემოსული მილიონებით ხალხის დაბოლებით... სიყვარულს ალალი ცხოვრების წესით, ადამიანების გახარებით, მისი თავმოყვარეობის მოფერებით და... ჩემპიონთა თასის ოფლისღვრის გზით თბილისში ჩამოტანით მოიპოვებ და სამუდამოდ დაივანებ ადგილს ხალხის გულში.

 

დიახ, დღეს ტკივილის და სიამაყის დღეა!

ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ყველა თაობისთვის!

თუმც, გამონაკლისიც არსებობდა და არსებობს.

თანაც, ეს გამონაკლისი, საუბედუროდ, ისევ ამ დღესთან არის დაკავშირებული.

 

ამ რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამ დღეს, ერთმა მაღალჩინოსანმა, გამორჩეულად „ჭკვიანმა“ ფულის კეთებაში,

მაგრამ სრულმა იდიოტმა ყველაფერში, რასაც კაცობა, კულტურა და ინტელექტი ქვია,

ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან მოხსნა მისი ვაჟი ლევან ყიფიანი. თანაც რა სამსახურიდან:

იმ „ლოკომოტივიდან“ რომელსაც თავკაცობდა და რომელშიაც ფეხი აიდგა თავად, ისევე როგორც მისმა დიდმა ფეხბურთელმა მამამ!

 

დღეს ლევანი პროკურატურაშია დაბარებული, გამოკითხვაზე. რაღაც არნახულ ავანტიურასთან არის დაკავშირებული ის ისტორია, რომელსაც კაცმა არ იცის ვინ წამოიწყო, რატომ, რა მიზნით; ვინ მართავს და ვინ კადრულობს უკადრებელს, იმას, რაც უკვე მოდად იქცა საქართველოში: ფარული ჩაწერა საუბრებისა, რომლებსაც ერთმანეთში ეწევიან მეგობრები, ახლობლები, კოლეგები, თანამშრომლები, თანაშემწეები, მრჩევლები, მეგობრების შვილები...

 

და ისე ტრაბახობენ თავიანთი საქციელით, თითქოს... წართმეული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაებრუნებინოთ საქართველოსთვის.

კარგი მაგალითია შვილებისთვის, ახალთაობისთვის.

 

ჯანდაბას არაკაცობა და არაკაცები!

დღეს კაცობის და რაინდობის სიმბოლოს - დიდი დათო ყიფიანის ხსოვნის დღეა!

მოვიგონოთ. და ეს მოგონება ისევ ჩვენ გაგვითბობს გულს, აგვაცრემლებს, ისევ მოგვიმატებს სიამაყეს, გაგვახარებს...

ყველას. დიდსა თუ პატარას.

რამეთუ დათო ყიფიანის სახელი დაკავშირებულია დიდ გამარჯვებასთან. ისეთთან, როგორიც გვენატრება არა მარტო ფეხბურთში, არამედ ყველა, აბსოლუტურად სფეროში.

 

დათოს გაუმარჯოს, ყიფიანს, ზეციურ საქართველოში!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner