საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური for.ge-სთან საქართველოს NATO-ში შესვლაზე საუბრობს. მეჭიაურის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებით საქართველოს NATO არ მიიღებს, რადგან ეს მათთვის ზედმეტი თავსატეხი იქნება.
„NATO-ში ქვეყნის ინტეგრაცია მინდა, მაგრამ არარეალურია. ვერც ხელისუფლებისგან და ვერც ოპოზიციისგან იმის მტკიცებულება ვერ მოვისმინე, NATO-ში იმ პირობებში როგორ შევდივართ, როცა ამერიკა და NATO-ს ხელმძღვანელობა ცალსახად ადასტურებენ, რომ უახლოეს მომავალში, NATO-ს გაფართოება არ იგეგმება და საქართველოსა და უკრაინის მიღებაც არ მოხდება, რადგან ორივე ქვეყანა რუსეთთან დაპირისპირებაში იმყოფება და მოსკოვს მათი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ალიანსში ჩვენი მიღება NATO-ს წევრ ქვეყნებს პრობლემას უქმნის, რადგან მათ ჩვენთან ერთად თავი იმაზე უნდა იტეხონ, ოკუპირებული ტერიტორიები როგორ გაათავისუფლონ. როცა მათ თავიანთი პრობლემები ჰყოფნით, არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე უახლოეს მომავალში იფიქრონ. NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პლებისციტზე აპელირებენ, რომელიც 2008 წელს ჩატარდა. საკითხავია, თავის დროზე, პლებისციტი რამდენად სამართლიანად ჩატარდა. ცალკე თემაა ის, 2008 წლის არჩევნების შედეგი გაყალბებული რატომ იყო და პლებისციტი - არა. თუკი გვინდა, რომ პლებისციტის შედეგებს ამოვეფაროთ, მაშინ ახალი უნდა ჩავატაროთ, სადაც მოსახლეობას ვკითხავთ, სურთ თუ არა, საქართველო NATO-ში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე შევიდეს. ხელისუფლებამ ხალხის ნება უნდა აღასრულოს და ის განცხადებები არ უნდა აკეთოს, რაც მათი ხელისუფლებაში დარჩენისთვის მომგებიანია და რასაც მათ გარედან ეუბნებიან", - ამბობს თამაზ მეჭიაური.