logo_geo
eng_logo
მარიხუანის მრეწველობის წყალობით შარშან კოლორადოში 18 ათას სამუშაო ადგილზე მეტი შეიქმნა
- +

18 სექტემბერი. 2018. 17:10

 

„მარიხუანის ლეგალური მრეწველობის წყალობით 2015 წელს კოლორადოში 18 ათას სრულ სამუშაო ადგილზე მეტი შეიქმნა, ხოლო ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი 2.4 მილიარდი დოლარი იყო“, - აღნიშნულის შესახებ washingtonpost-ის სტატიაშია მოთხრობილი.

 

მასალაში ნათქვამია, რომ ეს მონაცემები ამ შტატში ჩატარებული კანაფის ლეგალური ბიზნესის ამ ტიპის პირველი კვლევიდანაა აღებული.

 

კვლევა, რომელიც მარიხუანის პოლიტიკის ჯგუფმა, ეკონომიკურმა საკონსულტაციო ფირმამ ჩაატარა, კოლოდაროს შტატში ორწლიანი გაყიდვების მონაცემებს ემყარება. ფირმამ შეისწავლა როგორც ლეგალიზაციის უშუალო ეფექტები, მათ შორის თითქმის 1 მილიარდის ღირებულების საცალო გაყიდვები 2015 წელს, ისე არაპირდაპირი ზეგავლენა კოლორადოს ეკონომიკაზე.

 

მარიხუანის ლეგალიზაციის ეს არაპირდაპირი ზეგავლენა ადგილობრივი წარმოების საქონელსა და მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნილების შედეგია. მაგალითად, მზარდი ბიზნესი სასაწყობე ფართს ქირაობს ან განათებისა და ირიგაციის რთულ სისტემებს ყიდულობს. სწორედ ასევე, მარიხუანით საცალო მოვაჭრეები სხვა კომპანიებთან (როგორც მოიჯარადეებთან), იურისტებთან და ბუღალტრებთან ამყარებენ ურთიერთობას, რაც ბიზნესის წარმართვისთვისაა საჭირო.

 

„თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, დარეგულირდა და დაიბეგრა, ამ მრეწველობას შტატისათვის რეალური ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია“, - განაცხადა ინტერვიუში კვლევის თანაავტორმა და მარიხუანის პოლიტიკის ჯგუფის დამფუძნებელმა ადამ ორენსმა.

 

„თუ შტატი ან ადგილობრივი მთავრობები ხელმძღვანელობის, ნებართვების გაცემისა და [მარიხუანასთან დაკავშირებული რეგულაციების] ცხოვრებაში გატარების საკითხებს გააზრებულად მიუდგნენ, ამას სარგებლის მოტანა ნამდვილად შეუძლია“.

 

შტატმა კვლევა მარიხუანის ბაზრის საწყისი მოცულობისა და კოლორადოში მარიხუანაზე მოთხოვნილების დადგინის და ასევე ლეგალიზაციის შემდეგ ბაზრის მუშაობის შესწავლის მიზნით შეუკვეთა.

 

მარიხუანის მრეწველობის ფინანსური მაჩვენებლების შესწავლის უწინდელ მცდელობებს ხშირად ხელს უშლიდა რეალური მონაცემების ნაკლებობა ან შტატის და ეროვნული დონის მონაცემების გადმოღება კვლევებიდან და არასრული ანგარიშებიდან, რომლებიც მცდარ ვარაუდებს ემყარებოდა. ამ მეთოდებმა შეიძლება ლეგალიზებული მარიხუანის ნამდვილი ეკონომიკური ეფექტის შესახებ მონაცემების გაზვიადებასთან ან დაკნინებასთან მიგვიყვანოს.

 

მარიხუანის პოლიტიკის ჯგუფის შეფასებით, მარიხუანის ლეგალურ მრეწველობაში ზრდის უმეტესი წილი კანაფის ახლად გამოვლენილ მოთხოვნაზე კი არ მოდის, არამედ მეტწილად დაურეგულირებელი შავი ბაზრის შემცირების შედეგია.

 

„მარიხუანის გაყიდვების სწრაფი ზრდა შეიძლება ადვილად შეგეშალოთ მარიხუანაზე მოთხოვნის ზრდაში“, - ამბობენ ორენსი და სხვა თანაავტორები.

 

„მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. მარიხუანის გაყიდვები იმიტომ იზრდება, რომ მიმწოდებელი შეიცვალა. ახლა მიწოდება ლიცენზირებული მიმწოდებლების საშუალებით ხდება და არა ნაცრისფერი ან შავი ბაზრის გავლით“.

 

დაურეგულირებელი შავი ბაზრის მოსპობა ლეგალიზაციის მომხრეებს ხშირად მოჰყავთ როგორც მარიხუანის ლეგალური კომერციული ბაზრის სასარგებლო არგუმენტი. კოლორადოსა და ვაშინგტონში ეს შავი ბაზრები სულაც არ გამქრალა და ისეთი ზომებით შენარჩუნდა, რომ რეგულატორების იმედგაცრუება გამოიწვია, ხოლო ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეებს სალაპარაკო მისცა.

 

თუმცა ბოლო კვლევით ირკვევა, რომ შავი ბაზარი საგრძნობლად შემცირდა და ეს შემცირება მომავალშიც გაგრძელდება. მარიხუანის პოლიტიკის ჯგუფის შეფასებით, 2020 წლისათვის მოთხოვნის 90%-ზე მეტი რეგულირებული და სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული მოვაჭრეების მიერ დაკმაყოფილდება, დანარჩენი 10% კი - საკარმიდამო ნაკვეთებზე მოყვანილი მარიხუანით და დაურეგულირებელი ნაცრისფერი ბაზრის დარჩენილი მცირე სეგმენტის მიერ. ამ უკანასკნელებს შორის ისინი იქნებიან, ვინც კლიენტების გარკვეულ რიცხვს შეინარჩუნებს და მთლიანად ლეგალურ ბაზარზე არ გადავა.

 

მარიხუანის პოლიტიკის ჯგუფის შეფასებით, როცა ბაზრის გაჯერების ეს დონე მიღწეული იქნება, შტატის მარიხუანის ბაზრის ზრდა შენელდება და ვაჭრობის სხვა საცალო დარგებს დაემსგავსება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მოსახლეობის ზრდაზე გახდება დამოკიდებული.

 

გადასახადებს რაც შეეხება, ანგარიშში ნათქვამია, რომ მარიხუანა საგადასახადო შემოსავლებით ალკოჰოლის მრეწველობას უკვე სამჯერ აჭარბებს. ფირმის პროგნოზით, 2020 წლისათვის მარიხუანის საგადასახადო შემოსავლები სიგარეტისგან მიღებულ შემოსავლებზე მეტი იქნება.

 

2015 წელს მარიხუანაზე დაწესებულმა გადასახადებმა შტატს 121 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა. ფირმის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 2020 წლისათვის 150 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

 

ორენსი ხაზგასმით ამბობს, რომ კვლევაში ლეგალიზაციის მხოლოდ ეკონომიკური მხარე შეისწავლეს. მასში არ განიხილებოდა არც დადებითი და არც უარყოფითი შედეგები, რომლებიც ლეგალიზებულ ბალახს ჯანდაცვის ან მართლწესრიგის სისტემებზე შეეძლო მოეხდინა. ამ ფაქტორების რიცხვითი გამოხატულების დადგენა სხვა კვლევებში სცადეს.

 

ორენსის თქმით, ყველაფრის ბოლომდე დარეგულირება ერთ დღეში ვერ მოხდება.

 

„ჩვენთან, კოლორადოში, წესების დადგენის ხანგრძლივი პროცესი ახლაც გრძელდება. წესებსა და კონტროლის საშუალებებს ახლაც ვცვლით და ბაზარს ვუსადაგებთ“, - თქვა მან.

 

საკვები პროდუქტების რეგულაციები და მარკირება მისადაგების ერთ-ერთი ასპექტია.

 

წყარო: washingtonpost.com

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner