logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მომავალში ვხედავ ერთიან და აყვავებულ საქართველოს, რომელიც ამაყობს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობით!
- +

13 მაისი. 2016. 18:12


 

„მომავალში მე ვხედავ ერთიან და აყვავებულ საქართველოს, რომელიც ამაყობს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობით", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში შეკრებილ ანალიტიკოსებს.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხედავს მომავალს, რომელშიც საქართველო შეძლებს რთული პრობლემების გადაჭრას და კარგი ურთიერთობების განმტკიცებას ყველა მეზობელთან, რუსეთის ჩათვლით.


„ვხედავ საქართველოს, როგორც უმნიშვნელოვანეს ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის ენერგოუსაფრთხოება, ძლიერ სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ რეგიონულ ცენტრს. ვინმეს, ეს აუხდენელ ოცნებად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ ინგლისურ ენაში არის ორი სიტყვა, რომელიც ადასტურებს, რომ ოცნების ახდენა შესაძლებელია, ეს სიტყვებია „ლესტერ სითი". მჯერა, რომ ამ ხედვის ხორცშესხმაში მე შემიძლია მქონდეს გაერთიანებული სამეფოსა და ჩვენი სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბოლო პერიოდის მიღწევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო, რომელიც დანგრეული იყო სამოქალაქო ომისაგან და ნადგურდებოდა შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ, გადაიქცა სახელმწიფოდ, რომელსაც აკავშირებს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, რომელმაც მიაღწია შესამჩნევ პროგრესს რეგიონში დემოკრატიის ერთ-ერთი საუკეთესო სტანდარტის დამკვიდრების, ეკონომიკური ზრდის დინამიკით და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

 

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რეგიონში თითქმის ყველა ვალუტის კურსის მკვეთრი დაცემის მიუხედავად, საქართველომ ძალიან სტაბილური გაცვლითი კურსი შეინარჩუნა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2014 წელს იყო ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანტიკორუფციულ სამიტში მონაწილეობის გარდა, დიდ ბრიტანეთში მისი ვიზიტის მიზანია ბრიტანელ ინვესტორთა ინფორმირებულობის გაზრდა საქართველოს ეკონომიკური პროგრესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, გადასახადების სიმსუბუქის თვალსაზრისით კი მე-9 ადგილზეა მსოფლიოში.


„უცხოური ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში დღითიდღე იზრდება, ხოლო წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების თანახმად, საქართველო სტაბილური ქვეყნების კატეგორიაში შედის. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოუდგენელია ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. ჩემს მთავრობას აქვს ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას. ჩვენი რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებასა და ჯანდაცვას, ასევე საპენსიო რეფორმას. ყოველივე ეს ცხადყოფს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებას, მოამზადოს თანამედროვე, განათლებული და ჯანმრთელი კადრები, რომლებიც მზად არიან გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის. ისტორიულად, საქართველო ყოველთვის ასრულებდა მნიშვნელოვან გეოგრაფიულ როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ბოლო პერიოდში საქართველო იქცა სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგეტიკულ დერეფნად. საქართველოზე გადის მილსადენები, რომლებითაც კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობი და გაზი მიეწოდება თურქეთსა და ევროპას, ასევე ახალი გზატკეცილები და რკინიგზის ქსელები, რის წყალობითაც საქართველო იქცა მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად. შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩათვლით, აძლიერებს საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის გაყოლებაზე განლაგებული ცენტრის, როლს", - განაცხადა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა „ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ საუბრის მთავარი თემა იყო სამხრეთ კავკასიის გაზის დერეფნის გაფართოების პროექტი, რომლის ღირებულება ეს 45 მილიარდია.


„აქედან, 2 მილიარდი ინვესტირებული იქნება საქართველოში. ჩვენ გვაკავშირებს ბრწყინვალე თანამშრომლობა და ამ პროექტის წყალობით, 2015 წელს დიდი ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი. ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ევროპის ქვეყნებთან. ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, რეგიონის მნიშვნელობის ზრდის, ევროპისთვის ენერგომატარებლების დივერსიფიცირების მიმართულებით და რეგიონში უსაფრთხოების ზრდის კუთხით", - აღნიშნა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ქმნის ქართული კომპანიებისა და ინვესტორებისთვის, რამდენადაც თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებს სთავაზობს ინვესტორებს, ვინც აწარმოებს საქართველოში, განახორციელოს პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტი.


„ეს არა მხოლოდ ხსნის სატარიფო ბარიერებს ქართული კომპანიებისთვის, არამედ ინსტიტუციურ ბარიერებს, რამდენადაც, შეთანხმების ნაწილია ქართული საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების ტრანსფორმაცია და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. კონკურენციის სააგენტოს, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტებს, ფიტოსანიტარიულ ინსტიტუტებს და სურსათის უსაფრთხოების ინსტიტუტებს ვაახლოებთ ევროპულ სტანდარტებთან, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და სერვისების სტანდარტები შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის და მედიის თავისუფლების კუთხით მიაღწია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner