logo_geo
eng_logo
ვალენტინ ზორინი: ჯონ კენედი საოცარი ადამიანი იყო!
- +

12 მაისი. 2016. 22:43

 

2016 წლის 27 აპრილს მოსკოვში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი ჟურნალისტი, მეცნიერი-ამერიკანისტი და პოლიტოლოგი ვალენტინ ზორინი, რომლის წყალობით საბჭოთა ხალხმა გაიცნო ისეთი ქვეყანა, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. ის აშშ-ის დემონიზებას კი არ ცდილობდა, არამედ აჩვენებდა მას ისეთს, როგორიც იყო - თავისი პლუსებითა და მინუსებით. საგულისხმოა, რომ ზორინმა, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი აშშ-ში გაატარა, ძალზე მტკივნეულად აღიქვა სსრკ-ის დაშლა და 1990-იანი წლების მტაცებლური „საბაზრო რეფორმები", რომლებსაც „კაციჭამიურს" უწოდებდა. მისთვის ძალიან ძვირფასი იყო ყველაზე ცნობილ ამერიკელ ძმებთან - ჯონ და რობერტ კენედებთან მეგობრობა, რომელთა შესახებ მან გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მოუთხრო EADaily-ს კორესპონდენტს. ეს გამოჩენილი რუსი ამერიკანისტის უკანასკნელი ინტერვიუ აღმოჩნდა.


- ვალენტინ სერგეევიჩ! თქვენ გიცნობენ, როგორც წამყვან ამერიკანისტს და საერთაშორისო ჟურნალისტს. მაგრამ ყველას როდი ახსოვს, რომ აშშ-ის 35-ე პრეზიდენტთან ჯონ ფიცჯერალდ კენედისთან და მის ძმასთან რობერტთან მეგობრობდით. გვიამბეთ, როგორ დაუმეგობრდით ადამიანებს, რომლებიც მე-20 საუკუნის სიმბოლოებად მიიჩნევიან?


- ჯონ კენედის პირველად 1961 წელს შევხვდი, აშშ-ის პრეზიდენტისა და ნიკიტა ხრუშჩოვის შეხვედრის დროს ვენაში. მაშინ საბჭოთა ლიდერის თანმხლებ ჟურნალისტთა ჯგუფში ვიყავი. კენედისთან გასაუბრება მისი პრესმდივნის, ჩემი მეგობარი პიტერ სელინჯერის წყალობით მოვახერხე. სელინჯერმა, რომელიც, ამასთან, ამერიკის პრეზიდენტის ახლო მეგობარიც იყო, შესვენების დროს კენედი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს ეზოში გამოიყვანა და მე მას ინტერვიუ ჩამოვართვი. მას შემდეგ კენედისთან შეხვედრას უკვე არაოფიციალურ გარემოშიც ვახერხებდი.


ერთი რამ უნდა აღვნიშნო: ის, რომ კენედიმ თავისი მეგობარი თეთრი სახლის პრესატაშედ დანიშნა, დამკვიდრებული ტრადიციების უხეში დარღვევა იყო. როგორც ის, რომ იუსტიციის მინისტრი კენედის ადმინისტრაციაში მისი ღვიძლი ძმა რობერტი გახდა. არც კენედიმდე და არც მის შემდეგ აშშ-ის არცერთ პრეზიდენტს თავისთვის ამისი უფლება არ მიუცია.


როგორც ჯონ კენედის მეგობარი, ვაცხადებ, რომ აშშ-ის ეს პრეზიდენტი საოცარი ადამიანი იყო - უდიდესი პოლიტიკური გონიერებით, ელვისებური რეაქციით და არაორდინალური ნებისყოფით დაჯილდოებული, რაც თვალნათლივ გამოჩნდა კარიბის ბირთვული კრიზისის დროს.


თუ იმ შორეულ დღეებს გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ ბირთვული კატასტროფის ზღურბლთან მხოლოდ სსრკ და აშშ კი არა, მთელი მსოფლიო იდგა. ბევრისთვის უსიამოვნო რამეს ვიტყვი: ამ კრიზისის მოთავე ჯონ კენედი კი არა, სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი გახლდათ, რომელმაც სამხედროებს კუბაზე ბირთვული რაკეტების განთავსება უბრძანა და ამით საბჭოთა პისტოლეტის ლულა აშშ-ს საფეთქელთან მიუტანა. ჩემი აზრით, მისი მხრიდან ეს მეტად დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო, რომელსაც ამერიკის ხელმძღვანელობის მკაცრი რეაქცია მოჰყვა და მსოფლიოში უკიდურესად სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. საქმე მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა.


აშშ-ის პრეზიდენტის და მისი ძმის რობერტ კენედის როლი იმაში, რომ ეს ბირთვული კატასტროფა არ მოხდა, უზარმაზარია. კონფლიქტის ჩაქრობაში უდიდესი როლი ითამაშა აგრეთვე საბჭოთა დიპლომატმა ანატოლი დობრინინმა, რომელმაც ორი ათეული წელი იმუშავა აშშ-ში საბჭოთა კავშირის ელჩად. კენედიმ კარიბის კრიზისიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილი გამოიტანა - სანამ ბირთვული ომის საფრთხე არსებობს, მსოფლიო და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე შესაძლოა, რამდენიმე წამში განადგურდეს.


მათ, ვინც ახლა აშშ-ის სამხედრო ბაზებს, თავისი ბირთვული იარაღითურთ, რუსეთის საზღვრებისკენ მოაჩოჩებს, ხელს არ აძლევთ იმ ამბის გახსენება, თუ როგორ გააუქმა აშშ-ის ყველაზე პოპულარულმა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ამერიკული სამხედრო ბაზა, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, ზედ ჩვენს საზღვართან მდებარეობდა.


- რას გულისხმობთ?

 

- მხედველობაში მაქვს ამერიკელების მიერ თურქეთში განლაგებული სამხედრო ბაზა „ინჯირლიკის" დემონტაჟი. იქიდან ბირთვულქობინიანი ამერიკული რაკეტები რვა წუთში მიაღწევდნენ ბაქოს. ბაზა „ინჯირლიკი" ლიკვიდირებული იქნა კუბიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის პასუხად, კარიბის კრიზისის მოგვარების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. ამერიკის, საბჭოთა კავშირისა და მსოფლიო ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ეს ეპიზოდი, როცა აშშ-მა ახლანდელი რუსეთის საზღვრებთან მაქსიმალურად ახლოს მდებარე ბაზა თვითონ გააუქმა, ამერიკულ პრესაში დღემდე მიჩუმათებულია.


- თქვენი აზრით, რატომ? ამერიკის მხედრიონს რცხვენია აღიარება, რომ აშშ-ის ყველაზე პოპულარულმა პრეზიდენტმა სსრკ-სთან მოლაპარაკების შემდეგ, აღმოსავლეთისკენ ნატო-ს გაფართოებაზე" უარი თქვა?

 

- დიახ, თუმცა, მხოლოდ ამიტომ არა.


ვაშინგტონს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ქედმაღლურად უტარებს დემოკრატიის გაკვეთილებს, ერთი მნიშვნელოვანი რამ არ უნდა დაავიწყდეს: აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის „საუკუნის დანაშაულად" წოდებული მკვლელობა, ისევე, როგორც მისი ძმის - აშშ-ის სახელმწიფო მდივან  რობერტ კენედის მკვლელობა, დღემდე არ გახსნილა. მეტიც, აშშ-ის ხელისუფლება ამ დანაშაულის გახსნას არც ცდილობს.


სერჰან გიშარა სერჰანი - რობერტ კენედის ოფიციალური მკვლელი - ცოცხალია და ლოს-ანჯელესის ციხეში ზის. მას ბევრი რამის მოყოლა შეუძლია რობერტ კენედის მკვლელობის შესახებ, რომელიც პირდაპირ თეთრი სახლის ზღურბლზე მოხდა. იმ დროს, 1968 წელს ხომ აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია იწურებოდა და ყველასათვის ნათელი იყო, რომ ამ არჩევნებში რობერტ კენედი გაიმარჯვებდა. შემდეგ, როცა რობერტი მოკლეს, ყველა მიხვდა, რომ ეს მკვლელობა პირდაპირ უკავშირდებოდა მისი ძმის ჯონის ძალადობრივ სიკვდილს.


მე იმ მკვლევართა რიცხვს ვეკუთვნი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დალასის შეთქმულება ტეხასელ მილიარდერთა მიერ იყო ორგანიზებული ჰაროლდ ჰანტის მეთაურობით.


- საბჭოთა წლებში მასობრივი მკითხველი სერიოზულ ამერიკანისტიკას გულდასმით ეცნობოდა. დღეს ბევრისთვის საკმარისია იმის ცოდნა, რომ აშშ რუსეთის მტერია. ამიტომ შეახსენეთ მკითხველს, ვინ არის ჰაროლდ ჰანტი და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას ძმები კენედების სიკვდილთან?

 

- ჰაროლდ ჰანტი 1968 წელს მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა. ეს ტეხასელი მეწარმე ძალზე აქტიურად მიძვრებოდა პოლიტიკაში. ის ტეხასის შტატის სენატორ ლინდონ ჯონსონს (აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედის შემდეგ) ამერიკის უმაღლეს პოსტზე ჯერ კიდევ 1960 წელს ლობირებდა. მაგრამ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობამ პრეზიდენტის პოსტზე ჯონ კენედის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. თუმცა, ჰანტთან დადებული გარიგების თანახმად, ვიცე-პრეზიდენტი აუცილებლად ლინდონ ჯონსონი უნდა გამხდარიყო.


რადგან ამერიკის უმსხვილეს ფინანსურ-სამრეწველო დაჯგუფებას - „ტეხასურ ჯგუფს", ჯონ კენედის მკვლელობასთან მის კავშირს და აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიებაში აშშ-ის ხელისუფლების უცნაურ პასიურობას შევეხეთ, კიდევ ერთ რამეს შეგახსენებთ. ჯორჯ ბუში უფროსი და ჯორჯ ბუში უმცროსი ტეხასელი ნავთობმრეწველები და ტეხასური ჯგუფის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან, იმავე გარემოდან, საიდანაც ჰაროლდ ჰანტი გამოვიდა. მეტიც, უფროსმა ჯორჯ ბუშმა თავისი ქონება ჰანტის დახმარებით შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ჰანტი დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის, ტეხასელ ნავთობმრეწველთა დაჯგუფება აშშ-ის პოლიტიკისა და ბიზნესის სამყაროში დღესაც ყველაზე მძლავრია. ამიტომ აშშ-ის ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებსაც, თუნდაც უკანა რიცხვით, ტეხასელი ნავთობმრეწველებისთვის ჩრდილის მიყენება შეუძლია.


მე ვიძიებდი ძმები კენედების მკვლელობებს. ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ მაშინვე ჩავფრინდი აშშ-ში და დალასში ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება შევძელი. რობერტ კენედის დაღუპვიდან სამ დღეში უკვე ლოს-ანჯელესში ვიყავი, სადაც ის მოკლეს!


- მაინც, რა კავშირი აქვს ტეხასელ მილიარდერ ჰანტს ამ „საუკუნის მკვლელობებთან"?

 

- ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია - ჯონ კენედის მკვლელად შერაცხილ ლი ჰარვი ოსვალდთან უცხო ადამიანის მიშვება, რომელმაც ის სიცოცხლეს გამოასალმა - სრული აბსურდია. აშშ-ში მოწმეთა დაცვის მკაცრი სისტემა არსებობს. აშშ-ის პრეზიდენტის სავარაუდო მკვლელი კი ისეთი მოწმეა, რომელსაც ხელისუფლება თავად პრეზიდენტივით საგულდაგულოდ დაიცავს. იმის წარმოდგენა, რომ სპეცსამსახურმა ოსვალდთან მისი მკვლელი შემთხვევით მიუშვა, შეუძლებელია. ლი ჰარვი ოსვალდის სიკვდილის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, სამოცდაორი უმნიშვნელოვანესი მოწმე უცნაური გარემოებებში გამოეთხოვა სიცოცხლეს. მოულოდნელად  კვდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც ბევრი რამის თქმა შეეძლოთ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით. ტაქსის მძღოლმა, რომელმაც ოსვალდი წიგნების საცავიდან სახლამდე მიიყვანა, კენედის სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ერთი კვირა იცოცხლა.


კვალს ლოს-ანჯელესშიც ურევდნენ, სადაც რობერტ კენედი მოკლეს. შემიძლია, ეს დავამტკიცო, რადგან ვესწრებოდი პრესკონფერენციას ჰოსპიტალში, სადაც რობერტი გარდაიცვალა. იქ მე და კიდევ ბევრ ჟურნალისტს გვაჩვენეს ფოტო პოლიციის საქმიდან, სადაც რობერტის კეფაზე დენთით დამწვრობის კვალი ჩანდა. ყურადღება მიაქციეთ - კეფაზე! მიღებულია, რომ სერჰან ბიშარამ რობერტს პირისპირ მდგომმა ესროლა. მაგრამ იმ დამწვრობის მიყენება, რომელიც ლოს-ანჯელესში ფოტოზე ვნახე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ მკვლელი რობერტის ზურგს უკან იდგა. ამ საკვანძო დოკუმენტს პრესას სამი დღის განმავლობაში აჩვენებდნენ, მერე კი ის იდუმალ ვითარებაში საერთოდ გაქრა. ზემოთქმულის საფუძველზე შემიძლია, შემდეგი ვივარაუდო. რობერტი მისმა პირადმა მცველმა მოკლა, რომელიც ზურგს უკან ედგა და მიბჯენით ესროლა! მკვლელად კი სხვა გამოაცხადეს - არსაიდან მოსული პალესტინელი სერჰან გიშარა. ახლა გასაგებია, რობერტის მკვლელობიდან  განვლილი 48 წლის მანძილზე რატომ არ ამჟღავნებს ბიშარა სიცოცხლის ნიშანწყალს, თუმცა, ნამდვილად ცოცხალია და სამუდამო პატიმრობას იხდის.


- თქვენი აზრით, ვის შეეძლო, რობერტ კენედისთვის მცველი-მკვლელი მიეჩინა?

 

- რობერტ კენედის პირად დაცვაში ასეთი ადამიანის გამოჩენის მიზეზია დაუძინებელი მტრობა მასა და გამოძიების ფედერალური ბიუროს მრავალწლიან დირექტორ ედგარ ჰუვერს შორის, რომელმაც შექმნა გფბ და ამ პოსტზე არაერთი პრეზიდენტი მოისტუმრა. ძმები კენედების დაღუპვის წინ გფბ-ს შემქმნელი აშშ-ში ყველაზე ძლევამოსილი ჩინოვნიკი გახლდათ. რობერტ კენედი კი, რომელიც იუსტიციის მინისტრი, აშშ-ის გენერალური პროკურორი, მოგვიანებით კი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ყველაფერს აკეთებდა ამ პოსტიდან ჰუვერის მოსაშორებლად. ამიტომ მათ შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაჩაღდა. ვფიქრობ, სწორედ ამ მტრობამ მიიყვანა რობერტის გარემოცვაში იდუმალი მცველი, რომელმაც 1968 წელს ლოს-ანჯელესში მას კეფაში ესროლა.


ვერ გეტყვით, რა ურთიერთობა ჰქონდა ჰუვერს ჰაროლდ ჰანტთან. მათ  შორის თუნდაც ფინანსურ ინტერესებზე დაფუძნებული მეგობრობის ფაქტები ჩემთვის უცნობია. მაგრამ ვიცი, რომ დალასის ტრაგედიაში ჰუვერმა თავისი როლი ირიბად შეასრულა. ჯონ კენედის პირადი დაცვა არაფრად ვარგოდა, დალასში მისი საბედისწერო გამგზავრების წინა დღეს კი გფბ-ში სხვადასხვა სანდო არხით შევიდა სიგნალები, რომ აშშ-ის პრეზიდენტს საფრთხე ემუქრებოდა.


რაც შეეხება რობერტის მკვლელობას, როგორც უკვე ვთქვი, ცხადია, რომ ის საკუთარმა მცველმა მოკლა. რობერტის სიკვდილი მისი ძმის ჯონის მკვლელებს სჭირდებოდათ. რობერტს არასდროს დაუმალავს და ყველა წინასაარჩევნო განცხდადებაში ამბობდა: პირველი, რის გაკეთებასაც თეთრ სახლში მისვლისთანავე აპირებდა, მისი ძმის ჯონის წინააღმდეგ შეთქმულების გამოაშკარავება იყო. სწორედ რობერტმა გამიყვანა ჯონის მკვლელობის ტეხასურ კვალზე,  რადგან მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და მისი გარდაცვლილი ძმის მეგობარი ვიყავი. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ძლევამოსილი ტეხასელი მეწარმეების მისამართით ბრალდებების წამოყენება რობერტ კენედის ხელს არ აძლევდა. ამიტომ მედიარუპორად უცხოელი ჟურნალისტი გამოიყენა, ანუ მე. იმედი ჰქონდა, რომ ჩემი წყალობით ყველწაფერი, რაც ძმის მკვლელობის საქმეზე გამაცნო, საბჭოთა პრესაში გამოქვეყნდებოდა.


...როგორც ჩვენი, ისე ამერიკული პრესის მიერ გავრცელებული მოსაზრება, რომ ძმები კენედები პოლიტიკურ ორბიტაზე მდიდარმა მამამ გაიყვანა - ყვითელი ბულვარული გაზეთების მონაჩმახია. რა თქმა უნდა, მილიარდერი ჯოზეფ კენედი შვილებს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ეხმარებოდა, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი ყველა შემთხვევაში მათი პირადი თვისებები იყო. ამასთან დაკავშირებით ერთ სახალისო ეპიზოდს მოგიყვებით.


1960 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯონ კენედისა და რიჩარდ ნიქსონის დაპირისპირების დროს აშშ-ში საბჭოთა კავშირის სახტელერადიოს საკუთარ კორესპონდენტად ვმუშაობდი. ნიუ-იორკის ტელესამყაროს მაშინდელმა უხუცესმა - ცნობილმა კომენტატორმა უოლტერ კრონკაიტმა თავის სატელევიზიო ბრიგადაში მიმიწვია. საარჩევნო კამპანიის დასრულების და არჩევნებში ჯონ კენედის გამარჯვების შემდეგ კრონკაიტმა თავისთან მიხმო და დამტუქსა. მას ამისი უფლება ჰქონდა - ასაკით მამად მერგებოდა. ასე მითხრა: „ვალენტინ, ყურადღებით ვადვენებდი თვალს შენს რეპორტაჟებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ. საბჭოთა ტელემაყურებელს ეუბნებოდი, რომ ჯონ კენედიმ გაიმარჯვა, რადგან მისი წინასაარჩევნო პლატფორმა ლიბერალური იყო, ნიქსონისა კი - კონსერვატიული. აქედან ჩანს, რომ წარმოდგენა არ გაქვს, როგორ ირჩევენ პრეზიდენტს აშშ-ში. თუ მართლა ფიქრობ, რომ ამერიკელი ამომრჩეველი პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო პლატფორმებს კითხულობს, ძალიან ცდები". კრონკაიტის თქმით, ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო. 1960 წლის კამპანია პირველი იყო, რომელიც ამერიკელებმა ტელევიზიით ნახეს. „აშშ-ის მოქალაქეები ხედავდნენ ორ კანდიდატს: სიმპათიურ მჭევრმეტყველ ჯონ კენედის და წვერგაუპარსავ ენადაბმულ რიჩარდ ნიქსონს, - მეუბნებოდა კრონკაიტი, - თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკელ ამომრჩეველთა ნახევარს ქალები შეადგენენ, ცხადი გახდება, რატომ გაიმარჯვა კენედიმ".


მივხვდი, რომ უოლტერ კრონკაიტი ხუმრობდა. ეს ბრძენი მოხუცი მართალი იყო იმაში, რომ ამერიკელი ამომრჩეველი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებს არ კითხულობს. მაგრამ კრონკაიტს ესმოდა, რომ კენედიმ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე სრულიად ახალი შეხედულებების წყალობით გაიმარჯვა, რომლებსაც გაგანია „ცივი ომის" დროს გამოთქვამდა. და ამომრჩეველთა უმრავლესობის ხმები არა იმპოზანტური გარეგნობის, არამედ აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის სფეროში სერიოზული წინადადებების გამო დაიმსახურა.


- თქვენი აზრით, კერძოდ, რომელი მოსაზრებებით მიიპყრო კენედიმ ამომრჩევლის ყურადღება?

 

- ჯონ კენედი არამარტო აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს დაუპირისპირდა, რომელიც  სსრკ-ის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობიდან მოგებას უმიზნებდა, კენედი დაუპირისპირდა ოლიგარქიულ ტეხასურ ჯგუფს, რომელსაც მაშინ აშშ-ის ხელისუფლებაში მოსვლაზე ჰქონდა პრეტენზია. აი, ამიტომ წავიდნენ ჰანტი და სხვა ტეხასელი მილიარდერები კენედის წინააღმდეგ შეთქმულებაზე, და ამიტომ არიდებენ თავს ჩემი ამერიკელი კოლეგები დღეს ამ ფაქტის გახსენებას. მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ტეხასის ტრაგედიამდე ნახევარი წლით ადრე კენედიმ აშშ-ის სენატში ამერიკაში მოპოვებულ ნავთობზე გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა.


ამერიკაში, სადაც ბუშების ტეხასური კლანი ჯერაც ძალიან ძლიერია, ხელს არ აძლევთ იმის გახსენება, რომ აშშ-ის რომელიღაც პრეზიდენტი ტეხასელი ნავთობმაგნატების ალაგმვას ცდილობდა. კენედიმ კანონპროექტის ცხოვრებაში გატარება ვერ მოასწრო, იმიტომ, რომ არ აცალეს. ანალოგია სახიფათო რამ არის, მაგრამ თავს უფლებას მივცემ, ვთქვა: ნებისმიერი ქვეყნის ლიდერი სწორად იქცევა, როდესაც ოლიგარქებს ხელისუფლებისგან და ხელისუფლებაზე მეტისმეტად დიდი ზეგავლენისგან განარიდებს.


ოლიგარქების შევიწროებით კენედი ბარიერს უქმნიდა ამერიკულ სამხედრო მანქანას, ვინაიდან „სსრკ-ის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის" წინააღმდეგი იყო. ის ამას არამარტო არ მალავდა, არამედ საპრეზიდენტო კამპანიას ამის საფუძველზე ატარებდა. „ცივი ომის" ისტერიის, ბირთვული ომის საფრთხის წინაშე შიშის ფონზე ამერიკელი ამომრჩევლისთვის ის უფრო მისაღები იყო, ვიდრე ხისტი რიჩარდ ნიქსონი. ჯონი ბევრი ამერიკელი პრაგმატიკოსი პოლიტიკოსისთვის ეტალონად იქცა. აღსანიშნავია, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ ამერიკულ პრესაში გამოქვეყნდა აშშ-ის ყველაზე გამოჩენილი პრეზიდენტების სია, რომელიც ამერიკელთა გამოკითხვის საფუძველზე შედგა. ჯონ კენედი ამ სიაში მესამე ადგილზეა ჯორჯ ვაშინგტონისა და აბრაამ ლინკოლნის შემდეგ. დალასის ტრაგედიიდან ამდენი დრო გავიდა და ამდენი პრეზიდენტი გამოიცვალა, მაგრამ თეთრი სახლის ვერცერთი ბინადარი ვერც კი მიუახლოვდა ჯონ კენედის პოპულარობით და ხალხის მხარდაჭერის ხარისხით.


ჯონს არ ეშინოდა ხალხისთვის პასუხის გაცემა თავისი არაპოპულარული გადაწყვეტილებებისა და შეცდომების გამო. მაგალითად, კარიბის კრიზისის დასაწყისში მან პასუხისმგებლობა ხრუშჩოვს ან თავის ხელქვეითებს კი არ დააკისრა არამედ თქვა, რომ ამ სიტუაციაში დამნაშავეა ერთი ადამიანი - აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი. თუმცა, ვფიქრობ, შეეძლო „ცეერუ"-ს მიერ მიწოდებულ არაზუსტ სადაზვერვო მონაცემებზე შეეწმინდა ხელი. სხვათაშორის, სწორედ ისე მოიქცა ჯორჯ ბუში, როდესაც ერაყში შესვლის შემდეგ იქ ბირთვული იარაღის წარმოების კვალიც ვერ აღმოაჩინეს. ბუშმა პასუხისმგებლობა დაზვერვას დააკისრა და „ცეერუ"-დან და სხვა სპეცსამსახურებიდან უამრავი ხალხი დაითხოვა.


კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ. ერთხელ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ კენედის შესთავაზა ღორების ყურეში კუბელი ემიგრანტების დესანტი გადაესხათ, რის შემდეგაც, მათი მტკიცებით ფიდელ კასტრო საკუთარ კაბინეტში თავს მოიკლავდა, რადგან კუბელ ხალხს ის სძულს და განმათავისუფლებელ ამერიკელებს ელოდება. სამხედროებმა კენედის შესთავაზეს ემიგრანტების დესანტს საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფით და საჰაერო ძალების ესკადრონით დახმარებოდნენ. კენედიმ განაცხადა, რომ ამას არასოდეს გააკეთებს, რადგან კუბის ბედი მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა - ამერიკული საზღვაო ქვეითების ხიშტებმა.

 

ესაუბრა იგორ ლატუნსკი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner