logo_geo
eng_logo
პროკურატურამ პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
- +

3 ოქტომბერი. 2018. 16:56

 

           

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

 

ბურჭულაძის მეუღლემ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი დღეს, საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.

 

ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 17:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.

 

საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის 1 მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა.

 

შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანას“ შემოწირულობების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიით გავრცელდა და ცნობილი გახდა, რომ ფონდიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლის ხელფასის, სასტუმროების დაქირავებისა და ავიაბილეთებისთვის რამდენიმე ასეული ათასი ლარი იხარჯებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner