პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" პროკურორის ქალიშვილის, თამარ გერგედავას სწავლის დაფინანსების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა. მისი თქმით ის, რაც ამ თემის ირგვლის მოხდა მერიის შეცდომა იყო და თამარ გერგედავა არაფერ შუაშია.
„თვალყურს ვადევნებდი რა ხდებოდა ამ თემასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ შევეხმიანე თამარს, ვცადე ჩემი შვილების თანატოლი გოგონას დაცვა. გაირკვა, რომ ეს ბავშვი უდანაშაულო იყო. მან მერიისგან თანადგომა ითხოვა, როგორც თანამშრომელმა და ის დააფინანსეს. დანარჩენი კი მერიის მხრიდან დაშვებული შეცდომა იყო, რადგან გოგონას დაფინანსება სოციალურად დაუცველთა ხარჯებით ხდებოდა.
ჩვენ ამ ბავშვს უნდა შევუმსუბუქოთ ის ტვირთი, რომელიც მას მხრებზე დააწვა. უნდა მოიხსნას ის თემა, რომ დაფინანსება მოხდა იმიტომ, რომ მამა პროკურორია და ა.შ. ვფიქრობ ეს არასწორია. ეს იყო გოგონა, რომელმაც აბსოლუტურად გამართული განცხადება დაწერა და მიმართა იმ სტრუქტურას, სადაც მუშაობდა. იქ რა მოხდა და დაფინანსება დარღვევით რატომ მისცეს ეს უკვე სხვა საკითხია. სიმართლე უნდა გავახმოვანოთ და ამ ბავშვს გული არ ვატკინოთ. მინდა მივმართო თამარს: ცხოვრებაში ბევრია მსგავსი სირთულე, მთავარია ისწავლე და წინსვლა გააგრძელე, რადგან როგორც გამოიკვეთა ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ", - ამბობს ხათუნა ხოფერია.