logo_geo
eng_logo
როგორია ნატუკა გულისაშვილის ცხოვრებისეული რეცეპტი?
- +

12 მაისი. 2016. 17:09


 

დღეს ჩვენი სტუმარია ყველასთვის საყვარელი, საოცრად პოზიტიური,  კინოსა და თეატრის მსახიობი ნატუკა გულისაშვილი. იგი მოგვიყვება მის მიერ შესრულებულ კინოროლებზე და გაგვანდობს თავის ცხოვრებისეულ რეცეპტს.


- როგორი ბავშვი იყო ნატუკა გულისაშვილი?


- ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს და ალბათ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ბავშვობას უკავშირდება. მამაჩემი მეღვინე იყო და აქედან გამომდინარე,  საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილი ვიყავი და ალბათ ზედმეტად განებივრებულიც კი. ძალიან მიყვარდა და მიყვარს ცხოველები. მამაჩემმა, კახეთში ჩვენს მამაპაპისეულ  მიწაზე ვოლიერებიც კი ამიშენა, სადაც მყავდა ორი ირემი, ფარშავანგი და უამრავი სხვა ცხოველი. შეიძლება ითქვას, რომ ვიყავი გათავხედებული, მაგრამ არა უზრდელი ბავშვი. არ ვიცი, მგონი, ძალიანაც კარგი ვიყავი. (იცინის)


- არსებობს თუ არა ისევ პატარა ნატუკა თქვენს პიროვნებაში?


- კი, არსებობს. ჩემი შვილი ხშირად მეუბნება, რომ ისევ პატარა ბავშვივით ვარ. დღემდე მიყვარს ცხოველები, ფეხბურთის თამაში, მაგრამ მგონი უკვე ასაკი აღარ მიწყობს ხელს. ამ დრომდე მაქვს შენახული ბავშვობისდროინდელი რბილი სათამაშოები, რომლებიც არც ისე ლამაზები არიან, ზოგს დიდი ყური აქვს, ზოგი უკვე გაფუჭდა, თუმცა ჩემთვის ძალიან ძვირფასები და საყვარლები არიან.


იმ ბავშვობიდან დღემდე ალბათ, მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ ცხოვრებამ, რაღაცნაირად გამომაფხიზლა და მაჩვენა, რომ კარგა ხანს ზღაპარში ვცხოვრობდი, შევიძინე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, თუმცა ისევ ცხოვრობს ჩემში პატარა ნატუკა.


- რა ასაკში და როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში თეატრი და კინო?


- რაც თავი მახსოვს, ჩემს გარშემო მუდმივად იყო მუსიკა, კინო და თეატრი. ჩემი დიდი ბებია იყო მარო თარხნიშვილი, პირველი ლოტბარი საქართველოში. მამაჩემის მხრიდან კი სულ მუსიკოსები და მომღერლები მყავდნენ, ასევე თამარა ჭავჭავაძე ჩემი ნათესავი გახლდათ. ჩვენს ოჯახში სუფრის დიდი კულტურა იყო, სწორედ აქ ვხვდებოდი ამ ლეგენდარულ ადამიანებს და თავი სხვა სამყაროში მეგონა.


რაც შეეხება ჩემს წასვლას კინოსა და თეატრში, ეს არასდროს მიფიქრია, რადგან სულ მეგონა, რომ ,,ბარბივით" გოგოები უნდა ყოფილიყვნენ ამ სფეროში და სწორედ ამის გამო ვთქვი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ვსწავლობდი ვოკალის განხრით მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან და ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ ოპერის მომღერალი გავხდებოდი, თუმცა, რათა გული არ დამწყვეტოდა, მაინც ვცადე თეატრალურის ტურებზე გასვლა. ღვთის წყალობით, სამივე ტური ჩავაბარე და ასე მოვხვდი სამსახიობო ფაკულტეტზე. ზოგადად, ვოკალს და სიმღერას ფაქტობრივად მთელი ცხოვრება უნდა დაუთმო, რისი დროც ალბათ არ მქონდა, მაგ პერიოდში ვიყავი შეყვარებული, შემდეგ გავთხოვდი და ასე გამოვიდა, რომ მომღერლის ნაცვლად, მსახიობი გავხდი. 

 

- რომელ როლს გამოარჩევდით და გაქვთ თუ არა საოცნებო როლი?


- მინდა ბევრი საინტერესო როლი. არ ვარ განებივრებული მუდმივი გადაღებებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი წინ არის. ჯერ კიდევ ბევრი როლი მაქვს შესასრულებელი, რათა მერე საოცნებო როლზე დავიწყო ფიქრი, თუმცა დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რომელიმე ზღაპარში, უშნო „ბაბა-იაგას" როლს, რომელსაც რაღაცა ძალიან საინტერესო ისტორიები ექნება. ბედნიერი ვარ, რომ ვითამაშე ლევან დაბრუნდაშვილის ზღაპრულ ფილმში ,,ანოს და ვანოს თავგადასავალში" ძიძის როლი. საოცრად ვისიამოვნე ამ ფილმით ზოგადად.



რაც შეეხება საყვარელ როლებს, ასეთი ბევრია. რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, ჩემს მიერ კინოში შესრულებულ როლებს რომ გადახედოთ, აღმოაჩენთ, რომ უმეტესად მეძავის ტიპაჟს ვანსახიერებ, მაგრამ მე ესეც ძალიან მომწონს, რადგან  არასდროს ვთამაშობ ბანალურ მეძავს, ჩემს ყველა გმირს მოჰყვება თავისი ძალიან საინტერესო ისტორია, თუ როგორ მოვიდა ამ ეტაპამდე, როგორი ცხოვრება აქვს და ასე შემდეგ.


გამოვარჩევდი ფილმს ,,მიდიოდა მატარებელი", არა იმიტომ, რომ მე იქ დაუვიწყარი პერსონაჟი შევქმენი, არამედ იმიტომ, რომ მომეცა ნამდვილ ლეგენდებთან ერთად თამაშის საშუალება. მე პარტნიორობა გავუწიე რამაზ ჩხიკვაძეს, კახი კავსაძეს, ზურა ყიფშიძეს და კიდევ ძალიან ბევრ საოცარ მსახიობს. ვთვლი, რომ უდიდესი გამოცდილება მივიღე, ისეთი, როგორსაც ვერც თეატრალურში მიიღებს ადამიანი და ვერც ვერსად წაიკითხავს. ამ ყველაფრის შემდეგ ეს ფილმი ნამდვილად დაუვიწყარი და გამორჩეული გახდა ჩემთვის.



ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვითამაშე სერიალ ,,ტიფლისში", აი ნამდვილად გული გამისკდებოდა, ამ პროექტის მიღმა რომ დავრჩენილიყავი, რადგან თანამედროვე კინემატოგრაფიაში ერთ-ერთ უძლიერეს ნამუშევრად მიმაჩნია ეს სერიალი. მის შექმნაზე მუშაობდა არაჩვეულებრივი ჯგუფი, დაწყებული მხატვრებიდან, დამთავრებული რეჟისორებით. გადაღებები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო იმ ეპოქის გაცოცხლება ასეთ მაღალ დონეზე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად შევძელით. შეფასებაც ძალიან კარგი მოჰყვა მაყურებლისგან, თუმცა იყო კრიტიკაც, მაგრამ ალბათ ეს ჩვენი ქართველების ხასიათის ბრალია. როცა უცხოურ ნამუშევარს ვუყურებთ, სადაც შეიძლება ძალიან ბევრი ლაფსუსი იყოს გაპარული, იმას არაფრად ვთვლით, მაგრამ როცა ქართულ პროდუქტს ვაფასებთ, მას  კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებთ, ეს ცოტა საწყენია, მაგრამ საბედნიეროდ, მაყურებელს ეს სერიალი ძალიან შეუყვარდა და მისმა დასრულებამ საკმაოდ დასწყვიტა გული.


 

 

 

 

ასევე გამოვყოფდი ლილის როლს, რომელიც სწორედ „ტიფლისში" შევასრულე, რადგან ამ პერსონაჟს ძალიან დიდი პიროვნული სიღრმეები ჰქონდა. ჩანდა, საიდან მოდიოდა, სად იყო და საით მიდიოდა. ამ სერიალის წყალობით მე აღარ ვიყავი უბრალო მეძავი, უკვე ბორდელის მეპატრონე გახლდით. (იცინის) ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

 

- როგორია იდეალური მამაკაცი ნატუკა გულისაშვილისთვის და თქვენი აზრით, არსებობენ თუ არა ისინი?


- როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაინც ვიტყვი, რომ შემხვედრია და ეს იყო მამაჩემი. ალბათ, ეს ცუდია, რადგან მუდმივად სხვა მამაკაცებს ვადარებ მამაჩემს. სწორედ ამიტომ გავყევი მაშინ, ახლა უკვე ჩემს ყოფილ მეუღლეს, რადგან დავინახე ეს მსგავსება მათ შორის, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს მინუსი, ზოგზე თვალის დახუჭვა შეიძლება, ზოგზე კი - არა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობებში ტყუილი არ არსებობდეს. ერთ დღესაც მე და ჩემი მეუღლე მივხვდით, რომ ყველაფერი დასრულდა.


ზოგადად მგონია, რომ იდეალური კაცი რეალიზებული უნდა იყოს. არ ვგულისხმობ, რომ მილიონერი იყოს, უბრალოდ უნდა ჰქონდეს განვითარების პერსპექტივა, რაც შემდგომ სულიერ სიმშვიდესაც განაპირობებს. იდეალური კაცის გვერდით როცა ხარ, გინდა, მასზე ადრე გაიღვიძო და უბრალოდ მის სუნთქვას უსმინო, მაგ დროს შეგიძლია ძალიან ბევრ დათმობაზეც წახვიდე, ამისთვის კი საკმარისია, კაცი ყველანაირად რეალიზებული იყოს, რათა, მასში აღარ იარსებოს შურმა, ბოღმამ და ღვარძლმა, თუმცა გეტყვით, რომ მე ასეთი მამაკაცი ჯერ არ მინახავს.

 

- თქვენი ცხოვრება რომ ეტაპებად დავყოთ... ჯერ იყო მამა, რომელიც განებივრებდათ, შემდეგ მეუღლე... როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში ეტაპი როცა ცხოვრების გზაზე მარტო დარჩით და დედაკაცის როლის მორგება მოგიწიათ.


- ძალიან რთული იყო, მარტო დარჩენა. არავინ იჯერებდა, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს გავშორდით. ურთიერთობის დასრულების შემდეგაც ძალიან მიჭირდა, რადგან გრძნობა კარგა ხანს მე კიდევ მქონდა. 7 წელი გაგრძელდა ეს რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ხნის განმავლობაში კი კიდევ სხვა მრავალი პრობლემა მქონდა. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ჩემს შვილს და დედას ვეღარ ვარჩენდი მხოლოდ თეატრში მუშაობით. იმ პერიოდში გავხსენი „მეორადები" გადაჭრილ ვაგონში, რომელსაც დღის საათებში ვამუშავებდი, შემდეგ სპექტაკლზე გავრბოდი და საღამოს, როცა ყველას ეძინა, ნამცხვრებს ვაცხობდი, რომ დილით ჩამებარებინა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 24 საათი ვიბრძოდი გადარჩენისთვის.  მიხარია, რომ ეს პერიოდები გავიარე და დღეს აღარაფრის მეშინია. მჯერა, ყველაფერი ცუდი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ შემდეგ მას ორჯერ უფრო კარგი მოჰყვეს. იმდენად კარგად ვისწავლე ჩემს შეცდომებზე, რომ მგონი უკვე კარგი აღარაა ეს, რადგან მეშინია ახალი სიყვარულის.

 

- ქმართან გაშორების შემდეგ, იყო თუ არა სიყვარული თქვენს ცხოვრებაში?


- სიყვარული არ ყოფილა, იყო მოწონება, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ეს ურთიერთობა სერიოზულ ფორმებს იღებდა და პერსპექტივა ჰქონდა სიყვარული დარქმეოდა, მაშინვე შევწვიტე ყველაფერი, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ისევ მეშინია იმავეს განმეორების და გულის ტკენის.


ძალიან საინტერესოა ცხოვრება, რადგან შეიძლება სწორ გზაზე მიდიოდე, მერე ქარიშხალი ამოვარდეს და შენ მაინც უნდა წამოდგე. მე მაინც ვიტყვი, რომ ცხოვრება ძალიან საინტერესოა და ძალიან მიყვარს.

 

- როგორია თქვენი სურნელოვანი და არომატული ცხოვრება? და როდიდან ხართ გატაცებული კულინარიით?


- მიუხედავად ყველაფრისა, თავს მაინც ძალიან ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ. მიხარია, რომ თენდება, მაბედნიერებს, რომ მყავს შვილი და დედა. რთულია  ცხოვრება, მაგრამ მაინც ყოველ წუთს საჭიროა პოზიტიურად იყო.



რაც შეეხება კულინარიას, იგი ჩემს ცხოვრებაში სულ იყო, რადგან ოჯახში შესანიშნავი კულინარები მყავდნენ მუდამ. შემდეგ რთულ პერიოდში, როცა ღამე ვაცხობდი, მივხვდი, რომ ამას არა მარტო თანხის გამო, არამედ ჩემი სიამოვნებისთვისაც ვაკეთებდი. ტელეკომპანია „იმედშიც" სრულიად შემთხვევით მოვხვდი, ერთ დღეს დამირეკეს და მკითხეს: - „გემრიელობებს ხომ აკეთებ შენო?"


მეც ვუთხარი: „კი-თქო". ჰოდა, მოდი ჩვენთანო.


არ ვიცი, როლისა და კერძის შექმნა ერთმანეთს ძალიან გავს, არცერთს არ უხდება ზედმეტი არაფერი.

 

- როგორ ცხოვრებისეულ რეცეპტს ეტყოდით მკითხველს?


- მე ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ მკითხველს. სასწაული ყოველ წამიერად ხდება. ღმერთს ვუთხრათ ყოველ დილით მადლობა, რომ გავიღვიძეთ. ვეცადოთ, რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს ხშირად ვუთხრათ, რომ გვიყვარს. თუ რთული პერიოდია თქვენს ცხოვრებაში, ჩათვალეთ, რომ სკოლაში ხართ თქვენთვის არასასურველ გაკვეთილზე და იცით, რომ 1 საათში, 1 წელში დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გაკვეთილი დიდ გამოცდილებას დაგვიტოვებს. ყოველ დილით ვაჩუქოთ ერთმანეთს პოზიტივი და ბევრი ღიმილი. დამიჯერეთ, ამით ყველანი ძალიან ბედნიერები ვიქნებით.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner