logo_geo
eng_logo
კოტე მახარაძე: Ликует столица Грузии и вся страна...
- +

13 მაისი. 2016. 12:02


 

1981 წლის 13 მაისი ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის საკრალური და უაღრესად ძვირფასი თარიღია, რადგან მსგავსი წარმატებისთვის ქართველ ფეხბურთელებს მას შემდეგ არ მიუღწევიათ.


ეს წმინდა სპორტული თვალსაზრისით, თუმცა ამ 35 წლის წინანდელ მოვლენას, ჩემი აზრით, სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ყველას ახსოვს დიუსელდორფის რეპორტაჟიდან კოტე მახარაძის ბოლო ფრაზა: „Представляю, что сейчас творится в столице Грузии - Тбилиси".


თბილისში კი, აი, რა ხდებოდა: ერი და ბერი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ჯანმრთელი და ავადმყოფი, უკლებლივ ყველა ქალაქის ქუჩებში იყო გამოსული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველას ყველა უყვარს; ღიმილიანი და ბედნიერი ხალხის ეს უზარმაზარი მასა დილამდე ზეიმობდა. რუსთაველის პროსპექტზე ქუჩის გამყოფ თეთრ ზოლზე იდგნენ მამაკაცები ღვინით სავსე დოქებით ხელში და აქეთ-იქით მანქანებიდან სანახევროდ გადმოსულ ხალხს ჭიქებს უვსებდნენ, ამის შემხედვარე მილიციელები მხოლოდ იღიმებოდნენ და არავის არაფერს უშლიდნენ, რადგან არავინ არაფერს აშავებდა. იმ ღამეს არ მომხდარა არანაირი კანონდარღვევა, თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია არვის თავიდან.



ერთ ასეთ ფაქტსაც გავიხსენებ: „დინამოს" სტადიონზე შეკრებილი ასიათასამდე ადამიანი ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდა, როდესაც სტადიონის დიქტორმა გამოაცხადა, ამდენი ხალხი მოედანზე რომ შეხვედით, ბალახი ითელება და მანდ ისევ ჩვენ ბიჭებმა უნდა ითამაშონო. 5 წუთში სტადიონის მწვანე გაზონზე ერთი სულიერიც კი აღარ იდგა. იმ ღამეს თბილისის მოსახლეობა „ერთ სულ და ერთ ხორც" იყო, მანამდე კი იყო ნამდვილი სპორტული გმირობით აღვსილი გზა, რომელიც თბილისის „დინამოს" ფეხბურთელებმა ლეგენდარული მწვრთნელის ნოდარ ახალკაცის მეთაურობით გაიარეს.


სახელგანთქმული „ვესტ ჰემ იუნაიტედის" ლონდონში ძლევა უკვე იმის ნიშანი იყო, რომ ქართველ ფეხბურთელებს სერიოზული პრეტენზიები ჰქონდათ, შემდეგი მეტოქე კი ჰოლანდიის 11-გზის ჩემპიონი როტერდამის „ფეიენოორდია", რომლის მუზეუმსაც ჩემპიონთა, უეფასა და საკონტინენტთაშორისო თასები ამშვენებდა და სრული კოლექციისთვის სწორედ თასების მფლობელთა თასი აკლდათ.




გუნდის მწვრთნელი ჩეხი ვაცლავ იეჟეკი თბილისში სპეციალურად ჩამოფრინდა და დინამოელთა შეხვედრას დაესწრო ლენინგრადის „ზენიტთან". მისი მატჩისშემდგომი კომენტარი ასეთი გახლდათ:„მჯერა კარგი შედეგის,თუმცა „დინამო" დიდებული გუნდია. ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი, შენგელია, სულაქველიძე ჩინებული ფეხბურთელები არიან".


მეტოქის თამაშის ხილვის საშუალება მიეცა ნოდარ ახალკაცსაც და როგორც ყოველთვის, სიტყვაძუნწი კომენტარი გვაკმარა: „თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. მაგრამ განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. „ფეიენოორდს" მთელი ძალით არ უთამაშია..."


8 აპრილს გამართულ შეხვედრაში „დინამომ" ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო მეტოქეს. 70-ე წუთისთვის 3:0-ს უგებდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოაჩინეს ბრჭყალები ჰოლანდიელებმა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს.


ორი კვირის შემდეგ უკვე „დინამოს" ელოდა როტერდამში ჯოჯოხეთი, რომლის სახელიც გახლდათ... ფრანც ვიორნერი, - ეს ავსტრიელი ბატონი ამ შეხვედრის მსაჯად იყო მოვლენილი, თუმცა სხვა ფუნქციებიც შეითავსა -ჩვენების მიერ  გატანილი და არჩათვლილი სამი გოლი, ორი არდანიშნული 100%-იანი პენალტი, სამაგიეროდ, თითიდან გამოწოვილი, არარსებული თერთმეტმეტრიანი ჩვენს კარში... ეს გახლავთ ამ ბატონის „ნაღვაწის" არასრული ჩამონათვალი. ამ პენალტის შემდეგ ანგარიში გახდა 0:2 „ფეიენოორდის" სასარგებლოდ, დროც საკმაო იყო დარჩენილი, მაგრამ „დინამომ" გაძლო, თქვენ წარმოიდგინეთ, ჰოლანდიელებიც დიდად აღარ აქტიურობდნენ, არ ვიცი, სინდისმა შეაწუხათ თუ დაიღალნენ, მაგრამ ფაქტია, შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა.




ჩვენი გუნდის მესვეურებს მსაჯის მიმართ პრეტენზიები ოფიციალურად არ გამოუთქვამთ, თუმცა უეფამ ფრანც ვიორნერი მაინც დასაჯა. ჩემი აზრით, ეს გახლდათ გადამწყვეტი მატჩი, რომლის მოგების შემდეგ ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი, რომ საბოლოო გამარჯვება თბილისელებს დარჩებოდათ.


ის, რაც დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" 1981 წლის 13 მაისს ხდებოდა, ჩემთვის ძნელი გადმოსაცემია, რადგან დარწმუნებული ვარ, მთელი 90 წუთის მანძილზე სავარაუდოდ არ ვსუნთქავდი, თვალიც არ დამიხამხამებია და საერთოდაც, მახსოვს მხოლოდ ბატონი კოტეს სიტყვები: „გაისმის რიკარდო ლატანცის სასტვენი, რაც იმის მაუწყებელია, რომ თბილისის „დინამომ" ევროპის თასების მფლობელთა თასი დაისაკუთრა"... მერე კი იყო ის ფრაზა, რომელიც თავშიც მოგახსენეთ და ამ მოგონების სათაურადაც გამოვიყენე და გრძელი ღამე, სიხარულის, ბედნიერების ღამე, რომელიც დიდ სინათლედ შემორჩა ჩემს მეხსიერებას.






right_banner right_banner
არქივი
right_banner