ავტორი ალა გრიგალაშვილი
„მეეჭვება, პაატა ბურჭულაძემ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს", - ამის შესახებ „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ განუცხადა. მისი თქმით, მომღერალს არასოდეს გაუპროტესტებია ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ხდებოდა.
„როგორც მომღერალი, საამაყო იყო ჩვენთვის და ახლაც არის. მას მთელ ტრაგედიებზე, სისასტიკეზე ხმა რომ ამოეღო, ვიტყოდით, რომ რაღაცნაირად მაინც აქტიურია ამ საქმეში. მაგრამ ჩუმად იყო, ალბათ იმიტომ, რომ არ შექმნოდა პრობლემები და არ აღმოჩენილიყო „ნაციონალური მოძრაობის" კლანჭებში. ის მომღერალია და ნუ ჩაერევა ამ საქმეში. იმღეროს და ამით ასახელოს ქვეყანა!" - განაცხადა ქანთარიამ.
მისი თქმით, ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლა მართული პროცესია, რომელიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნებისთვის" ამომრჩევლის ხმების წართმევას.
„დარწმუნებულიც ვარ, ეს არის მართული პროცესი - სატყუარა პაატას სახით, რომ „ქართული ოცნების" ხმები მიიტყუონ. ვფიქრობ, მისი გამოჩენაც ამ მიზანს ემსახურება.
მაგრამ მალე გამოიკვეთება ყველაფერი...
კვლევებში პაატა ბურჭულაძეს 75 %-იანი რეიტინგი აქვს, როგორც პოლიტიკოსს, როცა სიტყვა „პოლიტიკა" მგონი არც დასცდენია ამ ხნის განმავლობაში. ეს ყოველივე მაგონებს, გიორგი თარგამაძეს რომ ჰქონდა მაღალი პროცენტი და ბიძინა ივანიშვილს ნაკლები. ეს არის ხრიკები და ვფიქრობ, ამას ჩვენი ამომრჩეველი ადვილად მიხვდება", - განაცხადა ქანთარიამ.