logo_geo
eng_logo
ბოლო ინფორმაციით, ცხინვალში დაკავებულ მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული
- +

3 ოქტომბერი. 2018. 17:07

 

 

ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ არა 2-თვიანი, არამედ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, შესაბამისი ინფორმაცია ცხელი ხაზის საშუალებით ცხინვალის წარმომადგენელმა მიაწოდა.

 

„ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა „შეუფარდა“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს სუს-ში.

 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ გაავრცელა.

 

„ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დაკავებული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა. ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა“, - აცხადებდნენ გუშინ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner