logo_geo
eng_logo
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
- +

29 სექტემბერი. 2018. 19:05

 

 

გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკო-სა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან დენის დავითაშვილთან:

 

- ინტერნეტ ტელევიზია „PosTV-მ“ გამოააშკარავა ენმ-ის მიერ შექმნილი საპრეზიდენტო არჩევნების ე.წ. „გაყალბების მოდელი“. ჟურნალისტებმა მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც ამ პარტიის საარჩევნო შტაბში შეიქმნა და განკუთვნილია მათი წარმომადგენლებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში. დოკუმენტი შეიცავს ინსტრუქციებს, რომ საუბნო კომისიების წევრებმა უნდა მოამზადონ 5-5 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიის წევრებმა 10-10 საჩივარი უშუალოდ არჩევნებამდე და არჩვენების დღეს. ჟურნალისტების მტკიცებით, ეს არის სცენარი, რომელიც გულისხმობს ფაქტების გაყალბებას, რათა გაჩნდეს არჩევნებში ეჭვის შეტანის და შემდგომში რევოლუციური გზით არჩევნების დელეგიტიმაციის საშუალება. საჩვენებლად კი, ინტერნეტ ტელევიზიამ ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა - ნამდვილად მიიღეს თუ არა ასეთი დავალება კომისიის წევრებმა და მათ ტელეფონით დაუკავშირდა. შესაძლებელად მიიჩნევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამგვარ ხერხებს იყენებდეს და რამდენად სარწმუნოდ გეჩვენებათ მოვლენების განვითარების ამგვარი სცენარი?

 

- ინტერნეტ ტელევიზიის მიერ გამოაშკარავებულ ე.წ. „გაყალბების მოდელის“ შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტი, რომლის განხორციელებაც სურს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაახლოებულ სხვა პარტიას, ჩვენთვის ჯერ კიდევ აგვისტოში გახდა ცნობილი. ამ დოკუმენტით შევიტყვეთ, თუ როგორ ავალებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური შტაბი თავიანთ კომისიის წევრებს, საოლქო და საუბნო კომისიებში, წინასწარ მომზადებული 10-10 და 5-5 საჩივარი შეეტანათ. ეს საკითხი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დავაყენე და შესაბამის ძალოვან სტრუქტურებს ვითარების შესწავლა ვთხოვე, რათა არ დაეშვათ ქაოსი და გაუგებრობა საუბნო და საოლქო კომისიებში, რაც შემდგომ უკვე შესაძლოა საპროტესტო ტალღაში გადაზრდილიყო. ამასთან, განცხადებით მივმართე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ჩემს ოფიციალურ წერილს თან დავურთე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში კომისიის წევრებისათვის შექმნილი ე.წ. დავალება. დღეს, ეს უკვე ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიებით და ექსპერიმენტითაც დადგინდა. ვფიქრობ, არ სჭირდება ამ ფაქტს რაიმე დაზუსტებული მოკვლევა და შესაბამისმა ორგანოებმა სათანადო რეაგირება უნდა მოახდინონ. ხოლო, საუბნო-საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა იმსჯელოს მისივე წევრების გადაცდომებზე და კანონით გათვალისწინებული სათანადო ზომები მიიღოს. მინდა, გითხრათ, რომ ენმ-ის სამიზნე ცესკოა და არა სალომე ზურაბიშვილი ან, დავით ბაქრაძე.

 

- ენმ-ის მიერ ამგვარი ხერხის გამოყენების შემთხვევაში, რამდენად არის შესაძლებელი რომ არსებული რეალობა შეიცვალოს და მოვლენები რევოლუციური გზით განვითარდეს?

 

- რასაკვირველია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზემოხსენებული დავალების განხორციელების შემთხვევაში, საერთაშორისო დამკვირვებლებს დარღვევების შესახებ, მცდარი შეხედულება შეექმნებათ. ეს იქნება იმის საფუძველი, რომ არჩევნებში, ამ გზით წაგებული კანდიდატების მხარდამჭერებმა, რევოლუციური გზით მოვლენების განვითარებისთვის მოსახლეობის მობილიზება მოახდინონ. ეს ყოვლად მიუღებელია და მიგვითითებს იმაზე, რომ ანალოგიური, სხვა სიყალბეების დაგეგმვისა და განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანაში შეიძლება საშიში ვითარება შეიქმნას.

 

- ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმშია და არჩევნებში მონაწილე მხარეები თითქმის ყოველდღე საუბრობენ ზეწოლაზე და სხვადასხვა მანიპულაციებზე. პრეტენზიები ისმის როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. როგორ ფიქრობთ, ვის აწყობს დღეს არჩევნების გაყალბება?

 

- მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე, საარჩევნო გარემო ყოველწლიურად უმჯობესდება. პირადად ვარ მონაწილე ამ პროცესების. როგორც დამკვირვებელს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში და უწყებათაშორის კომისიაში, შემიძლია გითხრათ: მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ოპოზიციური პარტიები სისტემატურად აყენებენ საკითხს და საუბრობენ სავარაუდო ზეწოლებზე, აქვთ პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ, საჩივრების შემომტანებმა უწყებათაშორის კომისიაში თითქმის ვერცერთხელ ვერ წარმოადგინეს რაიმე ღირებული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათი პრეტენზიების საფუძვლიანობას. ამ ხნის განმავლობაში დაკვირვების შედეგად შემიძლია თამამად გითხრათ, რომ არჩევნების გაყალბება არ შედის ხელისუფლების ინტერესში. ეს არის ოპოზიციის მცდელობები როგორმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები ჩაიდინონ ან, გააყალბონ არჩევნები რომელიმე ცალკეულ უბანში, რის შემდეგაც არჩევნების გაყალბების შესახებ თავადვე იყვირებენ.

 

- რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოებამ შეიტყო ცესკო-ში გაერთანებული ოპოზიციის სიებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ, სადაც პრემიერ ბახტაძის გვარი ფიქსირდება, საქმე გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცა. ოპოზიცია ხელისუფლებას და ცესკო-ს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ცესკო სუს-ის მიერ იმართება. სულ სხვა პოზიცია აქვს ხელისუფლებას, რომელიც მის მონაწილეობას ამ გაუგებრობაში კატეგორიულად უარყოფს. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?

 

- ცესკო-ს მიერ გაერთიანებული ოპოზიციის სიებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ, სადაც 2-ჯერ დაფიქსირდა პრემიერის გვარი და ეს საქმე გამოძიებისათვის გადაეცა პროკურატურას, მედიიდან შევიტყვე. მეორე დღესვე, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მოვითხოვე შეესწავლა პროკურატურას და სხვა ძალოვან სტრუქტურებს მომხდარი და მთელი სიმკაცრით დაესაჯათ ამ სიყალბის განმახორციელებლები. ანალოგიური შემთხვევები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვლინდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც. იმ დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ვიყავი. ცესკო მთელი სიმკაცრით იხილავდა გამოვლენილ ფაქტებს. -ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული პარტია არჩევნებიდან იხსნებოდა. ცნობილია რომ სიაში, რომელშიც დაფიქსირდა პრემიერის გვარი, გარდაცვლილი პირის და ემიგრაციაში წასული ადამიანების მონაცემებიც აღმოჩნდა. თითოეული ადამიანის მონაცემს ხელმოწერით ადასტურებს პასუხისმგებელი პირი. პროკურატურამ უნდა შეისწავლოს და დაადგინოს, კონკრეტულად, ვინ იყო სიაზე პასუხისმგებელი. ვფიქრობ, ხსენებული საინიციატივო ჯგუფის თუ პოლიტიკური პარტიის სიები აღმოჩნდება მასიურად გაყალბებული. ამიტომაც ეს საკითხი ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული და დაისაჯოს ყველა, ვინც განზრახ, გაყალბების გზით შეაგროვა და შეიტანა სიები ცესკოში. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს წინასწარ დაგეგმილ და განზრახულ მასიურ გაყალბებასთან.

 

- ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ყველა რესურსი, ფინანსური და ადამიანური, ხელისუფლების ხელშია. მათ შორის ცესკო-ს ხელში და გარკვეული მანიპულაციები შეუძლიათ. არჩევნების გაყალბების რა მექანიზმია ხელისუფლების ხელში და რა ოპოზიციის....

 

-არჩევნები ტარდება კანონის, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა სრულ შესაბამისობაში. ყველა მონაწილე კანონიდან გამომდინარე სარგებლობს შესაბამისი ფინანსური საშუალებებით და შეუძლებელია ვინმემ ისარგებლოს დამატებითი რესურსებით.

 

- არსებობს ისეთი დარღვევები, რომელთაც შესაძლოა სამართლებრივად დარღვევის კვალიფიკაცია ვერ მიენიჭოს, მაგრამ ამან, რეალურად, არათანაბარი საარჩევნო გარემო შექმნას?

 

- ყველა დაფიქსირებული დარღვევა განიხილება ცესკო-ში, უწყებათაშორის კომისიაში და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში თითოეული სავარაუდო სამართალდარღვევა საჩივრდება სასამართლოში. რაც დღეს, არის უკანონო ქმედებების განხორციელების აღმოფხვრის გარანტია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საარჩევნო გარემო არის თანაბარი.

 

- რომ გადავხედოთ დღევანდელ მოცემულობას, წინა წლებთან შედარებით, რამდენად შეცვლილია საარჩევნო გარემო? ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს კვლავ აქვთ შეკითხვები და პრეტენზიები ცესკო-სთან. აქვთ თუ არა მონაწილე სუბიექტებს თანაბარი პირობები და როგორ შეაფასებდით ცესკო-ს მუშაობას?

 

- საარჩევნო გარემო 2012 წლიდან დღემდე უკეთესობისკენ იცვლება. ამას მოწმობს ცესკო-ში, უწყებათაშორის კომისიასა და სასამართლოებში არსებული ბევრად ნაკლები საჩივარი. გარდა ამისა, ის რაც საჩივრდება, ხშირ შემთხვევაში არ არის საფუძვლიანი და ზემოთ ხსენებული უწყებები სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებენ. რაც შეეხება რიგ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ შეკითხვები და პრეტენზიები ცესკო-სთან, ყოველწლიურად სწორედ მათ შემოაქვთ ცესკო-ში და უწყებათაშორის კომისიაში ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, დაუსაბუთებელი საჩივრები. ინტერესი მხოლოდ ერთია - უცხოური გრანტების გამცემი საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობის მოპოვება. ასაჩივრებენ ისეთ ფაქტებს, რომელთა უმრავლესობა შემდგომ არ დასტურდება.

 

ახლახანს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ - „საია“-მ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მხარი აუბეს ორ ოპოზიციურ პარტიას და უწყებათაშორისი კომისია დატოვეს. ჩემთვის ნათელია, რომ მათი ეს ქმედება, არ ემსახურება სამართლიანი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. მექმნება შთაბეჭდილება რომ ცდილობენ, არჩევნებზე არსებული ვითომდა დარღვევების შესახებ, უცხოელ პარტნიორებს არაობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ.

 

 

ავტორი: სალომე ნაცვალაძე

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner