ისარელის გამოცემა „Haaretz"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელში ქვეყნის თავდაცვის ძალების ყოფილი ოფიცერი გალ ჰირში საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილის კორუფციული გარიგების საქმეზე დაჰკითხეს.
გამოცემის თანახმად, გალ ჰირში ეჭვმიტანილია კორუფციასა და ფულის გათეთრებაში საქართველოში მისი კომპანიის გარიგებებთან დაკავშირებით. გალ ჰირში ისრაელის არმიის ბრიგადის გენერალი იყო. მოგვიანებით მან უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კერძო კომპანია „Defensive Shield" დააარსა.
გამოცემის ცნობით, გალ ჰირში და მისი კომპანიის სხვა ოთხი ხელმძღვანელი გასულ კვირას რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდნენ საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც, ისრაელის პროკურატურის ვარაუდით, შესაძლოა, კორუფციის, ფულის გათეთრებისა და საგადასახადო დარღვევების დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
გალ ჰირში პოლიციის უფროსობის კანდიდატი იყო, თუმცა კომპანია „Defensive Shield"-თან დაკავშირებული სკანდალისა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების გამო, 2015 წლის სექტემბერში იძულებული გახდა, საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა.
გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება ვარაუდობს, რომ კომპანია „Defensive Shield" თაღლითობისა და კორუფციის გზით იღებდა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტებს. გამოძიების ვერსიით, კომპანიის წარმომადგენლები კონტრაქტების მოსაპოვებლად ქრთამს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს აძლევდნენ. კორუფციული გარიგება დავით კეზერაშვილის მეგობრის შუამავლობით ხდებოდა, რომელიც ჰირშსაც იცნობს.