გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის 18-წუთიან გამოსვლას საქართველოში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ გაერო-ში მამუკა ბახტაძის გამოსვლა შეაფასა.
„მამუკა ბახტაძის გაერო-ში წარმოთქმული სიტყვის სტილი - ფორმითაც და შინაარსითაც, ვფიქრობ, კარგად იყო შერჩეული. ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ვერც კი ბედავდა საერთაშორისო ურთიერთობებისას ქართულად ლაპარაკს, ამიტომაც იყო, რომ ბახტაძის გამოსვლას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მამუკა ბახტაძემ თავიდანვე აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი უძველესი ერის ენაზე ლაპარაკობდა. მადლობა პრემიერს ამ გაბედულებისათვის. ჩემი აზრით, მისი გაბედულება გამოსვლის შინაარსშიც გამოჩნდა, მან გაერო-ს მუშაობის კრიტიკული შეფასება გაბედა. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ბახტაძემ ილაპარაკა საქართველოს ფუნქციაზე რეგიონსა და მსოფლიოში და ამ კონტექსტით უპირველესად ახსენა „აბრეშუმის გზა“. აფხაზებისა და ოსებისადმი მიმართვა ახალი არ ყოფილა. ამ მხრივ ბახტაძემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ამ ეთნოსების მიმართ აგრესიულად განწყობილი არ არის. რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, რომ თურმე იძულებული იყო ასე ელაპარაკა და რომ უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო რუსეთის მიმართ... უკაცრავად და, ვინ ან რამ აიძულა? ან მეტ სიმკაცრეში რას გულისხმობენ?.. ვფიქრობ, სიმკაცრის თვალსაზრისით რუსეთის თემას არაფერი დაჰკლებია: ანექსია, ორმაგი ანექსია, ოკუპაცია - ბახტაძემ ყველაფერი ახსენა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.