logo_geo
eng_logo
„სულ პატარა სიხარულით, სულ პატარა სიყვარულით, მზე ჩამოდის ციდანო“...
- +

13 მაისი. 2016. 13:49



რა კარგია, როდესაც საერთოდ არ გაშინებს 13 რიცხვი და თანაც პარასკევი...

დილიდან განსაკუთრებით ამაღლებულ ხასიათზე ვარ! ამოვიცვი სპორტული ტრუსები, ჩემი საყვარელი ბოტასები, გაკვირვებულ ანდრიას (ჩემს შვილიშვილს) წავართვი ბურთი და ვაჟა აზარაშვილისა და მორის ფოცხიშვილის სიმღერით „დინამო-დინამო-დინამო!" გარინჩასავით გავვარდი აივანზე... სხვათა შორის, ბატონი ვაჟაც 13 რიცხვშია დაბადებული, ოღონდ ივნისში.



ზუსტად ამ დღეს კი, 35 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს ჩვენმა სახელოვანმა თბილისის „დინამომ" დიუსელდორფში იენის „კარლ ცაისს" 2:1 სძლია და ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. როგორც მაშინ არ მესმოდა არაფერი ფეხბურთის, ასევე ახლაც არ მესმის. ამ განხრით ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწიე, მაგრამ ისე მიხაროდა ჩვენი ბიჭების მოგება, რომ ის საცოდავი ჰოპე (დღემდე მახსოვს მისი გვარი), რომელმაც 63-ე წუთზე გოლი გაგვიტანა და სწორედ იმ წუთში გახდა პირადად ჩემი დაუძინებელი მტერი, ისიც კი შევიყვარე და ვაპატიე...


საერთოდ, მე, ფეხბურთისგან საოცრად დაშორებულ ადამიანს, ორი ძალიან მჭიდრო შეხება მქონდა თბილისის „დინამოსთან" და, მინდა გითხრათ, იღბლიანი ფეხიც კი მქონია... 


პირველად ეს მოხდა 1976 წელს, როდესაც ბათუმის პანსიონატში ვისვენებდით: თბილისის „დინამო", ჩემი ბიძია, ბებია და მე... არ გაგეცინოთ და არ ჩამითვალოთ ამბიციებში, მაგრამ მართლა ასე იყო. ბატონმა ნოდარ ახალკაცმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სიმკაცრით და მომთხოვნელობით, კატეგორიულად მოითხოვა იმ წელს პანსიონატის დახურვა დამსვენებლებისთვის, რათა არავის შეეწუხებინა ფეხბურთელები. მაგრამ ბიძაჩემი, ზურაბ ანჯაფარიძე ბათუმის საპატიო მოაქალაქე იყო, თანაც ბატონი ნოდარის ახლობელი და ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვეს.


მე ისეთი ბედნიერი ვიყავი... სულ შორიდან ვათვალიერებდი ცნობილ ფეხბურთელებს და ყოველდღე ვრეკავდი თბილისში - მთელ ქალაქს უნდა გაეგო, რომ, მაგალითად, ჩემ გვერდით პლაჟზე თავად ძმები მაჩაიძეები ისხდნენ, და კარგად ვიცნობდი გუნდის კაპიტან ბიჭი ჭელიძეს! მე კი კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ბიჭების - რა მოგახსენოთ... მთელი დღე ვარჯიშობდნენ, საღამოს კი გამოეწყობოდნენ თეთრ პერანგებში, ჯინსებში და ჩამოსხდებოდნენ პენსიონერებივით პანსიონატის წინ სკამებზე... მაქსიმუმ, ჩემთან ბადმინტონი ეთამაშათ... მე კიდევ ამ თამაშ-თამაშში შემიყვარდა ერთ-ერთი ფეხბურთელი და ვაჩუქე დიდი მაგნოლია... თურმე ალერგია ჰქონია და კინაღამ მარია მედიჩივით მოვწამლე... სამაგიეროდ ზუსტად იმ წელს, ოქტომბერში თბილისის „დინამომ" საბჭოთა კავშირის თასი მოიგო. გამოგიტყდებით და, ფინალში 3-დან ერთ-ერთი გოლი, მე რომ კინაღამ მოვწამლე, იმ ფეხბურთელმა გაიტანა...


თბილისის „დინამოს" სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ დაიწერა ქართული ფეხბურთის ჰიმნი - სიმღერა „დინამო-დინამო-დინამო!"

გავიდა წლები... 1981 წელს, იანვარში საშინელ ავარიაში მოვხვდი და სიარულის აღსადგენად ისევ ბიძაჩემის ძმაკაცს, „დინამოს" მთავარ ექიმს, არაჩვეულებრივ ზაქრო თელიას მივაკითხეთ. იმანაც დამინიშნა მკურნალობა და ყოველდღე ვიტარებდი პროცედურებს ფიზკულტურის დისპანსერში, რომელიც თბილისის „დინამოს" ფეხბურთელებს ემსახურებოდა... მაშინ ახლოს გავიცანი ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი და შესანიშნავი ფეხბურთელი და პიროვნება ილია დათუნაშვილი, რომელმაც 1965 წელს ერევნის „არარატს" 5 გოლი გაუტანა. საერთოდ, თბილისის დინამოელები ნამდვილად გამორჩეულები იყვნენ, განსაკუთრებულები, ისეთები, როგორიც ეკადრებოდა ნამდვილ „ვარსკვლავურ გუნდს"... ყველა ერთად და სათითაოდ იყო დიდი სპორტსმენიც და ღირსეული ადამიანიც. მაგრამ არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო არაჩვეულებრივი ვიტალი დარასელია, რომელიც გამოირჩეოდა საოცარი თავმდაბლობით, ზრდილობითა და კეთილშობილებით... მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებს ურიგო მომსახურება ეკუთვნოდათ, არც ერთხელ არ წასულა ურიგოდ და დედაჩემს და მე რომ დაგვინახავდა, თავისზე წინ გვიშვებდა... პატარა დეტალია, მაგრამ...


დისპანსერში მკურნალობას მოვრჩი და... სწორედ ამ წელს, 13 მაისს „დინამომ" თასების თასი მოიგო! ასე რომ, აი, ასეთი პატარა და შორეული თილისმა ვიყავი ჩვენი „დინამოსთვის"...


ისინი, რა თქმა უნდა, ამას ვერც ხვდებოდნენ, მაგრამ მაინც გადამიხადეს თავისებურად მადლობა... უნივერსიტეტში, მათემატიკურზე სწავლის დროს გადამეკიდა ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელიც არაფრით არ მიწერდა ჩათვლას და ვოვა გუცაევის და ვიტალი დარასელიას პირადი ჩარევა რომ არა, შემდეგ კურსზე, ხუთოსნობის მიუხედავად, არავინ გადამიყვანდა...


ბოლოს კი, რომ არ იფიქროთ, რომ ფეხბურთში საერთოდ ვერ ვერკვევი, შეგახსენებთ, რომ 13 მაისის მატჩი ჩატარდა დიუსელდორფში, „რაინშტადიონზე". მსაჯი იყო იტალიელი რიკარდო ლატანცი. ჩვენი მხრიდან გოლები გაიტანეს ვლადიმერ გუცაევმა (67-ე წუთზე) და ვიტალი დარასელიამ (87-ე წუთზე)...


ისიც ვიცი და მჯერა, რომ თბილისის „დინამო" კიდევ ბევრ გამარჯვებას მიაღწევს... ჩვენ გვაქვს უდიდესი საფეხბურთო ტრადიციები - მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, დიდი ბორის პაიჭაძე... სხვათა შორის, ისიც ვიცი, რომ შოსტაკოვიჩი ყველა საქმეს გადადებდა და ბორის პაიჭაძის თამაშის საყურებლად მიდიოდა ხოლმე, რომელსაც „ფეხბურთის კარუზოს" ეძახდა...

გისურვებთ ბედნიერ და გამარჯვებულ დღეს!




ავტორი: ლელა ანჯაფარიძე





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner