„ვერ ვიტან საჯაროდ რაღაცეების განხილვას... პირველ რიგში მინდა, ეს ადამიანი ყველაზე კარგად და ჯანმრთელად მყავდეს. სამწუხაროა, რომ ვიღაც-ვიღაცეებს ძალიან შეეშალათ ზურასთან და ჩვენს ოჯახთან. არ იმსახურებს არანაირად.
არა უშავს, ყველა აგებს პასუხს. ღმერთი ხედავს ვინ ვინ არის და მიიღებს ყველა ამის გამო“ - ეს პოსტი სოციალურ ქსელში მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილმა ლენუკა ყიფშიძემ გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა, მსახიობის ოჯახმა ბინა დაკარგა.
Ambebi.ge დეტალური ინფორმაციის გასარკვევად ლენუკას დაუკავშირდა.
- გუდიაშვილზე გვქონდა სახლი, რომელიც დედაჩემის და დეიდაჩემის საკუთრებაა. სამი წლის წინ, ეს სახლი ქირით გადავეცით ჩვენს მეგობარს კომპანიისთვის, ყოველთვიურად უნდა გადაეხადათ თანხა, საბუთები გავაფორმეთ, მაგრამ სიჩქარეში მოგვატყუეს და თურმე კი არ გავაქირავეთ, ეს სახლი ბანკში ჩავუდეთ ამ კომპანიას.
- მოულოდნელად გაგიყიდეს?
- ზურას ამ ამბავს არ ვეუბნებოდით, მთელი ეს პერიოდი ვცდილობდით ადვოკატებით და სხვადასხვა გზებით სახლი ისევ ჩვენ დაგვებრუნებინა. დაგეგმილი გვქონდა სასტუმროს გახსნა, ერთადერთი ქონება ეს გაგვაჩნდა და ამაზე ვამყარებდით იმედებს.
საბოლოოდ სახლი აუქციონზე ისე გაყიდეს, არც ვიცოდით, ბანკსაც ვთხოვეთ გაეთვალისწინებინა ჩვენი მდგომარეობა, საერთოდ დაკარგვას ვარჩიეთ გაგვეყიდა, კლიენტიც გვყავდა და მიზერული თანხა მაინც დაგვრჩებოდა, მაგრამ 6 სექტემბერს დაგვირეკა ვიღაც გოგომ და გვითხრა, სახლი დაცალეთო.
ბანკში 120 000 დოლარად იყო ჩადებული, 115 ათასად გაიყიდა და აქეთ გვეუბნებიან 5000 მოიტანეთ, თორემ რაც გაქვთ იმასაც დაგიყადაღებთო. რა უნდა ვთქვა არ ვიცი, ფული თუ არ გაქვს, არავინ არ ხარ ამ ქვეყანაში.