logo_geo
eng_logo
„ბურჭულაძის მეუღლეს, რომელიც დღეს სასამართლოში უნდა გამოკითხულიყო, გამგზავრების დამადასტურებელი ბილეთები არ წარუდგენია“
- +

4 ოქტომბერი. 2018. 14:01

 

პროკურორ ამირან გულუაშვილის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის მეუღლესთან სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იყვნენ და აცნობეს, რომ გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

 

პროკურორის თქმით, ბურჭულაძის მეუღლეს, რომელიც დღეს სასამართლოში უნდა გამოკითხულიყო, არ წარუდგენია შესაბამისი ბილეთები, რითიც დადასტურდებოდა, რომ გამგზავრებას გეგმავდა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ მოწმედ დასაკითხი პირისთვის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისთვის წინასწარ იყო ცნობილი სხდომის თარიღისა და საათის შესახებ, ანგელა ვასილენკო, ისევე როგორც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, არ გამოცხადდნენ დღევანდელ სხდომაზე. უფრო მეტიც, მოწმემ დატოვა საქართველო და გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საგამოძიებო ორგანოები ვერ ახერხებენ ანგელა ვასილენკოსგან ინფორმაციის მიღებას. დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში მოწმისთვის ცნობილია, რომ გამოძიებას აქვს კითხვები მასთან. ის არაერთხელ დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში და ყველა შემთხვევაში არასაპატიო მიზეზით თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. ამ ყველაფრის გაგრძელება იყო დღევანდელი სხდომაც, რადგან ანგელა ვასილენკო არ გამოცხადდა სასამართლოში მოწმის სახით გამოსაკითხად. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა სასამართლოს კურიერი, სასამართლოში მოწმის სახით დაბარებასთან დაკავშირებით, რომელმაც შესაბამისი ოქმი შეადგინა ანგელა ვასილენკოსთან გასაუბრების შესახებ. მათ შორის შედგა სიტყვიერი კომუნიკაცია და ვასილენკო ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ დღეს უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში”, – განაცხადა გულუაშვილმა.

 

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა. ბურჭულაძის მეუღლემ პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე უარი, საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.

 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის 1 მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა.

 

შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ფონდ „იავნანას“ შემოწირულობების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ. ცნობილი გახდა, რომ ფონდიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლის ხელფასის, სასტუმროების დაქირავებისა და ავიაბილეთებისთვის რამდენიმე ასეული ათასი ლარი იხარჯებოდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner