კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის აღმავლობის, ქართული ფოლკლორის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ფოლკლორის სფეროში მოღვაწეებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ოზურგეთში რეაბილიტირებული საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საზეიმოდ გახსნა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის აღმავლობის კერა, ასევე, ტურისტული ლოკაცია და ოზურგეთის ღირსშესანიშნაობა - „ფოლკლორული ქალაქი“ გახდება, რადგან ქართული ფოლკლორი ის მყარი საფუძველია, რაზეც მთლიანად ქართული კულტურაა დაშენებული და რეალურ იდენტობას ინახავს.
ცენტრის გახსნის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ახალი თაობის ფოლკლორით დაინტერესება, მათთვის დაგროვილი ცოდნის გადაცემა და გაზიარება. შესაბამისად, ცენტრი ხელმისაწვდომია რეგიონის ბავშვებისთვის.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ავარიული შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და სულ 1639892.38 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა როგორც შიდა ინტერიერის, ასევე, გარე ფასადის სრული რეაბილიტაცია - შენობის გადახურვა, ფასადის მოპირკეთება, განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყო ეზო. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით კი შენობა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით.
1300 კვადრატულ მეტრზე, რომელიც 4 სართულს მოიცავს, განთავსდა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, არქივი, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სალოტბარო სკოლა და ადმინისტრაცია. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა: „შემოქმედმა“, „შვიდკაცამ“, „ბასიანმა“, ადგილობრივმა ტრიომ ,,შალვა ჩემო" და მგალობელთა გუნდმა, სალოტბარო სკოლის ჯგუფებმა ოზურგეთიდან, მესტიიდან და ონიდან.