ავტორი თეონა რამაზაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, „რეპორტიორთან" შეფასების დროს, „ქართული ოცნება - დმეოკრატიული საქართველოს" ახალ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილის მოსალოდნელ არჩევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრემიერი გაამართლებს საზოგადოების მოლოდინებსდა ქვეყნის რთულ პერიოდში, იგი საქართველოს წარმატებულ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდება.
გიორგი კვირიკაშვილის არჩევა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ არის შანსი „ქართული ოცნებისთვის". ამ პარტიამ გაიარა განვითარების ურთულესი ეტაპები, რაც ბუნებრივი იყო, რადგან დასაძლევია ავტორიტარული რეჟიმის უმძიმესი მემკვიდრეობა. ეს პროცესი საკმაოდ წინააღმდეგობრივი ხასიათის იყო, თუმცა ყოფილი პრემიერის მიერ ჩამოყალიბებული სტრატეგიისთვის არ გადაუხვევია.
ბევრი რამ „ქართული ოცნების" დაპირებებიდან შესრულდა, ბევრის შესასრულებლად დრო არ აღმოჩნდა საკმარისი, ამან კი ჩვენი მოქალაქეების ერთ ნაწილში იმედგაცრუების ელემენტები გააჩინა. კვირიკაშვილის პოლიტიკური ლიდერობა ეს არის სიგნალი საზოგადოებისთვის, რომ დანაპირები - სამართლიანობის აღდგენა, საყოველთაო ჯანდაცვა, სოციალური პრობლემები, ევროკავშირთან დაახლოება, ამ ყველაფერზე თანმიმდევრული მუშაობა გაგრძელდება. ამავე დროს, ეს ბრძოლა არ გაცდება კანონიერების ჩარჩოებს და თავიდან აიცილებს პოპულიზმს ხალხის გულის მოსაგებად, არ იძალადებს კანონზე, რათა პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს, საზოგადოებისთვის ეს არის ნიშანი, რომ „ქართული ოცნება" აქცენტს აკეთებს სუფთა პოლიტიკურ ლიდერზე, უნარიან მენეჯერზე, საერთოდ, ძველ, გამოცდილ პროფესიონალებზე და ახალ სახეებზე.
- რას შეცვლის გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორია მისი პოლიტიკური მომავალი, ნდობის მანდატი?
- გიორგი კვირიკაშვილს უკვე აქვს ხალხის ნდობის საკმაოდ მაღალი მანდატი. მას მხარს უჭერს პოლიტიკური „ისტებლიშმენტი" ექსპერტები- ანალიტიკოსები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. მას აქვს ყველა თვისება საიმისოდ, რომ ღირსეული პოლიტიკური ლიდერი გახდეს.
- რა განასხვავებს გიორგი კვირიკაშვილს სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან, გნებავთ სახელისუფლებო, გნებავთ ოპოზიციური სპექტრიდან?
- დიახ, გიორგი კვირიკაშვილი განსხვავდება სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან, განსხვავდება არამარტო იმით, რომ ინგლისური კარგად იცის და ღრმად განსწავლული ერუდიტია, არამედ აქვს არსებითად სუფთა ბიოგრაფია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ლიდერებისგან განსხვავებით უბიოგრაფიო არ არის, აქვს მკაფიო და პროგრესული ხედვები, კარგი მენეჯერიცაა და პიროვნულად თავმდაბალია, კომუნიკაბელურია. ბუნებრივია, პოლიტიკური ელიტა ქვეყანაში სისტემატურად უნდა განახლდეს, ვიღაცეები უნდა წავიდნენ, ვიღაცეები მოვიდნენ. ჩემი აზრით, გნებავთ გამოცდილი, ძველი პროფესიონალები და გნებავთ ახალი სახეები, რომელთა მოსვლა პოლიტიკაში ყოველთვის სასურველია სპექტრის გაანხლების თვალსაზისით, სწორედ ისეთი მენეჯერები, მეოჯახეები და ერუდიტები უნდა იყვნენ, როგორიც ბატონი კვირიკაშვილია. ასე რომ, მოლოდინები მის მიმართ საზოგადოებაში პოზიტიურია. იმედია, პრემიერი გაამართლებს ამ მოლოდინებს და ამ ქვეყნის მართლაც ურთულეს პერიოდში, იგი საქართველოს წარმატებულ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდება.