შსს-მ „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისთან, ლგბტ თემსა და მეზობლებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, თბილისში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, N56-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისთან, ლგბტ თემსა და მეზობლებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს, გვიან ღამით, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისის ეზოში, ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელსა და იმავე ქუჩაზე მცხოვრები ქალის - 1952 წელს დაბადებულ ნ.ი.-ს შორის ხმაურთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც აღნიშნული ქალის ნათესავი - 1983 წელს დაბადებული გ.ფ. შეესწრო. კონფლიქტი, ერთი მხრივ, ლგბტ თემის წარმომადგენლებს - ვ.კ.-ს, თ.ე.-ს, ა.უ.-ს, რ.კ.-სა და მეორე მხრივ, გ.ფ.-ს შორის გაგრძელდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
კონფლიქტის შედეგად, გ.ფ. მიღებული დაზიანების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისი ექსპერტიზების დანიშვნა“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, „თანასწორობის მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაციას, რომ 28 სექტემბერს 23:00 საათზე ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისის მიმდებარედ ლგბტ აქტივისტებს თავს დასხნენ და სცემეს.
„დაზარალებულია 4 ლგბტ აქტივისტი. თავდამსხმელები იყვნენ მეზობლები. მათ ეზოში მოიმწყვდიეს ლგბტ თემის წევრები, რომლებიც ოფისის დატოვებას აპირებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთერთი თავდამსხმელი ლგბტ აქტივისტის დახრჩობას ცდილობდა, ასევე იმუქრებოდა, რომ მანქანიდან იარაღს ამოიღებდა და მოკლავდა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.