„შინდისის გმირთა მემორიალს, რომელიც გუშინ დაარბიეს, პირვანდელი სახე დაუბრუნდა“, – აღნიშნულ ინფორმაციას და ფოტოს შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„როგორც იცით, გუშინ შინდისის ბრძოლაში დაღუპული 17 გმირის მემორიალი დააზიანეს. ფაქტი უდაოდ აღმაშფოთებელია, ეს იყო ვანდალური ქმედება. ჩვენ ადგილზე გავეცანით სიტუაციას და მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად დაუყოვნებლივ განვახორციელეთ აღდგენითი სამუშაოები. მოწესრიგდა ტერიტორია, დაირგო ყვავილები და მემორიალს დაუბრუნდა პირვანდელი სახე.
აქვე მინდა გითხრათ, რომ შინდისის გმირთა მემორიალის დარბევის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზეა მხილებული და ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, ოპერატიულად ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება – მათ შორის, დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზები.
შინდისის გმირების მემორიალი ამჟამად ასე გამოიყურება“, – წერს გიორგი ხოჯევანიშვილი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.