logo_geo
eng_logo
„ღვთისმშობლის ღიმილის“ პილიგრიმი
- +

24 თებერვალი. 2016. 11:46

 

 

გასულ კვირას ჩვენმა საზოგადოებამ მთაწმინდის მიწას მიაბარა თავისი ღირსეული შვილი, ქართული ლიტერატურული ელიტის მესვეტე და ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი, ჩვენი დროის დიდი მწიგნობარი და განმანათლებელი ბაჩანა ბრეგვაძე.


ხშირად მოისმენთ, ჩვენი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანააო. უცნაურ რამეს ვიტყვი, ქართული ლიტერატურა კი ამტკიცებს, რომ თუ რამეა ამ ქვეყანაში ღვთისმშობლის წილხვედრი, პირველ რიგში, სწორედაც ქართული თარგმანი. ლამის ათასი წლის წინ გიორგი მთაწმინდელი წერდა, ექვთიმე ათონელის მსგავსი ქართველი არც დაბადებულა აქამდე და მგონი, არც მომავალში დაიბადებაო. წერდა იმიტომ, რომ მისივე ცნობით, არაფერი არ გამოვიდოდა ექვთიმესგან, ამ ყრმობიდანვე დედისძმათა გამოისობით გაბერძნებული ბიჭისაგან, ავადმყოფობისას მარიამი რომ არ გამოცხადებოდა და უკვე მოწიფული ყმაწვილისთვის, ენა ქართულად არ ამოედგმევინებინაო. თუ გიორგი მთაწმინდელს მივენდობით, გამოდის, ღვთისმშობლის ღიმილით დაწყებულა ქართული თარგმანი და ყველას, ვისაც ოდესმე კალამი დაუძრავს ამ საქმისთვის, ეგებ თავისდა უნებურადაც საღვთისმშობლო გზაზე უვლია. ბაჩანა ბრეგვაძეც ამ გზაზე მავალი კაცი იყო, ამ გზის მგზავრი, „ღვთისმშობლის ღიმილის" პილიგრიმი.


„მე მითარგმნია და დამიწერია არა ერთი და ორი წიგნი, მაგრამ სულ სხვა იყო ის, რისი თარგმნაც მე დამავალა ჩვენმა დიდმა პატრიარქმა, - ეს იყო „ახალი აღთქმა", ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს - სიხარული და შიში. დიდ ათონელთა შემდეგ მე უნდა მეთარგმნა დიადი საღმრთო წიგნი: მაგრამ პატრიარქი მენდო და მე უფლება არ მქონდა უარი მეთქვა მისთვის. განზე გადავდე ყველა საქმე და მოწიწებით შევუდექი უმძიმეს შრომას. თავაუღებელმა შრომამ თავისი შედეგი გამოიღო: ერთ წელიწადში დიადი წიგნის თარგმნა დასრულდა და დღემდე რამდენიმეჯერაც გამოიცა. მოწიწებით ვიხდი მადლობას.

 

ბაჩანა ბრეგვაძე



ქართველი მკითხველი ბაჩანა ბრეგვაძის ბრწყინვალე თარგმანებით ეზიარა ფილოსოფიური, ფილოლოგიური შრომებისა და მსოფლიოს ფილოსოფიური, რელიგიური, ესთეტიკური სოციოლოგიური, ისტორიული თუ ლიტერატურული კლასიკის შედევრებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, დედნების ენიდან არის შესრულებული. იგი თარგმნიდა ძველი ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული ესპანური, გერმანული, პორტუგალიური, რუსული ენებიდან.


ბაჩანა ბრეგვაძე სიცოცხლეშივე იქცა საკუთარ წიგნებად. საკმარისია გავიხსენოთ პლატონის დიალოგები, ფსევდოლონგინე, „ამაღლებისათვის"; ბლეზ პასკალი, „აზრები"; მარკუს ავრელიუსი, „ფიქრები"; მიგელ დე სერვანტეს საავედრა, „დონ კიხოტი"; ნეტარი ავგუსტინე, „აღსარებანი"; ნიკოლო მაკიაველი, „მთავარი", ხოსე ორტეგა ი გასეტი, „მასების ამბოხი"; პოლ ვალერი, „სულის კრიზისი" და  სხვა. აღარას ვამბობთ წიგნთა წიგნზე - ახალი აღთქმა (ბიბლია).


ამბობენ, მთარგმნელები დავიწყების ხალხია, მკითხველები თითქოს არც იმახსოვრებენ მათ სახელებს და არც ახსენებენო. არადა, ამ დღეებში იმდენი სითბო, სიყვარული და მადლიერების სიტყვა ითქვა ბატონი ბაჩანას მიმართ, რომ ეს აზრი გაქარწყლდა. დამამახსოვრდა ქალბატონ ნანა ლომიძის ჩანაწერი სოციალურ ქსელში:


„ბატონმა ვახუშტი კოტეტიშვილმა ქართველ მთარგმნელთა შესახებ საუბრისას ჩვენთან, რადიოგადაცემაში, თქვა: - მესმის, რომ მთარგმნელების ჰონორარი ცოტაა, ან საერთოდ არაფერიც... მაგრამ ბაჩანა ბრეგვაძე მაინც თარგმნის... იატაკიდან ჭერამდეა მის სახლში ბაჩანასეული თარგმანები, არ ჩერდება, რადგან იცის, რომ ძვირფას განძს უტოვებს შთამომავლობას. დღეს ბატონი ვახუშტიც თავის დანატოვარში ცოცხლობს, უკვდავების ამ მარადიულ გზას შეუერთდა ბატონი ბაჩანა... ასეთი დიდი ქართველების წასვლის გამო შიში გიპყრობს, უძლურდები... მაგრამ ისინი მუდამ შენთან არიან... ვიდრე ჰხვალ, საქართველო!"

 

 მანანა ჯანელიძე

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner