საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია „facebook"-გვერდზე საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის სოფო შევარდნაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც გადაცემა „მძიმე კაცთან" გააკეთა.
„სოფო შევარდნაძე: „მიშას დროინდელი ძალმომრეობები" - ნეტავ რომელზე საუბრობს?
- ბიზნესი დარჩათ (მაგთი-ს მობილური ქსელი თუნდაც), თანაც ისეთი, წელიწადში 100 მილიონამდე რომ მოაქვს. ეს, რაც ჩვენ ვიცით. მათ კლანს კიდევ ბაქოშიც აქვს... ხოლო ბიზნესი მიშას დროს ბევრს არ შერჩა, როგორც გვახსოვს.
- კრწანისის ვილა და დაცვა ჯავშანმანქანით ბოლომდე დარჩათ.
- ბაბუამისს არავინ მოჰკითხა დანაშაულობათა მთელი სერია, 1972-1990 წლებში, ასევე 1992-2003 წლებში. არც მაგალითად სამეურნეო საქმეზე თანამდებობის პირთა დახვრეტების საქმე, არც „თვითმფრინავის საქმე", არც გადატრიალება, არც სოხუმი, არც ზვიად გამსახურდიას ტყეში დევნა და მკვლელობა, არც უშუქობით ხალხის წამება, არც ბანდფორმირებების თარეში, არც ტოტალური კორუფციის გაჯეჯილება... მიშას რაც შეეხება, გამოვარდებოდა ხოლმე და „კოლმეურნეობის ყოფილ თავმჯდომარეს" მიალანძღავდა ჩვეული ექსპრესიულობით. ეგ იყო და ეგ.
- „ზვიად გამსახურდიას არასტაბილურ ფსიქიკაზე" საუბარი ხომ სასაცილოა. ბაბუამისმა, როგორც ავი ენები ამბობენ, რიგიანად 10 წელი ვერ გაძლო თანამდებობის გარეშე კრწანისის ვილაში, მუდმივად სვამდა და დეპრესიულად შეიგრძნობდა თავს. არც ტყეში ყოფილა, არც ციხეში, არც სპეცსამსახურებისგან შექმნილ ჯოჯოხეთურ პირობებში... როგორც თვითონ იცოდა ამ საქმის ორგანიზება ხუთიანზე.
historia vitae magistra est - „ისტორია ცხოვრების მოძღვარია", როგორც ძველი ლათინები იტყოდნენ. ოღონდ ზოგი მისგან სწავლობს, ზოგი ნაკლებად", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.