logo_geo
eng_logo
მზადება 50 წლის იუბილესთვის და ბავშვობის ახდენილი ოცნებები
- +

13 მაისი. 2016. 14:47


 

მუსიკოსი, კომპოზიტორი, რეჟისორი და საქართველოში ვოდევილის თეატრის დამაარსებელი მიხეილ ზაქარიაშვილი დღეს ჩვენი სტუმარია.

 

- რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში?

 

- რთული შეკითხვაა, 50 წლის ვხდები 26 ივლისს და დიდი სურვილი მაქვს, ამ თარიღს დავამთხვიო ჩემი შემოქმედებითი კონცერტი, რაღაცნაირად სურვილი გამიჩნდა, შევაჯამო ჩემი გაკეთებული და შექმნილი სიმღერები.

 

- „გოგონა ერთი, თვალებხატულა"... როგორი იყო მიხეილ ზაქარიაშვილისთვის სიყვარული ადრე და როგორია ის ახლა?


- ესეც საკმაოდ რთული შკითხვაა. მე პირველი ოჯახი დამენგრა, ახლა მეორე ქორწინებაში ვიმყოფები, ალბათ სიყვარული ყველაფერია და ყველაფერშია საჭირო, უსიყვარულოდ ცხოვრება ძალიან რთულია ყველასთვის და ალბათ, განსაკუთრებით ხელოვანი ადამიანისთვის. სიყვარული გეხმარება, რომ საქმეში, შენს კარიერაში რეალიზებული იყო, ბედნიერებაა, როცა გიყვარს, ეს ყველაფერზე გეტყობა და პირველ რიგში თვალებზე, რომლებიც სიყვარულის დროს არაამქვეყნიურად ბრწყინავს. მგონია, რომ არ არსებობს სიტყვა: - მიყვარდა. არ შეიძლება ეს დასრულდეს, არც იმის მჯერა, რომ ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ გეწვევა ადამიანს ეს გრძნობა. უბრალოდ, დროთა განმავლობაში ხვდები, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად გიყვარდებიან. მე პირადად ვიტყვი, რომ სულ, მუდამ შეყვარებული ვარ.


- იმეგობრებდა თუ არა პატარა მიხეილ ზაქარიაშვილი, ახლა უკვე გაზრდილ მიხეილ ზაქარიაშვილთან?

 

- ალბათ კი, რადგან ვთვლი, რომ რაზეც ვოცნებობდი, ყველაფერს მივაღწიე და შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ. ალბათ ძალიან პრაქტიკული ოცნებები მქონდა. სარეჟისორო დავამთავრე გიგა ლორთქიფანიძესთან, და ბოლო ოცნება იყო, რომ სპექტაკლი გამეკეთებინა, საბედნიეროდ, ეს ოცნებაც ავიხდინე. წარმოიდგინეთ, შვილებიც კი ისეთი მყავს, როგორზეც ვოცნებობდი და მინდოდა. მოკლედ, ძალიან ბედნიერი კაცი ვარ.

 

- ყველა გიცნობთ, როგორც მუსიკოსს, მომღერალსა და რეჟისორს. როგორია მიხეილ ზაქარიაშვილი მამის და ქმრის ამპლუაში?


- ალბათ, ეს შეკითხვა ჩემი ცოლისთვის და შვილებისთვის უნდა დაგესვათ. ისინიც გიპასუხებდნენ, რომ კარგი მამა და ქმარი ვარ, თუმცა, მე ასე არ მივიჩნევ, რადგან დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე ყველას გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, ძალიან მენატრებიან ჩემი შვილები, როცა მე სახლში ვარ, მათ აქვთ საქმე, როცა ისინი არიან სახლში, მე მიწევს გასვლა. რეალურად, სულ მათ მონატრებაში ვარ.


- გააგრძელეს თქვენი საქმიანობა თქვენმა შვილებმა?

 

- კი, ასე გამოვიდა. ჩემი ორივე შვილი ხელოვნებასთანაა დაკავშირებული, ჩემი უფროსი, ბიჭი პიდბოქსს აკეთებს და მღერის კიდეც, გოგონა კი ცეკვას სწავლობს და ამით არის გატაცებული. ისეთ წრეში გაიზარდნენ, რომ ახლა თავად მოუნდათ, რამე ღირებული გააკეთონ. ორივე ნამდვილად ძალიან მონდომებულია.


- მუსიკა თქვენს ცხოვრებაში...

 

- ბავშვობიდან ვმღერი, გამოვდიოდი სკოლის კონცერტებზე, ჯილდოებიც ამიღია, მაგრამ სერიოზულად ,,მუსიკის კეთება" 16 წლის ასაკში დავიწყე. ზოგადად მიდრეკილება მაქვს დეპრესიისკენ, ვიცი ჩაკეტვები და მერე ახალი ენერგიით ახალი საქმეების კეთება. ჩემი მუსიკასთან კავშირიც ასე მოხდა. ჩემს ორ ძმასთან ერთად ვუკრავდი სახლში ჯაზს, შემდეგ კი უკვე სერიოზულად დავიწყე სიმღერაც და მუსიკის შესწავლაც.

 

- როგორ გადაწყვიტეთ ჯერ სამსახიობოზე ჩაბარება და შემდეგ სარეჟისოროზე?

 

- არასდროს მიფიქრია, რომ სადმე უნდა ჩამებარებინა და მაინცდამაინც დიპლომი მქონოდა. უბრალოდ, დედაჩემის თხოვნა იყო, რომ მეცადა თეატრალურში, სამსახიობოზე ჩაბარება. თან იმ პერიოდში შეზღუდვა იყო, 23 წლის შემდეგ განაცხადები აღარ მიიღებოდა. თეატრი სულ მიყვარდა, ასევე კითხვა და ყველა მეუბნებოდა, რომ შესარჩევ ტურებზე გასვლა არ გამიჭირდებოდა. ასე დავამთავრე სამსახიობო ფაკულტეტი, შემდეგ გიგა ლორთქიფანიძემ მითხრა, რომ უნდოდა, მისი სტუდენტი გავმხდარიყავი და ასე დავამთავრე მუსიკალური თეატრის სარეჟისორო ფაკულტეტიც.


- ვოდევილევის თეატრი. როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა, რომ მსგავსი სტილის თეატრი შეგექმნათ საქართველოში?

 

- ჩემი აზრით, დღეს უმრავლესობას უჭირს სერიოზული სპექტაკლების ნახვა, პატივისცემაა დაკარგული თეატრის მიმართ. ამიტომ სულ ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა ისეთი, რომ არც „ცირკს" დამსგავსებოდა და მაყურებლისთვისაც მისაღები ყოფილიყო. ასე შეიქნმა ვოდევილების თეატრი, დავდგით ერთი საცდელი სპექტაკლი „სიყვარულის ჯალათი" გულო კობიაშვილის მოთხრობების მიხედვით და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა. ამ ეტაპზე თეატრს პრობლემა აქვს, რადგან არ გაგვაჩნია სტაბილური ადგილი, სადაც დავფუძნდებით. ამჟამად აქტიურად მიდის ამ საკითხზე მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, მალე მოგვარდება ყველაფერი.

 

- თქვენი აზრით, ის ახალგაზრდები, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას და სურთ ხელოვნების სხვადასხვა დარგს გაჰყვნენ, საქართველოში მოახერხებენ საკუთარი ნიჭისა რეალიზებას?

 

- ძალიან რთულია ამის შეძლება დღეს საქართველოში. ჟარგონულად ვიტყვი, არის „სასტავები" და „კლანები", რომლებსაც შეუძლია ყველაფრის მიღწევა, ამის გამო კი ძალიან ნიჭიერი ადამიანები იჩაგრებიან. ეს პოლიტიკა ალბათ საბჭოთა კავშირიდან გადმოგვყვა, რომ ვინმე თუ არ გყავს სადმე, ისე არაფერი არ გამოდის. ისე კი მინდა ბავშვებს ვუთხრა, რომ იბრძოლონ ბოლომდე და დამიჯერეთ, იმაზე დიდი სიამოვნება არაფერია, როცა მიხვდები, რომ შენი საკუთარი საქმე იპოვე.


დღეს საქართველოში ცნობადი, რომ გახდე ძალიან მარტივია, ერთი გაიხადე  ჩაიხადე და ეგაა. არაორდინარულობა უზრდელობაში ეშლებათ და ეს ძალიან სამწუხაროა, ყველას მოვუწოდებ: მოდი, ვაკეთოთ ყველამ ის საქმე, რაც გვიყვარს და გამოგვდის.


- რომელია ყველაზე ბედნიერი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც ხშირად იხსენებთ?

 

- შეიძლება, ძალიან ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, როცა საქართველოს და ქართველ მოსახლეობას ერთ მუშტად შეკრულს ვხედავ, ეს უდიდესი რამაა ერის ცხოვრებაში.


პირად ბედნიერებას რაც შეეხება, ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი შვილის დაბადებაა. ჩემს შემთხვევაშიც ამ ეპიზოდს ჩავთვლი ყველაზე ბედნიერ მომენტად, რომელსაც ძალიან ხშირად ვიხსენებ.


- რას იტყოდით ინტერვიუს ბოლოს...

 

- ინტერვიუს ბოლოს ვიტყოდი, რომ ძალიან მომატებულია აგრესია საზოგადოებაში, გული გეტკინება, როცა, თუნდაც სოციალურ ქსელში კომენტარებს წაიკითხავ. პირადად მეც ასეთი აგრესიული არასდროს ვყოფილვარ და ეს ძალიან სამწუხაროა. ძალიან მინდა, გვიყვარდეს ერთმანეთი და პატივს ვცემდეთ ერთმანეთის აზრს. ყველას ვუსურვებ, რომ ყველამ საკუთარი საქმე აკეთოს...


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner