„საქართველო ოდითგან მიწათმოქმედთა ქვეყნად, გეორგიად იწოდებოდა. ქართველმა ფუნქცია და მისია მას მერე დაკარგა, რაც მიწას ჩამოაცილეს, ამჟამად კი, მშობლიურ მიწას, რომელიც სარჩოს გვაძლევდა და ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლის ფასად შეგვინარჩუნეს - გროშებში გვიყიდიან უცხოტომელებზე, რაც ჩვენს სამუდამო გადაშენებას მოასწავებს... გამოსავალი არსებობს! მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა - ისრაელი - მზადყოფნას აცხადებს, საქართველოს საკუთარი გამოცდილებით და ფულით დაეხმაროს იმ მიზნით, რომ მიტოვებულ სოფლებში „გეორგიები“ შეიქმნას. „გეორგია“ - ერთდროულად, ეკონომიკური და დემოგრაფიული კრიზისიდან გამოიყვანს საქართველოს“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა, „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა და სახალხო მოძრაობის „გეორგია - შენი პროექტია“ დამფუძნებელმა ირაკლი შიხიაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა:
- დიდმა ილიამ ჩვენ მიწიერი სამების პოსტულატი მოგვცა, „მამული, ენა, სარწმუნოების“ სახით და ქართველებს დაგვიბარა, გრაალის მცველების მსგავსად დაგვეცვა ეს სამება. დიდი ერებისგან - ებრაელებისგან და სომხებისგან განსხვავებით, ქართველი საქართველოს გარეშე ქართველობას კარგავს. იცის ეს თუ არა, უნდა ეს თუ არა, ქართველის სიმაღლე „ფესვებიდან“ იწყება. ამ „ფესვების“ გარეშე ნებისმიერ უცხო საზოგადოებაში ქართველი შეიძლება ძალზე წარმატებული ადამიანიც იყოს, მაგრამ მისი შთამომავლობა ქართულ იდენტობას კარგავს. ამის გამოხატულებაა, რომ საქართველოში, სადაც ქართულ ეთნოსს ეს ტერიტორია არ მიუტოვებია, არასოდეს შეწყვეტილა ქართული ცივილიზაცია და იგი ევოლუციურად ვითარდებოდა - ტერიტორიულად, ხან ფართოვდებოდა, ხან მცირდებოდა, მაგრამ ძირითადად იმავე საზღვრებში რჩებოდა, რომელშიც ამჟამად არსებობს - თითქოს, ეს მიწა ქართველებს საპატრონოდ მართლაც უფალმა ღმერთმა მიუზომა!
- მაშ, დღეს რამ მოგვიყვანა ამ მდგომარეობამდე?
- ძლიერები მანამდე ვიყავით ქართველები, ვიდრე ამ მიწაზე თავად ვზრუნავდით. ჩვენ დავთმეთ ეს უფლებები, სხვამ იკისრა ჩვენი მიწის პატრონობა და ტრაგედიაც მას მერე დაიწყო, რადგან ქართველმა საკუთარი მიწის მიმართ პასუხისმგებლობის ხარისხი დაკარგა. აღარ გვესმის, რომ ჩვენი მიწა-წყლის გასხვისება კი არა, მოფრთხილება მოგვცემს საშუალებას, მეტი სარგებელი მივიღოთ ამ მიწისგან, ხოლო ამჟამად, იქამდე დავეცით, რომ ქართველმა პირდაპირ ბაზარზე გამოიტანა თავისი საარსებო წყარო - მიწა. სამწუხაროდ, ქართველი ჩააყენეს იმ მდგომარეობაში, რომ საკუთარი მიწიდან ხეირს თავად ვერ იღებს. მას მოუსპეს მიწაზე მოყვანილი პროდუქტის გასაღების ბაზარი და ქართველი იძულებული გახადეს, სარჩოს საძებნად უცხოეთში გაემგზავროს, საკუთარი მიწა კი, გროშების ფასად უცხოტომელებს დაუთმოს.
- უცხოელი რანაირად იღებს სარგებელს იმ მიწიდან, რომელზეც ქართველი ვერ ხეირობს?
- ამბობენ, რომ ქართველი ზარმაცია და შრომა არ უყვარს... არადა, ჩვენს ქვეყანას ოდითგან მიწათმოქმედთა ქვეყანა - გეორგია ჰქვია, ხოლო მოსავლელად ყველაზე შრომატევადი კულტურა - ვაზი გვაქვს არჩეული, რომელიც ლოცვის მსგავსად, დაჩოქილ შრომას მოითხოვს. ჩვენს ციხე-სიმაგრეებსაც ფენების კვალი აქვს - რამდენჯერაც მტერმა დაანგრია, იმდენჯერ, დაუზარელად აღადგინა ქართველმა! მაგრამ ეს იმ დროს ხდებოდა, როცა ქართველს ცალ ხელში თოხი ეჭირა და შრომობდა მიწაზე, მეორეში კი ხმალი, რომლითაც ამ მიწას იცავდა! როდესაც ჩვენს მიწაზე სხვამ დაიწყო თოხით მუშაობა და ხმალიც სხვამ დაიკავა, ქართველს კი ხონჩა დაუდგეს და უთხრეს - ჭამეთ, სვით და იმხიარულეთო, მაშინ დავთმეთ მისია. მერე კი, ეს ხონჩა აგვაცალეს და მშივრებიც დაგვტოვეს. დეპრესიაში ჩაგვყარეს, „ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო“ - დეგრადაცია ნორმად დაგვიწესეს და ამასობაში, ჩვენი მიტოვებული ნაკვეთები უცხოტომელებმა ააბიბინეს! გამოსავალი არსებობს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საკუთარი მიწისგან ხეირის მიღება ისევ შეგვიძლია და ამის მაგალითები შევქმნათ.
- რანაირად?
- ავაშენოთ ისეთი სოფელი, რომელიც ადამიანებს კონკურენტებად კი არა, პარტნიორებად აქცევს. ვსაუბრობ ისრაელის გამოცდილებაზე, სადაც კოლექტივზე ორიენტირებული შრომის რაციონალური ორგანიზებით ენერგია სინერგიად გარდაიქმნება, ხოლო სინერგიის ნაყოფი მის შემქმნელებში სამართლიანად ნაწილდება. ეს არის ადამიანთა ისეთი თანაცხოვრება, რომ ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები. ასეთ სოფელში, რომელსაც ისრაელში მოშავი ჰქვია, ხოლო საქართველოში გეორგია დაერქმევა - შრომა ისე იქნება განაწილებული, რომ თითოეულ ადამიანს საათის მექანიზმის შემადგენელი დეტალების მსგავსად, თავისი კონკრეტული ფუნქცია ექნება, რაზეც სხვა დეტალის მუშაობა იქნება დამოკიდებული, ამიტომ დაღალატება გამორიცხულია, რადგან მშრომელები თავად გააკონტროლებენ ერთმანეთს. ასეთი დამოკიდებულება ააღორძინებს თანადგომას, გააღვიძებს ოჯახების თანაცხოვრების და ადამიანების ზნეობრივი ურთიერთობის ქართულ ტრადიციებს და ერთიანობის აუცილებლობას. ადამიანებში აღდგება საზოგადოების მიმართ პატივისცემა. ასეთი კოოპერატიული შრომის პრინციპი დაინერგა ისრაელში ამ ქვეყნის დაარსების დღიდან და უკვე 70 წელია, საზოგადოება დღითი დღე რწმუნდება, რომ შრომის ასეთი განაწილება ყოველმხრივ პროდუქტიულია.
- რას გულისხმობთ? როგორ ვიცხოვროთ უკეთესად?
- ისრაელის სახელმწიფოს დაარსებისთანავე ამ ქვეყნისკენ დაიძრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტრადიციებზე და კულტურაზე აღზრდილი უამრავი ებრაელი, რომლებიც თვლიდნენ, რომ ერს სჭირდება სახელმწიფო იმისთვის, რათა გადარჩეს და გააჩნდეს მომავალი. ერთმანეთისგან განსხვავებულმა ადამიანებმა სწორედ ამ სისტემით შეძლეს ერთმანეთთან დაახლოვება და გახდნენ ერთმანეთის მეგობრები, ახლობლები და თანამებრძოლები იმგვარად, რომ ერთმანეთთან ერთობით ქმნიან ქვეყნის საერთო მომავალს. ეს პროექტი არ მოიცავს მარტო ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას, არამედ გახლავთ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის სისტემური გზა, რომელიც სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, დაასახლოს დაასაქმოს და შეაკავშიროს ადამიანები, იმავდროულად კი, მათ დააცვევინოს კიდეც ის მიწა, რომელიც საზრდოს აძლევს! ქართველებს ნაყოფიერი მიწები გვაქვს, ამის მიუხედავად, ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტები მხოლოდ 4 თვეს გვყოფნის, დანარჩენი - უცხოეთიდან შემოგვაქვს. არადა, ამ ინოვაციური პრინციპის საშუალებით, ხრიოკზე მდებარე ისრაელს მოყავს ისეთი მოსავალი, რომ საკუთარ მოსახლეობასაც აკმაყოფილებს და დამატებით, 100 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას საზღვარგარეთ ყიდის! ჩვენი გლეხი ზარმაცი არ არის, მაგრამ გული უცრუვდება, რადგან სიზიფეს შრომით შრომობს და იღებს გროშებს! წარმოიდგინეთ, ჩვენს ნაყოფიერ მიწებზე რა შედეგი შეიძლება მივიღოთ! უთუოდ გავხდებით მოწინავე ქვეყანა სრულიად კავკასიაში!
- რაში მდგომარეობს წარმატების პრინციპი?
- პირველ რიგში, ვიდრე კონკრეტულ ტერიტორიაზე რაიმეს კეთებას დაიწყებენ, იკვლევენ მოსახლეობის რაოდენობას, რომელი კულტურა უნდა მოშენდეს და კულტურის გადამუშავებით რა პროდუქცია შეიძლება იქნას მიღებული. დათესილი არ არის და მყიდველს უკვე ნაყიდი აქვს, რადგან წინასწარ იციან, რომელ ტერიტორიაზე რა რაოდენობით მოსავალი უნდა მიიღონ. ამ პრინციპის განსახორციელებლად, მშრომელებში შეაქვთ სათანადო განათლება, ქმნიან და ნერგავენ უახლეს ტექნოლოგიებს, რათა ჭირნახული დაიცვან სეტყვის და გვალვისგან, ირიგაციის სპეციალური სისტემები იქმნება, რათა მინიმალური რაოდენობის წყლით მორწყან რაც შეიძლება ვრცელი ნაკვეთები. იციან, როგორ და სად შეინახონ ჭირნახული, რათა არ დაკარგოს კვებითი ღირებულება. შრომის გადანაწილება ხდება ცოდნის, პროფესიონალიზმის და კვალიფიკაციის გათვალისწინებით. თითოეულ მშრომელს თავისი კონკრეტული ფუნქცია აქვს, რითაც პასუხისმგებელია კოლექტივის წინაშე და თავის მხრივ, კოლექტივიც, დაინტერესებულია, რომ მშრომელს სამუშაოს შესრულების ოპტიმალური პირობები შეუქმნას.
- ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას როგორღა აძლიერებს ასეთი მიდგომა?
- თუ გარეშე მტრისგან საფრთხე დაემუქრება პირადად საარსებო წყაროს, ნებისმიერი ადამიანი მას კბილებით დაიცავს. ამიტომ, ასეთი კოლექტივის ნებისმიერი თანამშრომელი თავისი მიწის დასაცავად მოტივირებული მეომარი ხდება და თავის გასაწირად მზად არის. გამორიცხულია, ასეთი კოლექტივის თანამშრომელმა უცხოელს, თუნდაც ათმაგი ფასის სანაცვლოდ დაუთმოს მიწა! რომც მოინდომოს, მას კოლექტივი, საზოგადოება არ დაათმობინებს! ჩვენთან, ხელისუფლება დამუშავების მაგივრად ადამიანებს მიწის მიტოვების და გაყიდვისკენ უბიძგებს. ავიწყდებათ, რომ ათასობით წლის განმავლობაში ქართველებმა დიდძალი სისხლი დაღვარეს, რათა ეს მიწები შთამომავლობისთვის შეენარჩუნებინათ. არცერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, უცხოტომელებისთვის მიწის მიყიდვა დაუშვას და შვილებს არ დაუტოვოს, რაც წინაპრებმა შეუნარჩუნეს!
- ახლა მარიხუანას წარმოებას იწყებენ, აქაოდა, ბიუჯეტს მოგებას მოუტანსო...
- რაღა მარიხუანა, როცა რაციონალური შრომით მოყვანილი ნებისმიერი კულტურის წარმოება შექმნის სახალხო დოვლათს! რაც მოგვდის, იმისთვის ვერ მიგვიხედია ჯეროვნად. მაგალითად, ახალციხეში მოსახლეობას მოჰყავს კარტოფილი, მაგრამ მის შესანახად არ გააჩნია სათავსოები. სამაგიეროდ, შენახვის სამაცივრე მეურნეობა არსებობს სომხეთში. სომხები ყიდულობენ ქართულ კარტოფილს, სათანადოდ ინახავენ და რამდენიმე თვეში, როცა ჩვენი მარაგი იწურება, ჩვენს მიწაზე მოყვანილ პროდუქტს ჩვენს მოსახლეობაზე ორმაგ ფასში ყიდიან! ეს საკითხი რომ მოეწესრიგებინა ხელისუფლებას, არანაკლებ მოგებას ნახავდა ბიუჯეტი და თანაც, ერი ნარკომანიის ლაბირინთებში არ ჩაიკარგებოდა!
- როგორ აპირებთ მსგავსი პრინციპის საქართველოში დანერგვას?
- ამ ეტაპზე, ვამზადებთ საფუძველს, რათა საქართველოში საპილოტე პროექტი განხორციელდეს და თუნდაც ერთი „გეორგიას“ ტიპის სოფელი გაშენდეს. ამ მიზნით მე ვთანამშრომლობ ისრაელის საკმაოდ გავლენიან წრეებთან და ისინი მზად არიან, საზოგადოების დაინტერესების შემთხვევაში თავად დააფინანსონ „გეორგია - შენი პროექტია“-ს განხორციელება. ქართველი ხალხი ამ ერთი სოფლის მაგალითზე თვალსაჩინოდ დაინახავს ამ სისტემის ეფექტურობას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ერთხმად მოითხოვს, სრულიად საქართველოში მის დანერგვას! ხელისუფლებას მოუწევს ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ან იმის დასაბუთება, რომ „გეორგიას“ განხორციელებას მიწის უცხოელებზე გასხვისება სჯობს, მაგრამ ეს წარმოუდგენელია! თუ საზოგადოება გაიაზრებს, რომ ამ პროექტის განხორციელებით, საკუთარი მომავლის სადავეებს თავად აიღებს ხელში და ხელისუფლებას ამას მტკიცედ მოთხოვს - წარმატება გარდაუვალი იქნება! უარის შემთხვევაში კი, ხელისუფლებასა და ხალხს შორის ხიდი სამუდამოდ ჩატყდება.
- არ მგონია, ჩვენს დასახმარებლად ისრაელი უანგაროდ გაისარჯოს. რა ინტერესი აქვთ?
- ისრაელი გარშემორტყმულია მტრული ქვეყნებით და მოკავშირე სჭირდება. ქართველი კი, ის ერია, რომელიც არასოდეს დაპირისპირებია ებრაელს და ამ ერებს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ. ამის პარალელურად, ირანს აქტიურად უდგას სასმელი წყლის პრობლემა და მოსახლეობას ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ საკუთარი მოქალაქეების ემიგრაციაში წასვლას აფინანსებს. უკვე გაცხადდა, რომ ახლო მომავალში 50 მილიონი ირანელი წავა ემიგრაციაში, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი კი საქართველოსკენ გაემართება! თბილისში უკვე 300 ათასზე მეტი ირანელი ცხოვრობს და მოქალაქეობის მიღებასაც ახერხებენ. ისრაელი სერიოზულად შეშფოთდა საქართველოს ირანიზაციით, რის შედეგადაც ეს უძლიერეს სახელმწიფოს ახალი პრობლემების წინაშე დგება. ისრაელს საქართველოს ირანიზაციის შემაკავებელი სხვა გზა არ გააჩნია, გარდა საქართველოში ავტოქტონური ქართველი ერის გაძლიერებისა და ქართულ მიწაზე მისი დამაგრებისა. ჩვენი ქვეყნის აღორძინების ახალი, ისტორიული შანსი გვეძლევა, რომლის ხელიდან გაშვების უფლება არ გვაქვს!
ესაუბრა ზაზა დავითაია