მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" ხელმძღვანელის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, ის იძულებული გახდა მისი კარიერა და ტკბილი ცხოვრება მიეტოვებინა.
ბურჭულაძის განმარტებით, ის ბოლო 25 წლის განმავლობაში, ყველა მთავრობას გვერდით ედგა და ეხმარებოდა.
„სად ვიყავი 9 წელი? მე ვიყავი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე, 9 წელი კია არა, საერთოდ, 25 წლის განმავლობაში, ვინც კი მოდიოდა მთავრობაში, ეს იქნებოდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ივანიშვილი, მე ვიყავი მათ გვერდით, რადგან რაღაც ახალი იქმნებოდა და ახალი იმედი ეძლეოდა ხალხს. დღეს მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ადამიანს, რომლის გვერდით დგომა შეიძლება. დღეს, ქვეყანა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ვიყავი იძულებული, მიმეტოვებინა ჩემი კარიერა, ჩემი ძალიან ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი ამ მოძრაობას სათავეში",- განაცხადა ბურჭულაძემ პრესკონფერენციაზე.