logo_geo
eng_logo
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
- +

20 სექტემბერი. 2018. 23:15

 

დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ოპერაციების აღმასრულებელ დირექტორს, ჯონათან ნეშს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

 

მხარეებმა მიმოიხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმატებული საქმიანობა საქართველოში და  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა, აისახება ეკონომიკური მხარდაჭერის მასშტაბებზე, რასაც ადასტურებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე პროექტები.

 

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია უწევს საქართველოს მთავრობას განათლების სფეროს რეფორმირების პროცესში და განაცხადა, რომ განათლების სფერო და მისი გაუმჯობესება, მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

 

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოპერაციების აღმასრულებელმა დირექტორმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში 140 აშშ დოლარის ოდენობის მეორე კომპაქტის მიმდინარეობა და აღნიშნა, რომ კომპაქტი წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის მიმდინარე სტრატეგიული პარტნიორობის წარმატებულ მაგალითს, რომელიც მიმართულია საქართველოს განათლების სისტემის გაძლიერებისკენ. მან იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ქართულ მხარესთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება და ორმხრივად ხელსაყრელი გახდება.

 

19-21 სექტემბერს, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოპერაციების აღმასრულებელ დირექტორი, ჯონათან ნეში, თბილისში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ საგანმანათლებლო პროექტების შედეგებს და მიმდინარე საქმიანობას ეცნობა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner