სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დღეს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. სუს-ის უფროსს დეპუტატებისთვის უწყების საქმიანობის ანგარიში უნდა წარედგინა. იქედან გამომდინარე, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვა სესიის დასრულებამდე გაგრძელდა, სუს-ის ანგარიშის მოსმენა, რომელიც მეორე საკითხად იყო ჩანიშნული, ვერ გაიმართა.
„პატივს ვცემ პარლამენტს, მაგრამ ხვალ მისვლას ვერ მოვახერხებ", - განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა მოსმენის გადადების შემდეგ. როგორც გომელაურმა განმარტა, იგი მომავალში კვლავ ეცდება, რომ პარლამენტის წინაშე უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში წარადგინოს.
„დღეს ერთ-ერთ მთავარ კანონს განიხილავდნენ და არ ეგონათ რომ ასე, ამ დრომდე გაიწელებოდა, დრო დასჭირდებოდა, ხვალ კიდევ გრძელდება ამ კანონის განხილვა, სამწუხაროდ. მეორედ ჩამოვედი, მე პატივს ვცემ პარლამენტს, კანონებს, ერთხელ ვიყავი ჩამოსული, ახლა მეორედ მომიწია ჩამოსვლა, რათა იყო ათასი მითქმა-მოთქმა, რომ არ მოვიდა, წავიდა, არ დაესწრო. კიდევ მეორედ ჩამოვედი, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, გუშინწინ ჩამოვედი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა, იყო ძალიან კარგი შეფასებები ჩვენი კოლეგა სტრუქტურების პირველი პირებისგან. მინდოდა ესეც გამეჟღერებინა ამ ტრიბუნიდან, რომ ყველას გაეგო თუ რას ვაკეთებთ, რა მიმართულებით ვმუშაობთ. სამწუხაროდ ვერ შედგა დღეს ჩემი პარლამენტში გამოსვლა და ანგარიშის მოხსენება. ხვალ ნამდვილად ვერ მოვახერხებ, შეხვედრები დაგეგმილია, სტუმრები გვყავს, უცხოელები ჩამოდიან, შევეცდები, რომ ჩამოვიდე უახლოეს დროში. მოდით პოლიტიკურ შეფასებას არ გავაკეთებ, ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს, სპეციალურად ჩაშალეს თუ არა", - განაცხადა გომელაურმა.