logo_geo
eng_logo
დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს
- +

21 სექტემბერი. 2018. 04:08

 

 

ყოვლადწმიდა დედა ღვთისა იშვა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისაგან - ქალაქ ნაზარეთში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი და იერუსალიმს სამი დღის სავალი აშორებდა. „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?“ - ამბობდნენ ებრაელები, როდესაც შეიტყვეს, რომ დიდი წინასწარმეტყველი იესო აქედან გამოვიდა.

 

წინასწარმეტყველთა უწყების მიხედვით, ქვეყნიერების აღთქმული მხსნელი დავითის სამეფო ტომიდან უნდა წარმომდგარიყო, მაგრამ ბაბილონის ტყვეობის შემდგომ დავით მეფის შთამომავლები ნელ-ნელა უფლებებს კარგავდნენ და როდესაც მაკაბელთა გვარი გაძლიერდა, სამეფო შტოს ყოველგვარი გამორჩეულობა გაქრა და ის სხვა ხალხს გაუთანაბრა.

 

როდესაც წინასწარმეტყველთა მიერ მოსწავებული დრო დადგა და სკიპტრა უცხოტომელ ჰეროდეს გადაეცა, როცა რომაელთა ყოვლისდამარღვეველი ხელმწიფება დაიწყო, როცა ზნეობრიობა და რელიგია სრულიად დათრგუნული აღმოჩნდა - მაშინ იუდეველებმა გააცნობიერეს, რომ დანიელის მიერ დათქმული ჟამი იწურებოდა და მოუთმენლად დაუწყეს ლოდინი მესიას, რომელიც მათ უცხოტომელთა უღლისაგან იხსნიდა და სხვა ხალხებზე ბატონობას მიანიჭებდა.

 

ნაზარეთში ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა - იოაკიმე და ანნა. იოაკიმე იუდას სამეფო ტომის შთამომავალი იყო, ხოლო ანნა აარონის ტომის ღვთისმსახურის მატთანის უმცროსი ასული. მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა: მარიამი, სოფიო და ანნა; სოფიოს ასული ელისაბედი არის დედა იოანე წინასწარმეტყველისა. იოაკიმე და ანნა ღვთის წინაშე მართლები იყვნენ და მის მცნებებსაც სუფთა გულით იცავდნენ. ისინი იმდენად ჩემომავლობით კი არა, მორჩილებითა და გულმოწყალებით იყვნენ ცნობილნი.

 

ამგვარად მიაღწიეს ღრმა სიბერემდე. მთელი მათი ცხოვრება ღვთის სიყვარულით და მოყვასისადმი თანაგრძნობით იყო განსჭვალული. საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლის ორ მესამედს ყოველდღიურად გასცემდნენ, ერთ მესამედს ღვთის ტაძარს სწირავდნენ, მეორეს ღატაკებსა და მოხუცებს უყოფდნენ; დანარჩენს პირადი საჭიროებისთვის იყენებდნენ. ბედნიერები იყვნენ, მაგრამ უნაყოფობა მათ გულს მწუხარებით ავსებდა: იმდროინდელი წარმოდგენით უშვილობა შეურაცხმყოფელად და უდიდეს სასჯელად ითვლებოდა, მით უფრო სამწუხარო იყო, რომ დავითის შთამომავლებს ჰქონდათ იმედი, რომ მათგან აღთქმული მესიის შობით - კაცობრიობის ხსნის იარაღად უნდა ქცეულიყვნენ.

 

მათი ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან 50 წელი გავიდა და ისინი უშვილობის გამო იყვედრებოდნენ. კანონის მიხედვით, რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს, იოაკიმეს შეეძლო, უნაყოფო ცოლთან გაყრა მოეთხოვა, მაგრამ მართალ ადამიანს უყვარდა ანნა და პატივს სცემდა მას არაჩვეულებრივი მოკრძალებულობისა და ღვთისმოსაობის გამო, ამიტომ მასთან განშორება არ სურდა. გულში ჩაკლული მწუხარებით, მაგრამ უდრტვინველად ისინი ერთად ტვირთულობდნენ განსაცდელის სიმძიმეს და მარხვით, ლოცვითა და ქველისმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას, ერთმანეთს სიყვარულით განამტკიცებდნენ და არ კარგავდნენ იმედს, რომ უფალს ყოველთვის შეუძლია მონის შეწყალება.

 

დიდ დღესასწაულებზე მათ ჩვეულებად ჰქონდათ, რომ იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისსახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა აყვედრა და უთხრა: „უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა“. სხვა თანატოლებმაც, რომლებიც იქ ესწრებოდნენ, დაუმატეს: „შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი“. იოაკიმესთვის მეტად მძიმე იყო ამგვარი ყვედრების ასე სახალხოდ მოთმენა და სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა, შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.

 

ამავე დროს, როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანნა უნუგეშოდ ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდარი ის არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყვნელი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს - შესაძლებელად აქცევს! ამ დროს ცისკენ აღაპყრო თვალები და დაფნის ტოტებში დაინახა ბუდე, რომელშიც უსუსური ბარტყები ისხდნენ - ამის გამო კიდევ უფრო მეტად აევსო თვალები ცრემლით, კიდევ უფრო მეტი ვედრებით გადმოიღვარა ლოცვა მისი გულიდან: „უბედური მხოლოდ მე ვარ - მოთქვამდა იგი - ამ ქვეყნად ყველა შვილებით ნუგეშობს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო, მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი, მომხედე, უფალო და ისმინე ჩემი ლოცვა!“

 

უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოსი წარსდგა და უთხრა: „ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს“.

 

ანგელოსმა დაავალა ანნას, რომ წასულიყო იერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. ღვთივსულიერი სიხარულით აღვსილმა ანნამ წამოიძახა: „ცხოველ არს ღმერთი ჩემი, თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ, დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს“. ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა.

 

ანგელოსი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იდგა უდაბნოში და უთხრა: „უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა, შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე“.

 

ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისაგან აღთქმულს. მართლმადიდებელი ეკლესია უხსოვარი დროიდან დეკემბრის მეცხრე დღეს დღესასწაულობს მოხუცებული, შვილიერებას მოკლებული მშობლებისაგან ღვთისმშობლის მუცლადღებას; რადგანაც ბავშვის დაბადება ღვთის განსაკუთრებულ წყალობად ითვლებოდა, რადგანაც საჭირო იყო, რომ სხვადასხვა სასწაულებს მოემზადებინა ყველაზე მთავარი სასწაული, უწყება იმის შესახებ, რომ ქალწული შობდა ქვეყნიერების მხსნელს, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი, უფლის აღთქმის მიხედვით - ჩაისახა და დაიბადა ცოლ-ქმრისაგან, მხოლოდ უფალი იესო ქრისტე იშვა უბიწო მარიამისაგან უქორწინებელად - სულიწმიდის მიდგომით.

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი ნაკლებად ცნობილ ადგილას, ნაზარეთში დაიბადა, ის გამოვიდა ოდესღაც სახელგანთქმული დავითის ტომიდან, რომელიც იმჟამად უკვე დამცირებული და ყოველგვარ ბრწყინვალებას მოკლებული იყო, ამქვეყნიური დიდება და პატივი არ შემორტყმია მის აკვანს. ყოველგვარი მიწიერი უპირატესობა გაფერმკრთალდა უხილავი დიდების შუქზე, რომელიც მრავალი საუკუნით ადრე ამზადებდა უფლის დიდებით შობას. სახარების მიხედვით მას კურთხეული და მიმადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც მასში ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა. ღვთიურმა სიბრძნემ დაფარა ეს საიდუმლო და ადამიანური გონებისათვის მისი რწმენითა და მადლით მიღება განსაზღვრა.

 

იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ, ანგელოსის მითითებით, ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს. მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე შექმნილის ქალბატონად და იმედად იქცა.

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება უძველესი დროიდან, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა. მოციქულთასწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზე აღმართა ტაძარი; ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული 8 (21) სექტემბერს აღესრულება. ეს არის განუყოფელი სიხარულის დღესასწაული, რადგან ღვთისმშობლისაგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა და პირველი დედის ევას მწუხარება სიხარულად გარდაიქცა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner