პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„პრემიერთან შეხვედრა ჩვენი ინიციატივით აგვისტოს დასაწყისში შედგა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ჩემდა გასაკვირად, ბევრად უფრო ინფორმირებული აღმოჩნდა, ვიდრე იმ ადამიანისგან მოველოდი, რომელიც პრემიერის თანამდებობაზე ახალი მოსულია. კონკრეტულად იმ საკითხებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ქვეყნის წინაშე არსებობს. ვგულისხმობ საერთაშორისო ტერორიზმს, საზღვრებს, მთიანი რეგიონის განვითარებას, ქვეყნის საერთო სოციალურ მდგომარეობას და ა.შ. ზოგადად, საუბარი იყო იმაზე, რაც დღეს საზოგადოების დაკვეთაა, მაგალითად, რატომ არ ვითარდება წარმოება, ენერგეტიკა. სხვა საკითხებზეც ვისაუბრეთ, რომლებიც კონფიდენციალური ხასიათის იყო და ვთვლი, რომ კარტები არ უნდა გავხსნა. ამ საუბრიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრემიერს აქვს ხედვა ამ მნიშვნელოვან საკითხებზე და ისე არ არის, რომ მარიონეტად დანიშნავენ კაცს და მერე საქმე არ აქვს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.