სასამართლოდან გამოსული სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ჟურნალიტებთან საუბრისას გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში ნახსენებ ე.წ. სარდაფის ეპიზოდს უარყოფს.
აღნიშნულის შესახებ ყიფიანმა „ომეგა ჯგუფის" საქმეზე სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
სატელეფონო საუბარი სამ პირს შორის მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ესაუბრება, ასევე საუბრის მონაწილე პირია ბიზნესმენი და ვანო ჩხარტიშვილთან ერთად „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.