logo_geo
eng_logo
დიდი შფოთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში
- +

12 მაისი. 2016. 15:35



ძვირფასო მკითხველო, განგაშით უნდა გაუწყოთ, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ძალიან მძიმე და სახიფათო მომენტი დაუდგა.


პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ანტიქართული რეჟიმი საქართველოს მმართველობას ჩამოსცილდა, ქართული მეცნიერების ტაძარი ასეთი საფრთხის ქვეშ არ დამდგარა! მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები და წევრ-კორესპონდენტები, ღვაწლმოსილი მეცნიერები, აკადემიკოსები და პროფესორები, რომლებიც ამა წლის 4 მაისს საგანგებოდ შეიკრიბნენ, მეცნიერებათა აკადემიის თავზე საავდრო ღრუბლების შეჯერების გამო განგაშს ტეხენ და შექმნილ ვითარებას ასე აფასებენ - ყოფნა-არყოფნის ზღვარი! ყველაზე სამწუხარო და სავალალო კი ის არის, რომ მეცნიერებათა აკადემიაზე იერიშის მიტანა თავად ამ აკადემიის წევრმა, ცნობილმა აკადემიკოსმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ იკისრა. თუმცა, სანამ საქმის ვითარებას დეტალურად გაგაცნობდეთ, აუცილებლად მიმაჩნია გახსენება, თუ რა ხდებოდა მეცნიერებათა აკადემიის გარშემო ნაციონალების 9-წლიანი მმართველობის პერიოდში.



***

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა, რადგან ნაციონალებს სურდათ, რომ ქართული მეცნიერების ციტადელი, როგორც ქვეყნის ტვინი და ინტელექტუალური „პერპეტუუმ მობილე", უსულო და უფუნქციო ბუტაფორიად გადაექციათ.


დიახ, სააკაშვილის ხელისუფლება განუხრელად ასრულებდა თავისი უცხოელი პატრონების დაკვეთას, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, რომელსაც მეცნიერება, მაღალი დონის განათლება და კულტურა არაფერში სჭირდება!


ქართველი - ეს უნდა იყოს მოსამსახურე ერი, დაქირავებული მუშახელი, რომელსაც ტურისტისა თუ სხვა სახის მომხმარებლისათვის შესაბამისი სერვისის გაწევა შეეძლება, ხოლო გიდობას, მიმტანობას, შვეიცარობას, თარჯიმნობასა და, გნებავთ, საშუალო რგოლის მენეჯერობას პროფესორობა და აკადემიკოსობა არ სჭირდება.


ცნობილი ფიზიკოსი, ღვაწლმოსილი აკადემიკოსი, ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი, აწ განსვენებული მერაბ ჯიბლაძე „ასავალ-დასავალთან" ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა მის საუბარს საქართველოში აშშ-ის საელჩოს ატაშე ჰაჩისონთან, რომელიც მეცნიერების, განათლების ადა კულტურის საკითხებს კურატორობდა.


კერძოდ, 1992 წელს, როცა ბატონი მერაბ ჯიბლაძე საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე იყო, აშშ-ის საელჩოს ატაშე ჰაჩისონმა მას პირდაპირ განუცხადა - საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და თქვენმა სახელმწიფომ მხოლოდ საშუალო განათლება უნდა დააფინანსოსო.


როცა მერაბ ჯიბლაძე აშშ-ის საელჩოს ატაშეს მწვავედ შეეკამათა და მისი ნათქვამი გააპროტესტა, ჰაჩისონმა მიუგო - ქართველებმა თვითონ გადაწყვიტეთ, რომ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მიგეღოთ, ამიტომ ახლა კეთილი ინებეთ და იმ კანონებს დაემორჩილეთ, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში მოქმედებს. როგორ შეიძლება, თქვენნაირ ქვეყანას მეცნიერება და მაღალი კულტურა ჰქონდესო?!


აი, ძვირფასო მკითხველო, სწორედ ამ სტრატეგიას მისდევდა სააკაშვილის რეჟიმიც, რომელმაც დამანგრეველი დარტყმები მიაყენა საქართველოს დედაუნივერსიტეტს, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და ზოგადად, ქართული განათლების სისტემას.



***

საქართველოს სააკაშვილის რეჟიმი რომ მოშორდა, ვეღარავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ქვეყანაში განათლებასა და მეცნიერებას კიდევ რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა, მაგარმ სად იყო და სად არა, გამოჩნდა მხცოვანი აკადემიკოსი და პარლამენტარი ივანე კიღურაძე, რომელმაც ხელში სააკაშვილის სიგრძე ცელი დაიკავა და პირდაპირ მეცნიერებათა აკადემიას მიადგა!


დიახ, ცელი, რომელიც კიღურაძეს უჭირავს და საბედისწეროდ იქნევს, მის მიერვე მომზადებული კანონპროექტია, რომელიც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში სამი ცვლილების შეტანას ითვალისწინებს :


1. აკადემიის წევრ-კორესპონდენტები ეტაპობრივად უნდა ჩაანაცვლონ აკადემიის სტიპენდიანტებმა;

 

2. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 70 წელს;

 

3. მეცნიერებათა აკადემია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებიდან მთავრობისა და მისი მეთაურის - პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს.


მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ-კორესპონდენტთა უდიდესი უმრავლესობა კიღურაძის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების პირველ ორ პუნქტს - აკადემიის წევრ-კორესპონდენტების სტიპენდიატებით ჩანაცვლებასა და აკადემიის ხელმძღვანელი პირებისათვის ასაკობრივი ზღვრის დაწესებას - კატეგორიულად არ ეთანხმება.


რაც შეეხება მესამე პუნქტს - მეცნიერებათა აკადემიის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოსვლასა და მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლას - ამას მეცნიერებათა აკადემიის ყველა წარმომადგენელი ერთსულოვნად ეთანხმება და მიესალმება.


დიახ, ღვაწლმოსილი მეცნიერები, აკადემიკოსები და პროფესორები განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის საქმიანობით უკმაყოფილონი არიან და თვლიან, რომ ამ ახალგაზრდა ქალბატონს არც კომპეტენცია, არც პოლიტიკური ნება და არც პასუხისმგებლობა ჰყოფნის საიმისოდ, რომ საკუთარ საქმეს რიგიანად გაუძღვეს!


4 მაისს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას პროფესორმა ომარ ქუცნაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ზაქარია ქუცნაშვილის მამა გახლავთ, თამარ სანიკიძის შესახებ განაცხადა - ასეთ კადრს ნორმალურ ქვეყანაში არათუ განათლების მინისტრად არ დანიშნავდნენ, მდივნადაც კი არ აიყვანდნენო.



***

ზემოთ რომ მოგახსენეთ, ივანე კიღურაძემ, თავისი კანონპროექტის სახით, სააკაშვილის სიგრძე ცელი დაიკავა ხელში და მეცნიერებათა აკადემიას მიადგა-მეთქი, იმის თქმა გამომრჩა, რომ მხცოვანმა აკადემიკოსმა და პარლამენტარმა ეს ფარსაგი საქმე მალულად და ვერაგულად ქნა.


დიახ, ბატონმა კიღურაძემ მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონპროექტი ისე მოამზადა და პარლამენტში ისე დაარეგისტრირა, რომ საკუთარი კოლეგები - მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობა და წევრები - საქმის კურსშიც კი არ ჩააყენა.

 

4 მაისს გამართულ შეკრებაზე მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა კიდეც - უმჯობესი იქნებოდა, ვანო კიღურაძეს მეტი კოლეგიალობა გამოეჩინაო.


კიღურაძის მიერ გამოჩენილი არაკოლეგიალობა ხმამაღლა გააპროტესტა აკადემიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემაც, რომელმაც განაცხადა - კანონპროექტის ტექსტი მხოლოდ დღეს გამომიგზავნეს, თანაც ამ შეკრების დაწყებამდე სულ რაღაც ერთი საათით ადრეო.


მოკლედ, ვანო კიღურაძემ კოლეგა აკადემიკოსები ფაქტის წინაშე დააყენა, ხოლო 4 მაისს მეცნიერებათა აკადემიაში მისულს სახეზე, ცოტა არ იყოს, იქედნური ღიმილიც დასთამაშებდა, თითქოს დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ეუბნებოდა - თქვენ ვინა ხართ, მე ვარ და ჩემი ნაბადიო.



***

შეკრება შესავალი სიტყვით მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ გახსნა, რომელსაც გვერდით აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი ირაკლი ჟორდანია ესხდნენ.


გიორგი კვესიტაძე, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი:


- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას 110 წევრი ჰყავს - ნამდვილი წევრები და წევრ-კორესპონდენტები. ახლა აკადემიის წევრ-კორესპონდენტების არჩევა აკრძალულია. რა გამოდის? წევრ-კორესპონდენტის ინსტიტუტი მილევად რეჟიმშია გადაყვანილი და მარტო 70 ნამდვილი წევრი გვეყოლება, დანარჩენები კი სტიპენდიატები იქნებიან!


ბატონებო, ეს სხვა არაფერია, თუ არა მეცნიერებათა აკადემიის შემცირება!


არადა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა მეცნიერებათა აკადემია აქვს. მაგალითად, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში მეცნიერებათა აკადემიას 250 წევრ-კორესპონდენტი ჰყავს, მოლდავეთში - 100 და ა.შ.


ე.ი. გამოდის, რომ ჩვენს მეცნიერებათა აკადემიას, რომელიც ისედაც ძალიან მცირეა, კიდევ უფრო ვამცირებთ, რაც მიუღებელია!


ისიც უნდა ვთქვა, რომ  ვერცერთმა წინადადებამ, რომელიც საქართველოს პარლამენტში მეცნიერებათა აკადემიიდან შევიდა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისაგან მხარდაჭერა ვერ მიიღო!


მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ეს იყო 4 დაკარგული წელი!


ძვირფასო მკითხველო, როცა მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი ვანო კიღურაძე „ქართული ოცნების" სიით დეპუტატი გახდა და პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა ჩაიბარა, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, ალბათ, ხარობდნენ და ფიქრობდნენ, როგორც იქნა, დადგა დრო, როცა ქართულ მეცნიერებას ხელისუფლებაში ლობისტი და ქომაგი ეყოლებაო.

 

თუმცა, რეალურად რა მიიღეს? - როგორც ბატონმა გიორგი კვესიტაძემ განაცხადა, კიღურაძის საპარლამენტო კომიტეტმა მეცნიერებათა აკადემიიდან მიღებულ არცერთ წინადადებასა თუ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.


მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის სიტყვებიც - „ჩვენთვის ეს იყო 4 დაკარგული წელი!" - ერთადერთ რამეს ნიშნავს - აკადემიკოს კიღურაძის 4-წლიანმა პარლამენტარობამ და ხელისუფლებაში ყოფნამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის ფუჭად ჩაიარა.


მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე სიტყვის გამოსვლისას ასაკობრივ ცენზსაც შეეხო, რომელსაც კიღურაძის კანონპროექტი აწესებს:


- ერთი წუთით გადავავლოთ თვალი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტებს, რომლებიც ადრე იყვნენ - ბატონი ნიკო მუსხელიშვილი, ბატონი ილია ვეკუა, ბატონი ევგენი ხარაძე, ბატონი ალბერტ თავხელიძე და ბატონი თამაზ გამყრელიძე - ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საქართველოში მეცნიერებათა აკადემია შექმნეს და მეცნიერული დარგები ჩამოაყალიბეს. თითოეული მათგანის ასაკი, როცა მოღვაწეობდნენ, 70 წელს აღემატებოდა.


თუ ადამიანი ფიზიკურად ნორმალურ მდგომარეობაშია და მეცნიერებაში მოღვაწეობს, მისთვის ასაკობრივი ზღვრის დაწესება არასწორად მიმაჩნია.


არ იფიქროთ, რომ რადგან 73 წლის ვარ, იმიტომ ვამბობ ამას!


მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ არ შეიძლება, აკადემიას მხოლოდ ერთი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდეს:

 

- უკანასკნელ ათ წელიწადში, მარტო აგროქიმიის, აგრობიოლოგიისა და ბიოლოგია-მედიცინის დარგში, სულ ცოტა, 15 ახალი მეცნიერული მიმართულება ჩამოყალიბდა.


ეს თანამედროვე მიმართულებები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას ქმნიან, მოითხოვენ, რომ მეცნიერებათა აკადემიას აუცილებლად ჰყავდეს ვიცე-პრეზიდენტები.


როგორ შეიძლება, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას ჰუმანიტარულ დარგში ვიცე-პრეზიდენტი არ ჰყავდეს? ეს ჩვენი აკადემია სწორედ რომ ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიისა და სხვა მიმართულებების ბაზაზე დაფუძნდა.


როგორ შეიძლება, ერთი პრეზიდენტი და ერთი ვიცე-პრეზიდენტი უძღვებოდნენ ყველა იმ დარგს, რომლებსაც მეცნიერება აერთიანებს?



***

გამოსვლის დასასრულს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ აკადემიის მთავარ აკადემიკოს-მდივან ირაკლი ჟორდანიას სთხოვა, დარბაზში შეკრებილი საზოგადოებისათვის ვანო კიღურაძისეული კანონპროექტი გაეცნო.


წელუხვმა და ჭაღარაშეთოვლილმა აკადემიკოსმა კანონპროექტის ტექსტი დინჯად და აუღელვებლად ჩაიკითხა, ბოლოს კი საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა.


ირაკლი ჟორდანია, აკადემიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი:


- როდესაც კაცს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად ირჩევ, ეს არის სტაბილური სიტუაცია, ეს არის საპატიო წოდება და ეს არის მეცნიერისათვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან მთელი სიცოცხლის განმავლობაში აკადემიის შემადგენლობაში ყოფნა გარანტირებული აქვს.


შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, წევრ-კორესპონდენტის მაგივრად, აკადემიის სტიპენდიატი უნდა ავირჩიოთ, თანაც 5 წლით.


5 წლის შემდეგ ეს პიროვნება ან მიდის აკადემიიდან, ან მეორე ვადით ვირჩევთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანისათვის როგორი მორალური ტრავმაა, როდესაც ის 5 წლის განმავლობაში მეცნიერებათა აკადემიაშია და მერე ეუბნებიან - მიბრძანდით, აქ თქვენი ადგილი აღარ არისო. ეს ძალიან მძიმე მომენტია.


შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პიროვნება. „მასთან გათანაბრებული" არის მეცნიერებათა კანდიდატი ე.ი. გამოდის, რომ შეგვიძლია, აკადემიის წევრად მეცნიერებათა კანდიდატი ავირჩიოთ. ეს ძალიან დასაფიქრებელი მომენტია.


გარდა ამისა, ასაკობრივი დისკრიმინაცია, განსაკუთრებით, მეცნიერებისათვის ასაკობრივი ცენზის დაწესება, დაუშვებელია. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ასაკი შეზღუდული არ არის.



***

ბატონი ირაკლი ჟორდანიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნასთან თავად კანონპროექტის ავტორი ივანე კიღურაძე მივიდა.


იგი დარბაზში სულ ბოლო რიგში იჯდა და საკმაო მანძილი ნელი ნაბიჯებით გამოიარა. ხელები ზურგსუკან ჰქონდა დაწყობილი, პირიდან ღიმილს არ იშორებდა და თან აუდიტორიისკენ აპარებდა მზერას, თითქოს ანგარიშობდა, რამდენი ადამიანი შეიკრიბა ჩემთვის ოპონირების გასაწევად და დარბაზში ისეთები თუ არიან, მხარს რომ მომცემენო?



ვანო კიღურაძე:


- როგორც ჩანს, ყველაზე მეტ გაღიზიანებას იწვევ სტიპენდიატების ინსტიტუტის შემოღება და აკადემიის ორი ადმინისტრაციული თანამდებობის პირისთვის ასაკობრვი ცენზის დაწესება.


ყველა თქვენგანისათვის ცნობილია, რომ დღეს საქართველოში ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა სამსახურს უცხოეთში ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა მეცნიერთა ხელფასი, იგი მაინც არ არის იმდენი, რომ მეცნიერმა საკუთარი თავი ირჩინოს და ოჯახიც შეინახოს.


ვფიქრობ, რომ აკადემიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის მეცნიერებაში ახალგაზრდების მოზიდვა, მათი მხარდაჭერის ეფექტური მეთოდების შემუშავება და ტვინების გადინების დამანგრეველი პროცესის შეძლებისდაგვარად დამუხრუჭება.


თუ ეს ასე გაგრძელდა, რამდენიმე წლის შემდეგ აქტიურად მოქმედი ახალგაზრდა მეცნიერი საქართველოში საერთოდ არ გვეყოლება.


მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლებამ 2007 წელს მიიღო კანონი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, რომელშიც ჩადებულია მუხლი, რომ 2009 წლის 1 მაისიდან აკადემიაში წევრ-კორესპონდენტები აღარ აირჩევა.


გამოთავისუფლებულ ადგილებს დაიკავებენ სტიპენდიატები. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.


ჩვენი საშუალო ასაკი 76 წელზე ნაკლები არ არის. განა შეიძლება, აკადემიამ საკუთარი ფუნქციები წარმატებით განახორციელოს ახალგაზრდა მეცნიერებთან ურთიერთობის გარეშე? ვერც კი წარმომედგინა, რომ ვინმეს ენა მოუბრუნდებოდა და იტყოდა, სტიპენდიატთა ინსტიტუტის შემოღება ცუდი საქმეაო.


ახალგაზრდებს მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ და ვუთხრათ - მოდით ჩვენთან, თქვენ გექნებათ მატერიალური მხარდაჭერა და თქვენი მეცნიერული შრომა დაფასდება. ეს ძალიან მოქნილი მექანიზმია. ბატონებო, ბოლოს და ბოლოს, მივიხედოთ ახალგაზრდებისაკენ! თუ ამას არ გავაკეთებთ, არ გვეპატიება!


მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს კანონი მიღებული იქნეს! მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი, როგორც მეცნიერისა და მოქალაქის, ზნეობრივი ვალი!


საქართველოს უმაღლესი განათლების კანონის თანახმად, უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვერ დაიკავებს პიროვნება, თუ მისი ასაკი 65 წელს აღემატება.


მეცნიერული ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ კანონის თანახმად, კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას 65 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანი ვერ დაიკავებს.


რადგან მეცნიერებათა აკადემიაში ცოტათი უფრო ხანდაზმულები ვართ, ეს ასაკობრივი ზღვარი 5 წლით გავზარდოთ და პიროვნება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არ ავირჩიოთ იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი 70 წელს აღემატება.

 

რა გვინდა ახლა ჩვენ, ესა თუ ის მეცნიერი ნიკო მუსხელიშვილზე დიდხანს იყოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი?!

 

ბატონი ნიკო მუსხელიშვილი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობიდან 80 წლის ასაკში წავიდა. ბატონი ილია ვეკუა გარდაიცვალა, მაშინ, როცა 70 წელს მიაღწია.


კოლეგა მეცნირების პრეტენზიასა და გულისწყრომაზე, კანონპროექტი ისე რატომ მოამზადე და პარლამენტში ისე რატომ შეიტანე, რომ ჩვენ არაფერი გვკითხეთ, კიღურაძეს ასეთი პასუხი ჰქონდა:

 

- კოლეგებს მოვერიდე. მე ეს ავიღე ჩემს თავზე, როგორც პირადად ჩემი საკანონმდებლო ინიციატივა. მე მაქვს ამისი ზნეობრივი უფლება.


ვანო კიღურაძეს, როგორც პარლამენტის დეპუტატს, ნამდვილად აქვს იურიდიული უფლება, საკანონმდებლო ორგანოში ნებისმიერი ინიციატივა წარადგინოს და ეს არავის შეუთანხმოს, მაგრამ მკითხველმა თავად განსაჯოს, რამდენად ჯდება ზნეობრივ და მორალურ ჩარჩოებში, როცა მეცნიერებათა აკადემიის წევრ ვანო კიღურაძეს პარლამენტში მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონპროექტი შეაქვს და კოლეგა აკადემიკოსებს, მეცნიერებათა აკადემიის წევრებს არაფერს ეკითხება?!

 

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, ამას პოლიტიკურ-მორალური მუხანათობა და საკუთარი კოლეგებისათვის ზურგში მახვილის ჩაცემა ჰქვია.


ტრიბუნასთან მდგარ კიღურაძეს, რომელიც საკმაოდ ყინჩი და შეუვალი ტონით ლაპარაკობდა, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა რამაზ ხუროძემ დარბაზიდან ასეთი შეკითხვა დაუსვა:


- მზად ხართ თუ არა, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით რაიმე კომპრომისზე წახვიდეთ?

 

ვანო კიღურაძე:

 

- როცა კომპრომისზე მელაპარაკებით, ისე გამოდის, თითქოს მე ცუდ რაღაცას ვაკეთებ, ამიტომ ნაწილობრივ უნდა დავთმო და ნახევრად ცუდი რაღაცა გავაკეთო. ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და ღრმად ვარ დარწმუნებული, რასაც ვაკეთებ, ეს აკადემიას წაადგება.


კიღურაძის ეს პასუხი ერთადერთ რამეს ნიშნავდა - თქვენ რამდენიც უნდა ილაპარაკოთ, მე მაინც ჩემსას გავიტანო.

 

ჰოდა, დარბაზიდან კიღურაძის მისამართით აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის რეპლიკამაც არ დააყოვნა:


- ეგ თქვენ გაქვთ ნაფიქრი და ჩვენ სხვანაირად ვფიქრობთ.


ვანო კიღურაძე: - ბატონო ელიზბარ, მე თქვენთან არასოდეს 5 წუთითაც კი არ მილაპარაკია მეცნიერების შესახებ. იფიქრეთ, როდის გიშლით მე თქვენ ფიქრს?!


ელიზბარ ჯაველიძე: - ფიქრი იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი აზრი სახელმწიფოს თავს მოახვიოთ და ამით აკადემია დაღუპოთ.


ვანო კიღურაძე: - აკადემიას ვინ ღუპავს, მშვენივრად ვიცი!


ელიზბარ ჯაველიძე: - თქვენ ღუპავთ, თქვენ!


- ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლებს, მართლა გვაინტერესებს, ვინ ღუპავს აკადემიას და თქვენი კანონპროექტი იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რაც სააკაშვილს უნდა გაეკეთებინა, იმის დამთავრება თქვენ იკისრეთ? - ამ შეკითხვით მიმართა ვანო კიღურაძეს ჩემმა კოლეგამ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა:


ვანო კიღურაძე: - უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით? რა გაგეგებათ მეცნიერების შესახებ? რა წარმოდგენა გაქვთ მეცნიერებაზე?


გიორგი გიგაური: - თქვენ რომ გაგეგებათ, იმიტომ გეკითხებით, ბატონო ვანო!


ვანო კიღურაძე: - ჰოდა, რაც გამეგება, მე მოხსენება გავაკეთე. დამისვით ამაზე კითხვა და გიპასუხებთ.


ამასობაში ელიზბარ ჯაველიძემ ვანო კიღურაძეს ის პერიოდი გაუხსენა, როცა იგი, შევარდნაძის მმართველობისას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო და როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ამომრჩეველთა ხმების გასაყალბებლად სპეციალური მათემატიკური ალგორითმიც კი შექმნა.


ელიზბარ ჯაველიძე: - თქვენ ხართ არჩევნების გამაყალბებელი და ხათუნა გოგორიშვილის აღმზრდელი.


ვანო კიღურაძე: - თქვენა ხართ მოსყიდული!


ელიზბარ ჯაველიძე: - ვინ არის მოსყიდული? შენ დაგიჭირეს ქრთამზე, მე კი არა!



***

გამწვავებული სიტუაცია მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ განმუხტა, რომელმაც მოკამათეებს დამშვიდებისაკენ მოუწოდა.


ემოციები იმ წუთას კი ჩაცხრა, მაგრამ ნერვების უფრო მძაფრი აფეთქება და ლამის ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მისული დაპირისპირება 4 მაისს მეცნიერებათა აკადემიაში შეკრებილ საზოგადოებას წინ ელოდა.


მანამდე კი ტრიბუნასთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობიდან სულ ცოტა ხნის წინათ გადამდგარი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა მივიდა, რომელმაც საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა და განაცხადა, რომ კიღურაძის მიერ მომზადებული კანონპროექტის ორ ძირითად პუნქტს - მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ინსტიტუტის სტიპენდიატის ინსტიტუტით ჩანაცვლებასა და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ასაკობრივი ცენზის დაწესებას პრინციპულად არ ეთანხმება.


ვლადიმერ პაპავა: - რატომ ვაწესებთ ასაკობრივ  შეზღუდვას? იმიტომ, რომ დღეს ორი პიროვნება ჩამოსცილდეს აკადემიის ხელმძღვანელობას? ყველამ კარგად ვიცით, რომელ ორ პიროვნებაზეა ლაპარაკი!


ძვირფასო მკითხველო, მეცნიერებათა აკადემიის წევრთა უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ვანო კიღურაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი პიროვნული ანტიპათიის გამოძახილია და მის ძირითად მიზანს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ გიორგი კვესიტაძისა და ვიცე-პრეზიდენტ როინ მეტრეველის თანამდებობებიდან ჩამოცილება წარმოადგენს.


4 მაისს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეკრებაზე სიტყვით გამოსულმა აკადემიკოსებმა - გუჩა კვარაცხელიამ, მინდია სალუქვაძემ, ნაპოლეონ ქარქაშაძემ, ნანა ხაზარაძემ და სხვებმა კიღურაძის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიმართ თავიანთი უკმაყოფილება გამოხატეს, ხოლო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ გიორგი კვესიტაძესა და ვიცე-პრეზიდენტ როინ მეტრეველს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.



***

მეცნიერებათა აკადემიის დიდ დარბაზში ვნებათაღელვამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის სიტყვით გამოსვლის ჯერი დადგა.


ტრიბუნასთან მისულმა ელიზბარ ჯაველიძემ გამოსვლა თავიდანვე ემოციურად დაიწყო:


- ჩვენ დღეს აქ რაზე ვლაპარაკობთ, როცა საქართველოში საშინელი დემოგრაფიული პრობლემა დგას და ქართველების ყოფნა-არყოფნა ბეწვზე ჰკიდია, როცა ყველაფერი გაყიდულია!


დღეს აქ ბატონი ვანო კიღურაძე მოვიდა და თავისი მოსვლა დაგვამადლა, თურმე, არ ეკადრებოდა, რომ მოსულიყო და ახლა გვეუბნება, იმას არ გავცემ პასუხს, ამას არ გავცემ პასუხსო!


ამ დროს დაბრაზის უკანა რიგებიდან ვანო კიღურაძის რეპლიკა გაისმა. მან ელიზბარ ჯაველიძეს მიმართა:


- თქვენ რატომ უნდა გაგცეთ პასუხი?! როგორ შეიძლება, თქვენ ხმა გაგცეთ?!


ელიზბარ ჯაველიძე: - ახლავე მოგახსენებთ, რატომ უნდა გამცეთ ხმა! თქვენ აქ თქვენი ნებით არ მოსულხართ, იმიტომ მოხვედით, რომ გითხრეს, მიდიო!


ვანო კიღურაძე: - ვინ მითხრა, ვინ?


ელიზბარ ჯაველიძე: - ვინ გითხრა და ვინც გყავს იქ კომიტეტში! თქვენ უნდა გაგეწიათ ანგარიში აკადემიისათვის, მაგრამ თქვენ ანგარიშს არ უწევთ აკადემიას.


ვანო კიღურაძე: - მე თქვენი ჭკუის სწავლება არ მჭირდება!


ელიზბარ ჯაველიძე: - მე თქვენ ჭკუას როგორ გასწავლით, როცა თავად ამბობთ, რომ ნახევარი ჭკუა ერთს გკარნახობთ და ნახევარი - მეორეს! მე ჭკუას კი არ გასწავლით, იმას ვამბობ, რომ აქ უზნეოები ზნეობას გვასწავლიან!


ვანო კიღურაძე: - თქვენ რომ ზნეობას ასწავლიდეთ ხალხს, სამარცხვინოა!


ელიზბარ ჯაველიძე: - თქვენ რომ შევარდნაძეს ერთ ადგილს ულოკავდით და მის სასარგებლოდ არჩევნებს აყალბებდით, მე საქართველოსთვის ვიბრძოდი!


ელიზბარ ჯაველიძის ამ სიტყვებზე დარბაზში სკამიდან წამოხტა აკადემიკოსი გიორგი ჩაგელიშვილი, რომელმაც მანამდე თავის გამოსვლაში ვანო კიღურაძესა და მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა.


ჩაგელიშვილმა ტრიბუნასთან მდგარ ჯაველიძეს მიმართა: - სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ! მაგისთვის გამოხვედით აქა?!


ელიზბარ ჯველიძე: - თქვენ აკადემიის მტრები ხართ, რომ შემოგსვეს აქა და შიგნიდან გინდათ აკადემიის დანგრევა! ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი თანამდებობიდან გადადგნენ! აი, ეს არის ამის მიზანი!


წევრ-კორესპონდენტობის ინსტიტუტის ჩანაცვლებაზე რომ ლაპარაკობთ, ჯერ უნდა გაიხსენოთ ის უდიდესი მეცნიერები, რომლებიც წევრ-კორესპონდენტებად გარდაიცვალნენ. ჩამოგითვალოთ? - გრიგოლ წერეთელი, შოთა მესხია, ალექსანდრე გვარამია, იუსტინე აბულაძე და კიდევ რამდენია. რას ვუშვრებით იმათ? მთ ხსოვნას ვკარგავთ?


ბატონი ივანე კიღურაძე აცხადებს, მე მაინც გავიტან ჩემსასო, აი, როგორც კი გაიტანთ, მერე ნახეთ, რაც მოგივათ! იქ მოგადგებით, ეს იცოდეთ!


მე მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვიბრძოდი. თქვენ ერთი მითხარით, რომელმა ამოიღეთ ხმა!


აქ აკადემიკოსი ჩაგელიშვილი ისევ სკამიდან წამოხტა და ელიზბარ ჯაველიძეს რეპლიკა ესროლა:


- საქმეზე ილაპარაკეთ, დემაგოგიას დაანებეთ თავი!


ელიზბარ ჯაველიძე: - შენ გაჩერდი, შენ არ გელაპარაკები მე!


გიორგი ჩაგელიშვილი: - რა გააკეთეთ, თქვენი გაკეთებული ერთი საქმე დაასახელეთ! თქვენნაირების გამოა, აკადემიას რომ აგინებენ!


ელიზბარ ჯაველიძე: - შენნაირების გამო ხდება ყველაფერი, ბუჩქებში რომ მიძვრებით! ოთხი წელიწადია, ბატონი კიღურაძე ებრძვის მეცნიერებათა აკადემიას. მან არცერთი კანონი არ მიიღო, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში მდგომარეობა გამოსწორებულიყო. მას საჯაროდ აქვს  გაცხადებული, სანამ პარლამენტში მე ვარ კომიტეტის თავმჯდომარე, მეცნიერებათა აკადემიის არცერთი წინადადება არ გავაო! აი, ეს არის ივანე კიღურაძე! იგი ებრძვის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და მისი დასამარება უნდა!


ვანო კიღურაძის რეპლიკა დარბაზიდან: - დანგრევა და დასამარება თქვენ გინდათ!


ელიზბარ ჯაველიძე: - თქვენ ისიც მითხარით, მოსყიდული ხარო!


ვანო კიღურაძე: - მოსყიდული ხართ, აბა რა ხართ?!


ელიზბარ ჯაველიძე: - მოსყიდული შენა ხარ, შე უბედურო!


ელიზბარ ჯაველიძემ ტრიბუნა ამ სიტყვებით დატოვა და დარბაზში თავისი ადგილისაკენ გაემართა, მაგრამ აკადემიკოსი გიორგი ჩაგელიშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, „ძველბიჭობის" იშტაზე დადგა, ჯაველიძეს გზად გადაეღობა, ხელკავი გამოსდო და უთხრა - წამოდი, გარეთ ვილაპარაკოთო?


სიტუაცია აკადემიკოს პაატა გიორგაძისა და რამდენიმე ადამიანის ჩარევით განიმუხტა.


შემდეგ, როცა ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს ვკითხე - ეს გიორგი ჩაგელიშვილი ვინ არის და რას წარმოადგენს-მეთქი, მიპასუხა - ცნობილი ინტრიგანია, რომელმაც თავის დროზე მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, დიდ მეცნიერ ევგენი ხარაძეს თანამშრომლები აუბუნტა და კაბინეტის კარი აუჭედაო!


საინტერესოა, აკადემიკოსი ჩაგელიშვილი, რომელიც აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს საქმის გასარჩევად ეპატიჟებოდა, „ძველი ბიჭი" თუ არის, მეცნიერებათა აკადემიაში რა ესაქმება, ხოლო თუ აკადემიკოსია, რატომ „ძველბიჭობს?!"



***

ძვირფასო მკითხველო, ვფიქრობ, ამ ვრცელი წერილ-რეპორტაჟით ნათელი წარმოდგენა შეგიქმენით მეცნიერებათა აკადემიის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.


დასკვნა ცალსახაა - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ-კორესპონდენტთა უდიდესი უმრავლესობა ივანე კიღურაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს უპირისპირდება და მას აკადემიისათვის დამანგრეველ დარტყმად მიიჩნევს!


გამოსავალი ერთადერთია - ხელისუფლებამ კეთილგონირება უნდა გამოიჩინოს და მეცნიერებათა აკადემიის წინააღმდეგ ამხედრებული ივანე კიღურაძე დროულად შეაჩეროს!


წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ხელისუფლებას და, მეტადრე, პარლამენტს, რომელსაც უფლებამოსილების ამოწურვამდე სულ რამდენიმე თვეღა დარჩენია, შესაძლოა, სწორედ კიღურაძის გამოისობით, მეცნიერებათა აკადემიის მესაფლავის საბედისწერო თიკუნი ერგოს!


„ოცნებავ", ნუ აახდენ სააკაშვილის ოცნებას და ვანო კიღურაძეს მეცნიერებათა აკადემიას ნუ დაასამარებინებ!


ჯაბა ხუბუა


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner