ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ევროკომისართან ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცთან შეხვედრა გამართა, სადაც ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის საგზაო უსაფრთხოებისა და რკინიგზის მოდერნიზაციის საკითხები განიხილეს.
„ევროკომისარი მზად არის დაგვეხმაროს საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებაში. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ევროკომისიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, მათ დიდი გზა გაიარეს და სასიხარულოა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, მათგან, ასე ვთქვათ, „გამზადებული პროდუქტი“ მივიღოთ სწრაფი შედეგების მისაღწევად ამ სფეროში“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ.
მინისტრის ინფორმაციით, ევროკომისართან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის საკითხები.
„ევროკავშირმა რკინიგზა აირჩია, როგორც სტრატეგიული ტრანსპორტის საშუალება, აწარმოებს მის გაფართოება/მოდერნიზაციას და ეს გამოცდილება ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავზარდოთ საქართველოს რკინიგზის ეფექტურობა და ტრასპორტის ეს მიმართულება კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულია თანხმლებ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო DCFTA -ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში. ღონისძიება ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ინიციატივით გაიმართა, სადაც საქართველოს მიერ DCFTA-ის ფარგლებში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტური განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ითვალისწინებს მისი ეკონომიკის ევროკავშირის შიდა ბაზართან ეტაპობრივ ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სამომხმარებლო ბაზრის ხელმისაწვდომობას ტარიფებისა და კვოტების გარეშე.