დეკანოზი, შალვა კეკელია აცხადებს, რომ საპატრიარქო კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, ეკლესია ერთსულოვანია გადაწყვეტილებაში და მმართველ გუნდს მოლაპარაკე არ გამოუვა.
„ეკლესია მოლაპარაკებებზე არ წავა. როგორ შეიძლება ეკლესია დათანხმდეს მარიხუანას კულტივაციას, მაშინ როცა ხალხი უმძიმეს მდგომაეეობაშია. შეხვედრებშიც არ მივიღებთ მონაწილეობას. არცერთი სასულიერო პირი, არცერთი მღვდელმთავარი, განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს, ეს არის მძიმე ცოდვა ეკლესიისთვის. ყველა ვიზიარებთ პატრიარქის გაწყობას, ეს არის საეკლესიო განწყობა“, - განაცხადა დეკანოზმა, შალვა კეკელიამ ტოკ-შოუ რეაქციაში.
საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სრულიად მართმადიდებელი ეკლესია და მრევლი ეწინააღმდეგება ნებისმიერი მიზნისთვის მარიხუანის რეალიზაციის ლეგალიზებას.
საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონის პროექტის განხილვა გადაავადა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა 17 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. გადავადება ნიშნავს, რომ კანონპროექტის საკომიტეტოს განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაიწყება. უცნობია გადავადების ზუსტი დროც.
კანონპროექტის გადავადების გადაწყვეტილება უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს მართლმადიდებელიეკლესია დაუპირისპირდა.
სასულიერო პირების ნაწილმა, თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, მრევლს მამა შალვა კეკელიამ მიმართა. მისი თქმით, ეკლესია ორ გადაწყვეტილებას აპროტესტებს: პირველი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას ეხება, ხოლო მეორე, კანაფის სამედიცინო მიზნებით კულტივაციასა და ექსპორტს.
მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაფის ექსპორტზე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქომ რადიკალური განცხადებები გააკეთა. ისინი შეეწინააღმდეგნენ ხელისუფლებას და განაცხადეს, რომ მზად არიან აჩვენონ საკუთარი ძალა.
მეუფე იაკობი ხელისუფლებას დაემუქრა და განაცხადა, რომ ქვეყნის ღალატს არავინ აპატიებს. მეუფე ანტონიმ კი ტოკ-შოუ რეაქციაში "სანთლების რევოლუცია" დაანონსა.
სასულიერო პირებმა აქამდეც გამართეს საპროტესტო აქცია. მათ გააპროტესტეს მარიხუანის ლეგალური მოხმარების შესახებ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება და ბათუმში, გამართულ აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვეს. პატრიარქმა კი განაცხადა, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის ერის მტრობა.