მარკ ტვენი - ამ რამდენიმე თვის წინათ დამოუკიდებელთა პარტიამ ჩემი კანდიდატურა წამოაყენა ნიუ-იორკის დიდი შტატის გუბერნატორის თანამდებობაზე. კენჭი უნდა მეყარა მისტერ ჯონ სმითისა და მისტერ ბლენკის წინააღმდეგ, რომელთა კანდიდატურები სხვა პარტიებმა წამოაყენეს. ვგრძნობდი, რომ ამ ჯენტლმენებთან შედარებით ერთი დიდი უპირატესობა მქონდა -შეუბღალავი რეპუტაცია. უბრალოდ რომ გადაგეკრათ თვალი გაზეთებისთვის, მიხვდებოდით, რომ თუკი ოდესმე ჰქონდათ ჩემ მეტოქეებს კარგი სახელი, ეს დრო უკვე წარსულს ჩაბარებოდა: ათასი ჭუჭყი მოსცხებოდათ ამ ბოლო წლებში. თავი მომქონდა ჩემი უპირატესობით და გახარებული ვიყავი. თუმცა ერთ რამეზე მეთანაღრებოდა გული - ჩემი გვარი ყალთაბანდებთან ერთად უნდა ეხსენებინათ. სულ უფრო და უფრო მაწუხებდა ეს ფიქრი. ავდექი და ბებიაჩემს წერილი მივწერე, ასე და ასეა -მეთქი. პასუხს არ დაუგვიანია, ბებია მწერდა:
,,მთელი შენი დღე და მოსწრება პატიოსნად და სინდისიერად იქცეოდი; ძეხორციელს ვერ ნახავ, თუნდაც ერთიბეწო უსინდისობა ახსოვდეს შენი. ეგ შენი მეტოქეები ხო ხედავ, რა ხალხიც ყოფილან – გაზეთებში ჩაიხედე და გაიგებ. შენ თვითონვე განსაჯე - გეკადრება კი, თავი დაიმცირო და საჯაროდ შეებრძოლო მაგისთანა ხალხს?!”
მეც ეს არ მტანჯავდა?! მთელი ღამე თეთრად გავათენე, თვალი არ მომიხუჭავს, მაგრამ უკან დახევა აღარ შეიძლებოდა და მეც თანხმობა განვაცხადე, გადავწყვიტე, გამარჯვებამდე მებრძოლა.
დილით, საუზმეს რომ შევექცეოდი და უგულისყუროდ ვათვალიერებდი გაზეთებს, უცებ ასეთ შენიშვნას მოვკარი თვალი და სახტად დავრჩი.
"ცრუ მოწმე. იქნებ ახლა მაინც ინებოს ბატონმა მარკ ტვენმა, როგორც გუბერნატორობის კანდიდატმა და გულწრფელად აღიაროს - როგორ მოხდა, რომ 1863 წელს კოხინ ჩაინას ქალაქ ვაკავაკში ოცდათოთხმეტმა მოწმემ ამხილა მისი სიყალბე და ცრუ ფიც: თურმე უმწეო ქვრივი დედაკაცისთვის ერთი უბადრუკი მიწის ნაკვეთის წართმევა ეწადა, რომელზედაც რამდენიმე ბანანის ხე იდგა. ეს იქნებოდა სრული განადგურება საბრალო დედაკაცისა, რადგან მის ღარიბ ოჯახს იმ მწირი მიწით ედგა სული, სხვა არაფერი ებადათ. მისტერ ტვენი ვალდებულია განუმარტოს ეს ხალხს, რომლის მხარდაჭერასაც იგი ელის არჩევნებში. გაბედავს?”
ლამის გული გამისკდა! რა საშინელი, არაადამიანური ცილისწამებაა! კოხინ ჩაიანა თვალით არ მენახა! ვაკა ვაკი პირველად მესმოდა! ბანანის ხე და კენგურუ ჩემთვის ერთნაირი ცნება იყო. აღარ ვიცოდი, რა მექნა. სიბრაზისაგან ღონე წამერთვა. ის დღე ისე მიიწურა, რომ ვერაფერი ვიღონე. მეორე დღეს იგივე გაზეთი წერდა:
,,საგულისხმო ამბავი! - უნდა შევნიშოთ, რომ კოხან ჩაინას ცრუ ფიცთან დაკავშირებით მისტერ ტვენი საეჭვოდ დუმს"!
(ამ დღეიდან მოკიდებული, საარჩევნო კამპანიის დამთავრებამდე ეს გაზეთი სულ "შერცხვენილ ფიცის გამტეხს "მიწოდებდა).
ამას მოჰყვა მეორე გაზეთის ცნობაც:
სასურველია გავიგოთ, ინებებს თუ არა გუბენატორობის ახალი კანდიდატი, განუმარტოს თავის ამომრჩევლებს(რომელთაც თავი უნდა გადასდონ და ხმა მისცენ მას!) მონტანას წვრილმანი ამბები, სადაც ჯარის ამხანაგებს ათასი რამე ეკარგებოდათ და მერე კი ყოველთვის ან მისტერ ტვენის ჯიბეში ან მისივე "ჩემოდანში” (ერთ ძველ გაზეთში, რომელშიაც ის თავის ხარახურას ინახავდა) აღმოაჩენდნენ ხოლმე. ბოლოს ამხანაგებმა თავს იდვეს მეგობრული სამსახური გაეწიათ და ჭკუა ესწავლებინათ მისთვის -კუპრში ამოთხვარეს, გარედან ბუმბულები მიაყარეს, ჯოხზე გააკრეს და მთელი ქალაქი შემოატარეს, მერე კი ურჩიეს, სხვა ოთახში გადაბარგებულიყო, საინტერესოა, ინებებს თუ არა მისტერ ტვენი ამის განმარტებას"?!
ასეთი საძაგლობა გაგონილა?! ჩემს დღეში არ ვყოფილვარ მონტანაში (იმ დღეიდან მოყოლებული, სულ "მონტანელ ქურდ " ტვენს მიწოდებდა ეს გაზეთი).
ამის შემდეგ ისეთი შიშითა და სიფრთხილით ვიღებდი გაზეთს ხელში, რა სიფრთხილითაც საბანს გადასწევს ადამიანი, რომელსაც ლოგინში შხამიანი გველი ეგულება.
ერთხელაც ასეთ შენიშვნას მოვკარი ყური:
,,ცილისმწამებელს ნიღაბი ჩამოხსნეს! ფაივ-პოინტსელმა ესკვაირმა მაიკლ ოსფლანაგანმა და უოლსტრიტელმამისტერ კეტი მალიგანმა და მისტერ რაფერტიმ ფიცით დაადასტურეს, რომ მისტერ ტვენის მტკიცება, თითქოსჩვენი ღირსეული კანდიდატის მისტერ ჯონ სმითის პაპა ყაჩაღობისათვის ჩამოეხრჩოთ, თავიდან ბოლომდემოჭორილია. განა შემაძრწუნებელი არ არის, რომ ზოგიერთი კარიერისტი, ეგოისტური მიზნების განსახორციელებლად, არაფერს ეპუება და მიცვალებულსაც კი არცხვენს! ამას ვერ მოითმენს პატიოსანი ხალხი. ვურჩევთ შეურაცხყოფილ და დამცირებულ ხალხს, საკადრისად გაუსწორდნენ ცილისმწამებელს"!
ბოლო ფრაზამ მალე გამოიღო შედეგი, იმავე ღამეს იძულებული შევიქენი, უკანა კარიდან გავპარულიყავი. "შეურაცხყოფილ-დამცირებული" ხალხი კი ჩემს სახლში შეიჭრა, მინები ჩაამტვრია და ზოგ-ზოგი რამე ამწაპნა.
ღმერთმა ხომ იცის, მისტერ სმიტის პაპისთვის ცილი არასოდეს დამიწამებია. სიმართლე თუ გინდათ, არც კი ვიცოდი, ასეთი კაცი თუ არსებობდა ქვეყანაზე.
იმ დღიდან მოყოლებული, ეს გაზეთი სულ "საფლავების შემგინებელ" ტვენს მიწოდებდა.
"სანუკვარი კანდიდატი - მისტერ მარკ ტვენი წუხელ გამანადგურებელი სიტყვის წარმოთქმას აპირებდა, მაგრამ დამოუკიდებელთა პარტიის გაფართოებულ მიტინგზე სულაც არ გამოცხადებულა! მისი ექიმი დეპეშით იტყობინებოდა, გაქანებული ეტლის ქვეშ ჩავარდა, ფეხი ორგან აქვს გადატეხილი და ჯოჯოხეთური ტკივილების ტანჯავსო და სხვა ამნაირი მონაჩმახები. დამოუკიდებელთა პარტიის წევრები ბევრს ეცადნენ, მიეჩქმალათ საქმის ნამდვილი არსი და გამამართლებელი მიზეზები ეპოვნათ იმ სუბიექტისთვის, რომელსაც ისინი მებაირახტრობას აკისრებენ, მაგრამ წუხელვე შეუნიშნავთ სიმთვრალისაგან სახეშეშლილი ვიღაც კაცი როგორ წვალებით შებარბაცდა მისტერ ტვენის სასტუმროში. დამოუკიდებლები ვალდებულნი არიან, დაამტკიცონ, რომეს გამოლენჩებული პირუტყვი მარკ ტვენი არ ყოფილა. როგორც იქნა, ნიღაბი მოეხსნათ! ამ ფაქტს სადღა დაემალებიან! ხალხის ხმა ქუხს და პასუხს მოითხოვს - ვინ იყო ეს კაცი"?!
დაუჯერებელი იყო, წარმოუდგენელი! როგორ შეიძლებოდა, ჩემზე ასეთი სიბილწე ეფიქრათ! სამი წელი ისე მიიწურა, ერთი წვეთი ღვინო არ ჩამიკარებია პირში, არც ელი, არც ლუდი, არც სხვა რამ სასმელი.
მაგრამ დრომ მართლაც თავისი ქნა - სულაც არ მწყენია, როცა ამოვიკითხე "გამოუსწორებელი ლოთი ტვენი”. ვიცოდი, რომ არჩევნების დამთავრებამდე შემრჩებოდა ეს სახელი.
ამასობაში დაიძრა და წამოვიდა ჩემი მისამართით ანონიმური წერილები, დაახლოებით ასეთი შინაარსით:
„ იმ უბედურ დედაბერზე რას იტყვით, რომელმაც მოწყალება გთხოვათ და თქვენ კი პანღური ამოჰკარით? პოლ პრაი”
ანდა:
„ზოგ-ზოგი თქვენი ბნელი საქმე ჩემს მეტმა არავინ იცის, რამდენიმე დოლარს თუ არ გაიმეტებთ ჩემთვის, ყველა გაზეთი გაიგებს. „ჰენდი ენდი” მალე რესპუბლიკელების მთავარმა გაზეთმა ამომრჩეველთა მოქრთამვაში დამდო ბრალი, ხოლო დემოკრატების ორგანომ ფულის გამოძალვა დამწამა (ამრიგად, ორი ახალი სახელი შევიძინე: "ტვენი - ბილწი გაიძვერა" და "ტვენი - საზიზღარი ყალთაბანდი").
ბოლოს ისეთი აურზაური ატეხეს გაზეთებმა და ისეთი დაჟინებით მოითხოვდნენ ჩემგან პასუხის გაცემას წამოყენებულ ბრალდებებზე, რომ დუმილი აღარ შეიძლებოდა, ჩვენი პოლიტიკური კარიერა საბოლოოდ დაიღუპებოდა. მეორე დღეს ერთ-ერთ გაზეთში მართლაც დაიბეჭდა ასეთი შენიშვნა:
„ამ ვაჟბატონს ვერ უყურებთ?! - დამოუკიდებელთა პარტიის კანდიდატი დაჟინებულ დუმილს არჩევს, ან კი რა უნდა ქნას, რაც ბრალდებები წაიყენეს, სულ დადასტურდა. მაშ რატომ სდუმს ასე?! ამ ვაჟბატონს ვერ უყურებთ -ამ შემარცხვენელ ფიცის გამტეხს, მონტანელ ქურდს, საფლავების შემგინებელს, გამოუსწორებელ ლოთს, ბილწგაიძვერას და საზიზღარ ყალთაბანდს! კარგად დააკვირდით, ყოველი მხრიდან შეხედეთ და მერე თვითონვე ბრძანეთ - მაინც მისცემთ თქვენს პატიოსან ხმებს ამ გაიძვერას, რომელმაც თავისი ბნელი საქმეების გამო ამდენი ბინძური მეტსახელი დაიმსახურა და ენაც ვერ აღუძრავს, რომ ერთი ბრალდება მაინც უარყოს"!
სხვა გზა არ აღარ იყო, დავჯექი და საპასუხო წერილების წერას შევუდექი. მაგრამ წერა არც კი დამემთავრებინა, რომ ახალი საშინელი ცილისწამება მომიგონეს: ბრალს მდებდნენ საგიჟეთის დაწვაში, რომელიც ჩემი სახლის წინ იდგა და თითქოს, ფანჯრიდან ხედს მიმახინჯებდა, ხალხიც შიგ გამობუგაო. გავმწარდი კაცი. მერე დამწამეს - ალალი ბიძა მოწამლა გაძარცვის მიზნითო. თავგამოდებით მოითხოვდნენ გვამის გაკვეთას. შიშმა შემიპყრო, არ გავგიჟდე-მეთქი. ესეც არ მაკმარეს, ერთ დღეს ერთ-ერთ წინასაარჩევნო კრებაზე სხვადასხვა ფერის ჩამოძონძილი ბალღი მომისიეს. ჩამომეკიდნენ ეს ბავშვები ფეხებზე და მორთეს ჩხავილი - "მამა, მამაო"!
დავთმე! დროშა დავუშვი და იარაღი დავყარე. აღმოჩნდა, რომ სააარჩევნო კამპანიის ჩატარება ჩემ ძალ-ღონეს აღემატებოდა. დავჯექი და დავწერე - ჩემს კანდიდატურას ვხსნი-მეთქი და ხელიც მოვაწერე.
პატივისცემით, თქვენი ოდესღაც პატიოსანი, ამჯერად კი შ.ფ. მ.ქ. ს.შ. გ.ლ. და ს.ყ.
მარკ ტვენი