logo_geo
eng_logo
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს
- +

14 მაისი. 2016. 12:20

დღეს, 14 მაისს, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

 

თამარი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა სახელმწიფოს. თამარის გამეფების წელსვე (1184 წელს) სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება გაჩნდა. გაჩნდა სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება, მაგრამ თამარმა მოახერხა, მოწინააღმდეგეს მის წინაშე მუხლი მოეყარა, სანაცვლოდ თვითონაც მოუწია, დათმობებზე წასულიყო.

 

 

1185 წელს მეფემ რუს უფლისწულ იურიზე (ანუ გიორგი) იქორწინა. ქართველებმა მისი სარდლობით მრავალი ირანული ქალაქი აიღეს. მოგვიანებით, გიორგის შეუწყნარებელი ხასიათის გამო, თამარი იძულებული გახდა, ქმარს გაჰყროდა.1189 წელს მეფემ მეორედ იქორწინა ოსთა მეფის ძეზე, დავით სოსლანზე. თამარსა და დავითს ვაჟი შეეძინათ. მას ლაშა-გიორგი უწოდეს. ერთი წლის შემდეგ თამარსა და დავითს მეორე შვილი, რუსუდანი შეეძინათ.

 

თამარ მეფის მეთაურობით, ქართველებმა მრავალ ბრძოლაში გაიმარჯვეს.

 

 

თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა. ქვეყანამ დაკარგა დედა და დედოფალი სრულიად სახელმწიფოსი. ეს იყო კლასიკური ხანა საქართველოს ისტორიაში.

 

 

დღემდე თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი:

1. ბეთანიის ტაძარში, თამარის ფრესკა სამხრეთის შესასვლელიდან შესულ ადამიანს უდგება თვალწინ. მას ხელები საკურთხევლისკენ აქვს გაწვდილი. სამეფო ტანსაცმელი აცვია. მხატვარს მეფე ჩვეულებრივ ადამიანად ჰყავს წარმოდგენილი. ის მოკლებულია ღვთაებრიობას. თამარის სახე დიდებული და ამაღლებულია.

 

2. ბერთუბნის ეკლესიაში (თუმცა, აქ ფრესკა დაზიანებულია, გადარჩენილი ნაწილები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული).

 

3. თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახული ვარძიაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე, ყმაწვილ ქალს ეკლესიის მოდელი უპყრია ხელთ. თამარმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად ტაძარი უხვი წყალობით აღავსო.

 

4. ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე ლაშა-გიორგისთან და გიორგი III-სთან ერთადაა გამოსახული. შენობა შეულესავთ და ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ გადარჩენილი ფრესკები მხატვრული ღირსებით შუა საუკუნეების მონუმენტური ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია.

 

 

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა. 14 მაისს მისი ხსენების დღე საქართველოში საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება.

 

 

 

 

ბეთანიის ფრესკა - თამარი, გიორგი მესამე და ლაშა-გიორგი

 

 

 

 

ბერთუბანი, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი - თამარის ფრესკა

 

 

ვარძიის ფრესკა - თამარ მეფე და გიორგი მესამე

 

 

 

 

 

 

ყინწვისის ფრესკა - თამარ მეფე

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner