logo_geo
eng_logo
აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონსულტაციო მომსახურების სერვისი გაუმჯობესდა
- +

13 მაისი. 2016. 10:41



აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მომხმარებლის კმაყოფილების ზრდისა და  კონსულტაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით არაერთი ცვლილება განახორციელა.



როგორც „რეპორტიორს" აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, დღის განმავლობაში ბიუროს სატელეფონო კონსულტაციის მსურველი 500-დან 600-მდე მოქალაქეა. დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, შემოსული ზარების ნაწილი უპასუხოდ რჩებოდა, რადგან კონსულტაციას მხოლოდ 3 ოპერატორი გასცემდა.



უპასუხო ზარების თავიდან აცილებისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით  დაიგეგმა და განისაზღვრა ბიუროს ცხელი ხაზის პროგრამული უზრუნველყოფის რეორგანიზაცია. ამასთანავე, მოხდა კადრების რაოდენობრივი ზრდა. ბიურომ საკონსულტაციო ჯგუფში 12 კონსულტანტი დაამატა. განხორციელდა ახალი თანამშრომლების გადამზადება სამართლებრივ საკითხებში, ეფექტიან სატელეფონო მომსახურებასა და პრაქტიკული ტრენინგ-კურსები სააღსრულებო წარმოებაში.

რეორგანიზაციის ფარგლებში, განხორციელდა ახალი სერვისის დამატებაც: სატელეფონო კონსულტანტები შემოსული ზარების პასუხის გარდა, ახორციელებენ გამავალ ზარებსაც, კერძოდ, სატელეფონო კონსულტანტი უკავშირდება მოქალაქეს (მოვალეს) და ცნობის სახით ატყობინებს, რომ მის მიმართ დაწყებულია წარმოება. აღნიშნულმა ცვლილებამ და მოქალაქეთა დროულმა ინფორმირებამ დავალიანების არსებობის შესახებ, გაზარდა ნებაყოფლობითი გადახდის მაჩვენებელი.




„აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იზრდება მოქალაქეთა კმაყოფილების მაჩვენებელი, რასაც ადასტურებს კომპანია IPM-ის მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევები. კვლევის თანახმად, იზრდება კმაყოფილების ინდექსი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების კომპეტენციისა და კლიენტებთან მიდგომის კუთხით. მაქსიმალური 5 ქულიანი შეფასებიდან კმაყოფილების ინდექსი მოვალეებმა 4,1 ქულით, ხოლო კრედიტორებმა 4 ქულით შეაფასეს.

წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია კლიენტებთან მიდგომის კმაყოფილების ინდექსიც, რომელიც მაქსიმალური 5 ქულიანი შეფასებიდან კრედიტორებმა 4.1, ხოლო მოვალეებმა 4,4 ქულით შეაფასეს", - აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.



აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ მასშტაბური კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კომპანია IPM-მა ჩაატარა. კვლევის შედეგად მოხდა მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის განსაზღვრა. ასევე, სამიზნე ჯგუფებში გამოიკითხა ბიუროს სერვისების ხელმისაწვდომობის, პროცედურების გამჭვირვალობის, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, პროფესიული უნარების განვითარების მაჩვენებლის შესახებ.

კვლევაში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით  160-მა კრედიტორმა, 221-მა მოვალემ, 122-მა აღმასრულებელმა და 1050-მა ზოგადად მოქალაქემ მიიღო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner