საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
„გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა პროკურატურისადმი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 18 სექტემბრის მომართვა, საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.
გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.