„ამ ხელისუფლების პირობებში, პრაქტიკულად, ჩაქრა პანკისის თემა. იქამდე იყო, რომ პანკისიდან სირიაში საბრძოლველად მიდიან, ტერორიზმის ბუდეა და ა. შ. ეს თემა საერთოდ მოიხსნა და პანკისზე საუბარი ამ კონტექსტში არც ერთ დონეზე აღარ არის. ეს ყველაფერი ზედმეტი ხმაურისა და ლაპარაკის გარეშე გაკეთდა, რაც სპეცსამსახურების პლუსია“, - აცხადებს ფსიქოლოგი და ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას, სადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკმაოდ პოზიტიურად არის შეფასებული.
როგორც საყვარელიძემ „რეზონანსთან“ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა, მოსახლეობა ტერორიზმის საფრთხეს ვერ გრძნობს და სწორედ ეს არის სპეცსამსახურების მუშაობის მთავარი მონაპოვარი.
„სუს-ის მუშაობა ისეთი რამეა, რომ სპეცსამსახურებმა უკეთესად იციან, მით უმეტეს, როდესაც ამერიკაზეა საუბარი. მაგალითად, ის სპეცოპერაცია, რაც თბილისში ჩატარდა და ხმაურია ატეხილი, მათ თბილისამდე როგორ მიაღწიესო. ამერიკელების შეფასება ამ მხრივ უფრო სანდოა. ვერც ერთმა ყველაზე ძლიერმა ქვეყანამ კი მსოფლიოში ვერ დაიცვა საზღვრები ისე, რომ შიგნით ტერორიზმს არ შეეღწია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩანს, რომ პრეტენზიებს, რასაც ნოემბრის სპეცოპერაციის შემდეგ ქართულ სპეცსამსახურებს უყენებდნენ, ოფიციალური ვაშინგტონი სერიოზულად არ მოეკიდა. სხვა მხრივ კი, ყველა ხაზი რაც საქართველოდან ტერორიზმის მხარდაჭერისა და გავრცელების კუთხით არსებობდა, ჩაკეტილია.
სუს-ის ფუნქცია არის ის, რომ უხმაუროდ დაიცვას ქვეყანა. ის ფაქტი, რომ ჩვენს რეგიონში, სადაც ტერორისტული საფრთხე ყველა მხრიდან მომეტებულია, ქვეყანაში კი არც ერთი ტერაქტი არ მომხდარა, ნიშნავს, რომ სუს-ი ნამდვილად კარგად მუშაობს. გასაგებია, რომ სპეცსამსახურები ვერ დასხდებიან ეთერში და ვერ ილაპარაკებენ იმაზე, თუ რა გააკეთეს.
კარგია, რომ ქვეყნის გარედან ყველაზე ავტორიტეტული წრეებიც საუბრობენ, რომ ქართული სპეცსამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან", - განაცხადა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მთლიანობაში, საქართველოს მთავრობას შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ საკითხებზე, ჩართული იყო არაერთ ორმხრივ წვრთნაში და რჩება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების სფეროში.