logo_geo
eng_logo
სამოქალაქო აქტივისტმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სტრასბურგში საქმე მოიგო
- +

23 სექტემბერი. 2018. 02:16

 

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

„საქმე ეხებოდა 2005 წელს მომჩივან - მარიამ ჯიშკარიანის მიერ ცილისწამების შესახებ სამართალწარმოების დაწყებას იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრის კონსტანტინე კემულარიას წინააღმდეგ. მინისტრი მას ტელევიზიითა და ბეჭდური მედიის საშუალებით ადანაშაულებდა თანხის სანაცვლოდ პატიმრებისთვის სამედიცინო დასკვნების შედგენაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ცენტრის დირექტორი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, იმ დროს აღწერდა ციხეში არსებულ ვითარებას და აფიქსირებდა წამების ფაქტებს.

 

მარიამ ჯიშკარიანმა ცილისწამებისთვის ქართულ სასამართლოში იჩივლა, თუმცა საქმე ვერცერთ ინსტანციაში ვერ მოიგო.

 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივმა სასამართლომ იუსტიციის მინისტრის მიერ გამოთქმული ბრალდებები მის პირად მოსაზრებად მიიჩნია და ჩათვალა, რომ ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ნორმებში.

 

როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს, კოტე კემულარიამ ჯიშკარიანი ისე დაადანაშაულა კორუფციაში, რომ არ იყო დასრულებული მისი საქმის მოკვლევა. მინისტრს არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია ჯიშკარიანის შესაძლო უკანონო ქმედებაზე.

 

„სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის სასარგებლოდ 1 500 ევროს გადახდა - მორალური ზიანის ანაზღაურების სახით და 1 833 ევროს გადახდა ხარჯების ანაზღაურების სახით“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner